საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ გამოხმაურებებს პასუხობს, რომლებიც მისი უმცროსი ქალიშვილის, ელის-მარია სააკაშვილის მიერ დედის, სოფო ნიჟარაძის საბანკო ანგარიშის გამოყენებას მოჰყვა.
"ალისას მიერ სოფოს საბანკო ანგარიშის "დაყაჩაღების“ შესახებ პოსტზე ზოგიერთს ასეთი რეაქცია ჰქონდა - სოფოს საბანკო ანგარიშზე თანხა ჰქონია და იმათ რა ქნან, ვისაც არ აქვსო.
მინდა, სრული გამჭვირვალობა დავამკვიდრო. სოფო არის მომღერლების "შავ სიაში“ შეყვანილი და მას არ აქვს არანაირი შემოსავალი. მისი საბანკო ანგარიში ძირითადად ივსება ალისას მუშაობით, რომელსაც იღებენ რეკლამებში - ალბათ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროდუქციის რეკლამა - და ფულს სოფოს ურიცხავენ. ასე რომ, ალისამ სოფოს ფული კი არა, სინამდვილეში საკუთარი გამომუშავებული თანხა დახარჯა.
ნუ, გიულიც, თავის მხრივ, ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებენ კარგი ხალხი. უფრო მეტიც, მეორე, კონკურენტმა კერძო სკოლამ ხელფასიც კი შესთავაზა, თუ ალისა მათთან გადავიდოდა. მე არ ვამაყობ იმით, რომ ვერ ვეხმარები, მაგრამ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას აკეთებს და, რაც მთავარია, მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს, თან ამას აკეთებს დიდი გატაცებით," - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ელის-მარია სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალი სოფო ნიჟარაძის ქალიშვილია, რომელიც 2020 წლის 2 ივნისს აშშ-ში დაიბადა. სოფო ნიჟარაძე გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ სიახლის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა და ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელშიც მხოლოდ დაფარული სახით აქვეყნებდა.
მოგვიანებით, როცა სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მომღერლის ცხოვრებაში მომხდარი ამ დიდი სიახლის შესახებ ფართო საზოგადოებამაც გაიგო. 2021 წლის დეკემბერში კი, საახალწლო კონცერტზე, სოფო პირველად გამოჩნდა საჯაროდ, სადაც დედა-შვილმა სიმღერა შეასრულა.
მას შემდეგ ელის-მარია სააკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოპულარული ბავშვია, მის ვიდეოებს სოფო ნიჟარაძე ხშირად აქვეყნებს საკუთარ გვერდზე.

"უკვე ალისას დედად უფრო მიცნობენ, ვიდრე სოფო ნიჟარაძედ. ალისას ვიდეოებს უფრო უყურებენ. არასდროს ვეუბნები, რა და როგორ თქვას ან გააკეთოს, თვითონ ფიქრობს და კონტენტსაც თვითონ დებს. 6 წლის ხდება და დიდი ადამიანივით ველაპარაკები. ძალიან კარგად იცის ინგლისური, რუსულიც და ახლა ფრანგულის სწავლა უნდა“, - ამბობდა სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავად ელის-მარიას 6 წლის ასაკში უკვე დიდი გეგმები აქვს - სურს, სწავლა აშშ-ში გააგრძელოს, ისევე, როგორც მისმა მამამ, ერთი განსხვავებით - მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ელის-მარია სააკაშვილს კი სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში სურს.
სოფო ცდილობს იყოს დედა, რომელიც ზრდის არამარტო ბედნიერ ბავშვს, არამედ დამოუკიდებელ და ღირებულებებზე დამყარებულ პიროვნებას. ის ელის-მარიას უყალიბებს წიგნების, მუსიკისა და შემოქმედების სიყვარულს, დროდადრო კი კადრებს ყოველდღიურობიდან გამომწერებსაც უზიარებს.