ამალ კლუნიმ ვენეციის კინოფესტივალის დატოვებისას კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის სტილში ელეგანტურობა და მოდური თავისუფლება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

როგორ გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე?
თუ წითელ ხალიჩაზე ამალი გლამურული კაბებით, ბრჭყვიალა დეტალებითა და ვინტაჟური ჰოლივუდის ელეგანტურობით გვხიბლავდა, იტალიაში გატარებული ზაფხულის ყოველდღიურ ლუქებში მისი სტილი გაცილებით უფრო თავისუფალი და ბოჰო-ინსპირირებული იყო. Vogue-ის შეფასებით, სწორედ ეს მიმართულება გახდა მისი ევროპული ზაფხულის სტილის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.
ვენეციიდან გამგზავრებისას 48 წლის იურისტმა და უფლებადამცველმა მარტივი შავი ტოპი Elie Saab-ის გველის პრინტის აბრეშუმის გრძელ ქვედაბოლოს შეუხამა. ქვედაბოლოს მაღალი ჭრილი ჰქონდა, ხოლო წელი დაბლა ჩამოშვებული ყავისფერი ქამრით იყო გამოკვეთილი.
ლუქს ამალმა პლატფორმის ტიპის მასიური სანდლები, Cartier-ის სამაჯურები და Chloé-ს ღია ყავისფერი ჩანთა დაუმატა. მისთვის დამახასიათებელი დიდი ზომის სათვალე და გვერდზე გადაწეული ვარცხნილობა კი ჩაცმულობას კიდევ უფრო დახვეწილ იერს სძენდა.
ამალის გვერდით ჯორჯ კლუნიც გამოჩნდა. მსახიობს მუქი ლურჯი პოლო, კრემისფერი შარვალი, ბეჟი მოკასინები ეცვა. წყვილი ვენეციის ქუჩებში ხელჩაკიდებული გადაადგილდებოდა და მათი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან ჰარმონიული სტილი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.

ვენეციის კინოფესტივალზე ამალმა არაერთი გამორჩეული ლუქი მოირგო. გახსნის ცერემონიაზე მან Tom Ford-ის შავი, სხეულზე მორგებული კაბა აირჩია, რომელიც Haider Ackermann-ის დიზაინით იყო შექმნილი. მოგვიანებით კი Caroline’s Couture-ის ცისფერი მინი-კაბითა და Stella McCartney-ის ჟოლოსფერი პრინტის კაბით გამოჩნდა.

ფესტივალზე ამალი მეუღლეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტებში გვერდით ედგა - ჯორჯ კლუნიმ „ოქროს ლომი“ მიიღო კინოში მიღწეული კარიერისთვის, ხოლო ამალმა ასევე მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კრეატიულობის მომავალს ეხებოდა.
ამალის გარდერობი კვლავ გვთავაზობს საინტერესო მოდურ იდეებს. წითელი ხალიჩის გლამურიდან თავისუფალ ბოჰო-სტილამდე - კლუნი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განსხვავებული ესთეტიკის ერთმანეთთან შერწყმა ნამდვილად მისი ძლიერი მხარეა.