ვინ არის Izzi Poopi - გოგო, რომელმაც უცნაური ლუქებით მოდის სამყაროში საკუთარი წესები შექმნა - Marao

ვინ არის Izzi Poopi - გოგო, რომელმაც უცნაური ლუქებით მოდის სამყაროში საკუთარი წესები შექმნა

2026-09-09 14:11:40+04:00

თუ მისი ლუქები ერთხელ მაინც შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში, დიდი ალბათობით გაგიფიქრიათ - „ამას მართლა ჩაიცვამს?“ პასუხი მარტივია: დიახ, ჩაიცვამს. და სწორედ ეს არის Izzi Poopi-ს მთავარი ხიბლი.

მისი ნამდვილი სახელია Isabelle Allain, თუმცა ინტერნეტში ის გაცილებით კარგად ცნობილია, როგორც @izzipoopi. მონრეალიდან ნიუ-იორკამდე - ახალგაზრდა ფეშენ-კრეატორმა საკუთარი, საკმაოდ უცნაური და თამამი სტილით სოციალური ქსელები დაიპყრო და დღეს უკვე მოდის კვირეულების პირველ რიგებში, ცნობილი ბრენდების ღონისძიებებსა და ყველაზე გავლენიანი fashion-მედიის გვერდებზე ხშირად ჩნდება.

izzi-poopi

  • 80-იანების რეტრო-აფეთქება: რატომ გადავიდა ქართული სოციალური ქსელი გასულ საუკუნეში? 

ვინ არის გოგო უცნაური ლუქების უკან?

Izzi Allain 26 წლის მონრეალელი fashion-content creator-ია, რომელიც დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რასაც ბევრი ინფლუენსერი ერიდება - მას არ ეშინია სასაცილოდ, უცნაურად ან ზედმეტად თამამად ჩაცმის.

მის გარდერობში შეხვდებით ლატექსის კაბებს, ხისგან შექმნილ უცნაურ კორსეტებს, არასტანდარტულ ფეხსაცმელს, უზარმაზარ აქსესუარებს და ისეთ კომბინაციებს, რომელთა წარმოდგენაც კი ჩვეულებრივ გარდერობში რთულია.

მაგრამ სწორედ აქ არის მისი მთავარი საიდუმლოც - Izzi მოდას ზედმეტად სერიოზულად არ უყურებს.

მისთვის ტანსაცმელი ექსპერიმენტია, თამაში და ზოგჯერ უბრალოდ კარგი ხუმრობაც.

მისი ვიდეოები მილიონებს იზიდავს

Izzi-ს პოპულარობა განსაკუთრებით TikTok-მა გაზარდა. მისი ვიდეოები ხშირად აერთიანებს მოდის ჩვენებებს, ძვირადღირებული ნივთების unboxing-ს, უცნაური დიზაინერული ტანსაცმლის მოსინჯვასა და ყოველდღიურ, საკმაოდ იუმორისტულ მომენტებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ის საკუთარ მიზანს ასე აღწერდა - ლუქსის სამყაროში მეტი „relatable“ ელემენტის შეტანა. სწორედ ამან აქცია ის იმ ტიპის ინფლუენსერად, რომელიც ძვირადღირებულ მოდას ადამიანებისთვის უფრო სახალისოსა და ახლობელს ხდის.

მისი აუდიტორია კი ნამდვილად შთამბეჭდავია - 2024 წელს მის პლატფორმებზე უკვე 2 მილიონზე მეტი გამომწერი იყო, Instagram-ზე კი დღეს დაახლოებით 817 ათასი ადამიანი ადევნებს თვალს.

izzi-poopi

Dior, Loewe, Prada

Izzi-ს კარიერა მხოლოდ სოციალური ქსელებით აღარ შემოიფარგლება.

ის თანამშრომლობდა ისეთ მოდის გიგანტებთან, როგორებიცაა Loewe, Prada და Miu Miu, ხოლო მოდის კვირეულებზე მისი გამოჩენა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. 2025 წელს ის Calvin Klein-ის შოუსაც დაესწრო, ხოლო Dior-ის Cruise 2026 კოლექციის ჩვენებაზე რომში ბრენდის სპეციალური სტუმარი იყო.

ანუ გოგო, რომელიც რამდენიმე წლის წინ კამერასთან უცნაურ ტანსაცმელს სინჯავდა, დღეს უკვე იმავე სივრცეში აღმოჩნდა, სადაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერები და fashion-ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან.

სილამაზე მისთვის ყოველთვის საკმარისი არ არის

Izzi Poopi-ს სტილის მთავარი სიტყვა ალბათ ექსპერიმენტია.

მას შეუძლია ერთი შეხედვით სრულიად უბრალო ჯინსი აიღოს და მასთან ისეთი ფეხსაცმელი, ჩანთა ან სათვალე შეუხამოს, რომ საბოლოოდ მთელი ლუქის მთავარი გმირი სწორედ ეს ერთი დეტალი გახდეს.

მისი სტილი ხშირად მაქსიმალისტურია - ბევრი ფერი, პრინტი, უცნაური ფორმა და აქსესუარი. თავადაც წლების წინ ამბობდა, რომ მინიმალიზმზე მეტად მაქსიმალიზმი იზიდავს და „მეტი ფერი, მეტი პრინტი და მეტი აქსესუარი“ მისი არჩევანია.

izzi-poopi

TikTok-ის ვარსკვლავიდან fashion tastemaker-მდე

Izzi-ს წარმატება იმდენად გაიზარდა, რომ 2026 წელს ის TikTok-ის Discover List-ში მოხვდა, სადაც მას fashion tastemaker-ად - ანუ მოდის მიმართულების ერთ-ერთ გავლენიან ციფრულ ფიგურად მოიხსენიებენ.

და ალბათ სწორედ ეს არის მისი ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი: Izzi Poopi მოდას არ მიჰყვება , ცდილობს, თავად გახდეს ის ადამიანი, ვინც სხვებს ახალ იდეებს აძლევს.

მისი ლუქები შეიძლება ყველასთვის არ იყოს. ზოგს მოეწონება, ზოგს გაეცინება, ზოგიც იტყვის, რომ „ასეთი რამ ქუჩაში როგორ უნდა ჩაიცვა?“, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მისი ჩაცმულობა გულგრილს იშვიათად ტოვებს.

და თანამედროვე მოდის სამყაროში, სადაც ყველა ცდილობს ერთმანეთის მსგავსი იყოს, ალბათ სწორედ ეს არის Izzi Poopi-ს ყველაზე დიდი უპირატესობა, ის არ ცდილობს, ყველას მოეწონოს.