"300-400 ლარიანი ზურგჩანთები შემოვიდა მოდაში და გამწარებულები ეძებენ დედები ჯგუფებში" - რას წერს ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი - Marao

"300-400 ლარიანი ზურგჩანთები შემოვიდა მოდაში და გამწარებულები ეძებენ დედები ჯგუფებში" - რას წერს ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი

2026-09-09 14:40:39+04:00

საქართველოს საჯარო სკოლებში I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების დანერგვამ საზოგადოებაში ცხარე დისკუსია გამოიწვია. გადაწყვეტილებას, რომლის მიზანიც სოციალური უთანასწორობის ვიზუალური ზღვრის წაშლა, სკოლებში წესრიგისა და კუთვნილების განცდის გაძლიერებაა, საზოგადოების ნაწილი დადებითად შეხვდა. მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ერთიანი სტანდარტი ამცირებს ბულინგის რისკებს და მშობლებს ყოველდღიური ტანსაცმლის შერჩევის სტრესს არიდებს.

  • სკოლის ფორმის ისტორია: როგორ იცვლებოდა მოსწავლეების ჩაცმის სტილი სხვადასხვა ქვეყანაში

მეორე მხრივ, ინიციატივამ უკმაყოფილებაც გამოიწვია. კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას ბავშვთა თვითგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ფორმების ხარისხსა და დამატებით ფინანსურ ტვირთზე. რამდენად პასუხობს სავალდებულო ფორმების დაწესება თანამედროვე განათლების გამოწვევებს, სად გადის ზღვარი წესრიგსა და ინდივიდუალიზმს შორის და რა გავლენას ახდენს ეს ცვლილება მოსწავლეებსა და მშობლებზე?

ამის შესახებ წერს ფსიქოლოგთა და განათლების სპეციალისტთა ნაწილიც. მათ შორის არის განათლების ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მხოლოდ ვიზუალური გათანაბრება რეალურ სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობას ვერ აღმოფხვრის. იგი სოციალურ ქსელში წერს:

"ცუდი ამბავი მაქვს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ღირებულებებზე გამუდმებული მუშაობის ნაცვლად უსახური ფორმებით განუვითარებენ ბავშვებს თანასწორობის განცდას. 300-400 ლარიანი ზურგჩანთები შემოვიდა მოდაში და გამწარებულები ეძებენ დედები ჯგუფებში, რომ იქნებ 250 ლარად მაინც ნახონ. აბა, გამოიცანით, იმ ბავშვების მდგომარეობა, ვისაც ეს ჩანთები მოუნდებათ და ვერ ექნებათ. აბა, რა ვქნათ, იქნებ "პაპკებიც" ჩამოგეტანათ ჩინეთიდან?"

skola

სავალდებულო სასკოლო ფორმები საქართველოში

სასკოლო ფორმების შემოღება „ქართული ოცნების“ მთავრობის „განათლების რეფორმის“ ნაწილია. სამინისტრომ, ჯამში, უკვე 1 801 000 ფორმა შეუკვეთა. მათი ჯამური ფასი 45 658 840 ლარია. შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ I-VI კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  • ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

წაიკითხეთ სრულად