„ყოველთვის ჩემი ჩემპიონი, შეუძლებელია არ ვიამაყო" : ქართველ ვარსკვლავს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა - Marao

„ყოველთვის ჩემი ჩემპიონი, შეუძლებელია არ ვიამაყო" : ქართველ ვარსკვლავს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა

2026-09-10 10:11:50+04:00

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის სადებიუტო შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე პარიზელთა ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის კუთვნილი ჯილდო საზეიმო ვითარებაში გადასცეს. სიმბოლურია, რომ აღნიშნული პრიზი ქართველ თავდამსხმელს ფეხბურთის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ გადასცა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ამჯერად ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და არც სათადარიგო სკამიდან ჩაურთავს თამაშში

მატჩს „პარკ დე პრენსის“ ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს ხვიჩას მეუღლე, ნიცა თავაძეც, რომელმაც ემოციები სოციალურ ქსელში გააზიარა:

„ყოველთვის ჩემი ჩემპიონი, შეუძლებელია არ ვიამაყო“, - დაწერა ნიცამ.

kvara

  • „ოქროსგულა და ოქროსფეხება ბიჭი“ - დამიანე კვარაცხელიას ვიდეოს ბებია გვიზიარებს 

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

  • ქორწილი, რომელმაც Vogue-ის გარეკანი დაიპყრო: პარიზული სიყვარულის ისტორია და გრანდიოზული, სამდღიანი ზეიმი მე-12 საუკუნის მონასტერში 

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.