„ელეგანტურობა სხეულის მოძრაობაა, დამოკიდებულებაა, აზროვნების წესია“ - სწორედ ამ ფილოსოფიით იხსნება ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, მონიკა ბელუჩის ინტერვიუ ჟურნალ ELLE-ს სექტემბრის ნომერში.
მსახიობი საუბრობს იმაზე, რომ ნამდვილი სილამაზე და ელეგანტურობა გარეგნულ მონაცემებზე ბევრად ღრმა ცნებაა. მისი თქმით, ეს არის შინაგანი მდგომარეობა, თვითმიღება და ის, თუ როგორ აღიქვამს ქალი საკუთარ თავსა და სამყაროს. ბელუჩი გულახდილად ეხება ასაკის მატების თემასაც და აღნიშნავს, რომ წლების მატებასთან ერთად ქალი არ კარგავს მიმზიდველობას, არამედ იძენს ახალ, უფრო ღრმა შინაარსსა და თავდაჯერებულობას.
გარეკანის ფოტოსესიისთვის მონიკამ საკმაოდ უბრალო, თუმცა დახვეწილი იმიჯი მოირგო: Fendi-ს ჯინსი და პერანგი, რომელსაც Cartier-ს ძვირფასი საათი ავსებს. ფოტოგრაფ ბრანისლავ სიმონჩიკის კადრებში მსახიობი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის მთავარ სათქმელს — ნამდვილი ფუფუნება სიმარტივესა და ბუნებრიობაშია.

მონიკა ბელუჩი
მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს, იტალიის პატარა ქალაქში — ჩიტა-დი-კასტელოში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში იურიდიულით იყო გატაცებული, მალე მიხვდა, რომ მისი ადგილი სცენაზე იყო.
16 წლის ასაკში მილანში გადავიდა და იქ დაიწყო მოდელობა. მალევე შეამჩნიეს და მისი სახელი წამყვანი მოდის სახლების – Dolce & Gabbana, Dior, Cartier – კამპანიებში გამოჩნდა. ბელუჩი სწრაფად გახდა ევროპული სილამაზის სიმბოლო.
90-იანი წლების დასაწყისში ბელუჩიმ მოდის სამყაროსთან ერთად კინოში გადაინაცვლა. მისი სადებიუტო როლები ძირითადად იტალიურ და ფრანგულ ფილმებში იყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება 1996 წელს, ფილმით L’Appartement მოიპოვა, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა და ფრანგული „ოსკარის“, სეზარის ნომინაციაც დაიმსახურა.
შემდეგ მოჰყვა ფილმები:
- Malèna (2000) - ფილმი, სადაც ის იტალიური სოფლის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალად გვევლინება. როლი, რომელმაც ბელუჩის ღრმა ემოციური დიაპაზონი წარმოაჩინა.
- Irréversible (2002) - თამამი, რთული და ფსიქოლოგიურად დამანგრეველი ნამუშევარი, რომელიც დიდხანს დარჩა მაყურებლის მეხსიერებაში.
- The Matrix Reloaded და Revolutions (2003) პერსეფონის როლით ის მსოფლიო ბლოკბასტერის ნაწილი გახდა.
- The Passion of the Christ (2004) მარიამ მაგდალინელის როლი მელ გიბსონის ბიბლიურ დრამაში.
მონიკა ბელუჩი 1990-იან წლებში დაქორწინდა ფოტოგრაფ კლაუდიო ბასოზე, თუმცა ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით მისი ცხოვრების სიყვარულად ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი იქცა, რომელთან ერთად 14 წელი იცხოვრა. წყვილს ორი ქალიშვილი, დევა და ლეონი ჰყავს. 2013 წელს წყვილი დაშორდა, თუმცა ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას.