ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, მედეა ჩახავა, მაყურებლის მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება თავისი დახვეწილი ოსტატობითა და განუმეორებელი არტისტული შარმით. თუმცა, შვილებისთვის ის, პირველ რიგში, უსაზღვროდ თბილი, ორიგინალური და საყვარელი დედა იყო. გადაცემა „დროებაში“ სტუმრობისას, მისმა ქალიშვილმა, მაკა მახარაძემ, საზოგადოებას დედის პიროვნების სრულიად ახალი, ოჯახური დეტალები გაუზიარა.
"დედა მართლაც საოცარი ქალი იყო, აი, მართლაც საოცარი. მამაც საოცარი იყო, მაგრამ სხვა მიმართულებით.
იცით, როგორ იყო? დედის სითბო და სიყვარული არასდროს მოგვკლებია. თითის დაქნევაც იცოდა და ასე, მსუბუქად დაგვარტყამდა ხოლმე ხელზე. ამის იქით რაიმე ფიზიკური შეხება არ ყოფილა...
არაჩვეულებრივი მზარეული იყო! მე მგონი, სამსახიობო წრეში ასეთი არავინ არის. ბოდიში, შეიძლება არის კიდეც ვინმე და უბრალოდ მე არ ვიცი. სულ სხვანაირი ქალი იყო.
აი, ისეთი რაღაცები იცოდა... ძალიან ეზარებოდა თმის შეღებვა. შავი თმა ჰქონდა, მოგეხსენებათ, და ერთ კვირაში თუ რვა დღეში უკვე ჭაღარა უჩნდებოდა. რაც ხელში მოხვდებოდა, აიღებდა, ჩალმასავით გაიკეთებდა და წავიდოდა სადღაც. „დედა, კარგი რა, ეს რა მაისური შემოიცვი...“ წავიდოდა და მერე ნატო მეტყოდა ხოლმე, უკვე მოზრდილი: - „ასეც რომ დაიხუროს თავს, მაინც ყველაზე ლამაზი იქნება.“
მოკლედ, ჩემი მშობლების საიდუმლოებები გავყიდე, ასე გამოდის," - ამბობს მაკა მახარაძე.
რუსული ენის პედაგოგს, მარო გაწერელიასა და კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ ვასო ჩახავას ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. 1921 წლის 17 მაისს აბაშაში ქვეყანას მოევლინა მედეა ჩახავა. როგორც ამბობენ, პატარა მედიკოს ცეკვა უყვარდა თავდავიწყებით.14 წლის იყო, მამა ლენინგრადში რომ მიავლინეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, იქაც დადიოდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში...
1936 წელს ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. პირველ სკოლაში მიყვანილ მედიკოს ჰკითხეს, რა იციო, ცეკვა ვიციო - უპასუხია მას. გაეცინათ, აბა იცეკვეო. იცეკვა და აღაფრთოვანა ყველა. მერე ჯანო ბაგრატიონის სტუდიაშიც ცეკვავდა, ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილსაც მოეწონათ თვალებხატულა მედეა, მაგრამ მედეას ცეკვისთვის აღარ ეცალა, სკოლას ამთავრებდა და, რაკი თეატრალური ინსტიტუტი ჯერაც არ არსებობდა, უნივერსიტეტში შევიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის განხრით.
მედეამ და მამამისმა თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურეს, მაგრამ დაგვიანებით - მისაღები გამოცდები უკვე ჩავლილი იყო. აკაკი ხორავამ და აკაკი ფაღავამ, როგორც ვასო ჩახავას ბავშვობის მეგობრებმა, გამონაკლისი დაუშვეს - საგანგებო კომისია მოიწვიეს. შავთვალა, ნაწნავებიანმა მედეამ იროდიონ ევდოშვილის "განკიცხულის" წაკითხვა რომ დაიწყო, კომისიას ხარხარი აუტყდა. მედეას ეწყინა, აღელდა და ტექსტი დაავიწყდა. მერე ისევ შემართებით შესძახა სიტყვები "განკიცხულიდან: "მე ვარ მეძავი"... ისევ ხარხარი ატყდა... მედეა ატირდა. სიტუაცია აკაკი ვასაძემ განმუხტა. ემოციური გოგონა ჩანს, იანვრამდე თავისუფალ მსმენელად დავსვათ და ვნახოთ, რას იზამს, უნივერსიტეტს ჯერ თავს ნუ დაანებებსო.
ჯგუფის პედაგოგის, გიორგი ტოვსტონოგოვის ვერდიქტით კი, იანვარში მედეამ უნივერსიტეტს თავი დაანება... ინსტიტუტში ომის მძიმე წლებში უწევდა სწავლა, ოჯახს რომ დახმარებოდა, ქუდებს ქსოვდა... მაგრამ მაინც1943 ბედნიერი წელი იყო მედეა ჩახავას ცხოვრებაში, სწორედ ამ წელს, სწორედ მედეას დაბადების დღეზე, ინსტიტუტს მოსკოვიდან ევაკუირებული ნემიოროვიჩ-დანჩენკო, კაჩალოვი, კნიპერ-ჩეხოვა და სხვები ეწვივნენ, ნახეს ტოვსტონოგოვის დადგმული სტუდენტური სპექტაკლი. "ეს გოგონა პირდაპირ სასწაულია, გაუფრთხილდით მას", - თქვა კაჩალოვმა მედეა ჩახავაზე. იმ დღეს მედეას არანაკლები სიხარული ელოდა - ომიდან დაბრუნდა მამა, რომელიც ყველას დაღუპული ეგონა... სწორედ 1943 წელს მიიღეს რუსთაველის თეატრში და სწორედ იმ წელს შეეძინა თემურ ჩხეიძე.
ნოდარ ჩხეიძეს და მედეა ჩახავას ერთმანეთი ინსტიტუტში შეუყვარდათ: "ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. შევედი თუ არა ინსტიტუტში, თვალი დამასო. ის ჩვენზე უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან გადმოვიდა, გოგონების დიდ ყურადღებას იმსახურებდა, მეც მომწონდა... კარგად კითხულობდა ლექსებს. სახალხო პოეტის, გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი იყო. ბობოქარი და ბოჰემური პიროვნება იყო და მეც მსიამოვნებდა, პოეტის ვაჟს რომ მოვწონდი. ისიც შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა... მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია..."

ისინი მალე დაშორდნენ ერთმანეთს. ვიდრე ნოდარ ჩხეიძეს გაშორდებოდა, ლამის რუსთაველის თეატრსაც გაშორდა გულნატკენი და დამარცხებული. პირველმა როლმა ვერ მოუტანა წარმატება - მღელვარებისგან ათრთოლებული მედეას ხმა დარბაზის ბოლომდე ვერც აღწევდა, მაგრამ დოდო ალექსიძემ იცოდა, რა პოტენციალიც ჰქონდა მედეას და, ამ მარცხის მიუხედავად, მთავარი როლი არგუნა "ღრმა ფესვებში". მედეამ მთელი ძალით იფეთქა სცენაზე. მალე ახალი სიყვარულიც ეწვია - კოტე მახარაძე.
კოტეს დედას, ვარიას ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდა. ვარია ბიბლიოთეკარი იყო და ერთხელაც, როცა მედეამ ბიბლიოთეკის წიგნი დაკარგა, გვარიანად დატუქსა კიდეც მომავალი სარძლო. მედეამ იხტიბარი არ გაიტეხა - რად გინდოდათ ის წიგნი, მაინც არაფრად ვარგოდაო, მე უკეთესს მოგიტანთ, მამაჩემი სულ კითხულობსო. მიუტანა - მამამისის სამაგიდო წიგნი "გინეკოლოგია".
გამოხდა ხანი და მედეა ბიბლიოთეკარის დონჟუანი ვაჟის მეუღლე გახდა. ქვეყანას მოევლინნენ მაკა მახარაძე და ივიკო მახარაძე. მედეა აპროტესტებდა კოტე მახარაძისთვის მიკერებულ "დონ ჟუანის" იარლიყს: "დიახ, ხალხი კოტეს ასე იცნობდა, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. დონ ჟუანი ქალებზე ნადირობდა, ეძებდა ქალებს. კოტეს არასოდეს უაქტიურია, პირიქით, ქალები იყვნენ მოხიბლულნი მისით და ისინი აქტიურობდნენ. კოტეც, თავის მხრივ, უარს არ ამბობდა ლამაზ ქალებზე. ჩვენ კონფლიქტი ამაზე არც მოგვდიოდა. მე ჩემი ადგილი ვიცოდი, კოტე შემდეგ თავად მიყვებოდა იმ ისტორიებს და მეც მჯეროდა, რომ ეს მართლა ისე იყო. ეჰ, კოტე იყო ინტელექტით სავსე, განათლებული და მრავალმხრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მოსაუბრე, ორატორი... ხოლო ის, რომ ლამაზ ქალებზე უარს არ ამბობდა, უბრალოდ, ნებისყოფის ამბავია, ზოგი ასეთი შემოთავაზებებით არ ინტერესდება. მაგალითად ივიკო, ჩემი ვაჟი, ის უერთგულესი მეუღლეა..."