ქართული კინოს ისტორიას ბევრი ისეთი სახე ახსოვს, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლის გული დაიპყრო, თუმცა კინოკარიერა მოულოდნელად, პიკზე შეწყვიტა. ხათუნა კორტიკაძე სწორედ ასეთი მსახიობია - „მხიარული რომანისა” და „მოიტაცეს თამარ ქალის” ვარსკვლავი, რომლის სილამაზესა და არტისტულობაზეც მთელი თაობები საუბრობდნენ. წლების განმავლობაში მის ეკრანიდან გაუჩინარებას ათასგვარი ჭორი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე პოპულარული ვერსია მისი მეუღლის, „დინამოს“ ლეგენდარული მეკარის, დავით გოგიას აკრძალვას უკავშირდებოდა. მართლაც გახდა თუ არა ოჯახური ცხოვრება კარიერაზე უარის თქმის მიზეზი? სარბიელის ექსკლუზიურ ინტერვიუში თავად დავით გოგია წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებსა და მითებს პასუხობს.

" მხიარული რომანი”, “მოიტაცეს თამარ ქალი”, “მეთექვსმეტე გაზაფხული”, სატელევიზო ფილმი - ეს არის ხათუნას შესრულებული როლები. ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი მისი სამსახიობო კარიერის, ეს არ არის სიმართლე. ხათუნა ჰოროსკოპით იყო ლომი, თან გურული ქალი, არასოდეს არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა...
საჯაროობა არ უყვარდა. რომ მოდიოდნენ ჟურნალისტები, უარს ამბობდა. "მხიარული რომანი" რომ გადაიღეს, სანამ გამოვიდოდა ეკრანზე, ფილმის სანახავად წავედით დედამისი, ხათუნა და მე. იმის შემდეგ ხათუნას ის ფილმი არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში...
ვერ ინატრებს ადამიანი, იმდენი დადებითი თვისებები ჰქონდა ხათუნას, ვერ ჩამოთვლი. თვითონ სულ იძახდა, ჩემი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ვარ ჯიუტიო. ის დაბადებული იყო ოჯახისთვის, იმისთვის, რომ შვილს, შვილიშვილებს მოფერებოდა, მოევლო, ყველას ყველაფერს გაუკეთებდა. სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი იყო. სერგო, ალიოშა (ალიოშა კოტრიკაძე - ხათუნა კოტრიკაძის მამა - ავტ.) და ხათუნა ძალიან გვანან ერთმანეთს...

ვიცნობდი 1967 წლიდან. როცა გორში წავედი სათამაშოდ, იქ მწვრთნელს, ალიოშას დაჰყავდა ბავშვები არდადეგებზე ბანაკში. ხათუნას ძმა ორი წლით უმცროსია მასზე. ეს ბიჭი სულ ჩემთან მორბოდა და თავისუფალი დრო რომ მქონდა, ვყიდულობდი მისთვის ნაყინს... მერე გავიცანი პატარა გოგო. მერე მოხდა ისე, რომ თბილისში გადმომიყვანეს ქუთაისიდან, ვითამაშე 1972 წელს, მთელი წელი, 1973 წელს ალიოშა მოიყვანეს მთავარ მწვრთნელად, მაშინ ხათუნას ფილმი "მხიარული რომანი" გადაღებული იყო და ერთად ვნახეთ კინოსტუდიაში. მაშინ ახალი გამოყვანილი მყავდა მანქანა, ჟიგული 02, ხათუნამ მითხრა, მანქანის ტარებას ვერ მასწავლიო? ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორთაჭალაში ცხოვრობდნენ, მივდიოდი იქ და ვასწავლიდი მანქანის ტარებას. არასდროს მომსვლია აზრად, რომ ამ ბავშვისთვის სხვანაირად შემეხედა. თან ჩემი მთავარი მწვრთნელის გოგოსთვის შემეხედა სხვა თვალით. მაგრამ მოხდა ისე, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი და 1973 წელს მოვიყვანე ცოლად", - ამბობს დავით გოგია.
დავით გოგიამ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ცხოვრობდნენ 90-იან წლებში:
" განსხვავებული სილამაზე ჰქონდა. არაფერი აკლდა.. ყველაფერი გამოსდიოდა. ქსოვა ისწავლა, ქსოვდა იდეალურად, მე რომ მეთქვა, ეს ჭიქა ასე გადასწიე, არ გადაწევდა, თუ მას არ უნდოდა...