„ამ თემაზე არცერთ ინტერვიუში არ მილაპარაკია... თუ გასაჩენია, გაჩნდებაო“ - მაკა ძაგანია ორსულობის მძიმე პერიოდზე - Marao

„ამ თემაზე არცერთ ინტერვიუში არ მილაპარაკია... თუ გასაჩენია, გაჩნდებაო“ - მაკა ძაგანია ორსულობის მძიმე პერიოდზე

2026-09-17 10:11:15+04:00

პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა მაკა ძაგანიამ ლელა მებურიშვილის გადაცემაში სტუმრობისას პირად ცხოვრებასა და ორსულობის უმძიმეს პერიოდზე პირველად ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ამ თემაზე მას არცერთ ინტერვიუში არ ულაპარაკია.

ორსულობის საწყის ეტაპზე მსახიობი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, რის გამოც იძულებული გახდა, სიახლე სამ თვემდე დაემალა.

"ამ თემაზე არცერთ ინტერვიუში არ მილაპარაკია. ტოქსიკოზი არ მქონია, მაგრამ ის პრობლემა იდგა, რომ არ ვიცოდი, შენარჩუნდებოდა თუ არა ნაყოფი - სწორედ ამიტომ არ ვამბობდი სამ თვემდე. ექიმთან რომ მივედი, მითხრა: „რა გითხრა, ახლა ყველაფერი უნდა აგიკრძალო და დაგაწვინო, რომ არ გაინძრეო“.

იმ პერიოდში სერიალის გადაღებებიც მქონდა და სპექტაკლი სპექტაკლზე მომდევდა. სახე წამეშალა, ეს რომ მითხრა: ყველაფერს უნდა შეეშვა და უნდა დაწვეო. მერე მომიტრიალდა და მითხრა: „თუ გასაჩენია, გაჩნდებაო“ და მირჩია, ჩვეულ რეჟიმში გამეგრძელებინა ცხოვრება.

იქიდან გამოვედი და ვფიქრობდი, სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი თუ არა. არავის ვეუბნებოდი, არ ვიმჩნევდი, რომ ორსულად ვიყავი და ვაგრძელებდი ცხოვრებას - რაც იქნება, იქნება-მეთქი. სამი თვის რომ გავხდი, მითხრა, რომ ყველაფერი გადალახული იყო, არანაირი საშიშროება აღარ მემუქრებოდა და შემეძლო, მშვიდად გამეგრძელებინა ცხოვრება.

საავადმყოფოში მუცლის მოშლის სიმპტომებით მივედი" - ამბობს მაკა.

maka-dzgania

  • ამბავი "ჩცდ"-დან საკუთარ მეურნეობამდე: როგორია მაკა ძაგანიასა და მისი მეუღლის ცხოვრება ქალაქიდან შორს 

მაკა ძაგანია

ქართველი მსახიობი მაკა ძაგანია 1980 წლის 20 მაისს დაიბადა. პოპულარობა მოუტანა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნათამაშებმა „თინას“ როლმა. 2014 წელს დატოვა სერიალი, მაგრამ 1 წელიწადში დაბრუნდა. ჰყავს მეუღლე გიგა ცერცვაძე და ორი შვილი.

  • "ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“ - მაკა ძაგანია 

"ნუცა რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი. ახალგაზრდა ასაკის გამო, ცოტათი რთულად მივხვდი, რა იყო ახალი სიცოცხლის დაბადება.რა თქმა უნდა, დედობას მალევე ავუღე ალღო - მივხვდი, დედობისთვის რა იყო საჭირო და რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა... ნუცა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ულამაზესი თმის ფერი ჰქონდა. თან, მსუქანი და "გემრიელი" იყო. ნუცას გამო, ქუჩაში გვაჩერებდნენ... ნელ-ნელა ერთად გაზრდა დავიწყეთ. ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპებიც გვქონდა, რადგან მარტომ გავზარდე. ძნელია, როცა ბავშვს უმამოდ ზრდი. ყოველთვის იმის განცდა გაქვს, რომ მას რაღაც დააკელი, სრულფასოვანი ოჯახი არ აქვს... ეს კომპლექსები სულ მქონდა", - იხსენებს მაკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, მაკა მეორედ გიგაზე დაოჯახდა. მაკა იხსენებს "ძალიან მეშინოდა მეორე ოჯახის შექმნის. როდესაც სტრესული ურთიერთობა გაქვს და ცუდად გახსენდება, გაქვს შიში, რომ იგივე არ განმეორდეს. ჩემზე რვა წლით პატარაა და უარს ვეუბნებოდი. ვეუბნებოდი, რვა წელია ბევრია და შემეშვი-მეთქი“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.