სპორტსმენი, მოცურავე და ევროპის ჩემპიონი წყალში ხტომაში ნანა ნებიერიძე უკვე არაერთი წელია, რაც ქართველებისთვის ნაცნობი და საყვარელი სახეა. გარდა სპორტული მიღწევებისა, ნანამ გულშემატკივრებს თავი არაჩვეულებრივი გარეგნობითაც დაამსახურა - ის ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია და ამტკიცებს, რომ წლები მართლაც მხოლოდ ციფრებია. ეს არამხოლოდ მის ვიზუალში, არამედ მის ცხოვრების სტილშიც აისახება - ნანა მუდმივად ვარჯიშობს, ფიზიკურად აქტიურია და სამოტივაციო ვიდეოებს სხვა ქალებსაც ხშირად უზიარებს. რამდენიმე წლის წინ ის პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა, მან თავი მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა, როცა პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ეპიზოდურ როლში გამოჩნდა. გარდა ამისა, ნანა ნებიერიძემ პოლიტიკურ ასპარეზზეც სცადა ბედი.
ნანა ნებიერიძეს ერთი ქალიშვილი, ნინა ჯაფარიძე ჰყავს. ის ბიზნესმენია და მრავალმხრივი ჰობი აქვს, ჰყავს მცირეწლოვანი ვაჟი, საშა და პოპულარულია სოციალურ ქსელში. ნინამ სწავლა ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელა, თუმცა დედის გავლენით კარგად ცურავს, ასევე გატაცებულია ჩოგბურთით.

ცოტა ხნის წინ ნანა ნებიერიძე გადაცემას იმედის დღე /Imedis Dge სტუმრობდა, სადაც ჩაერთო მისი ქალიშვილი, ნინა ჯაფარიძეც. ნინას დედასთან დაკავშირებით ემოციური სიტყვა ჰქონდა:
ნინა ჯაფარიძე დედის, ნანა ნებიერიძის შესახებ
- ნანა არის ჩემი ნათელი წერტილი ცხოვრებაში. ჩემი საუკეთესო მეგობარია. ნანაზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს. ის არის ერთგული მეგობარი, რომელსაც მოუყვები ყველაფერს, გაუხსნი გულს.
ამერიკაში, ბალტიმორში რომ გადავედი, ცხოვრების ყველაზე დაბალ ეტაპზე ვიყავი და ნანას გარდა არავინ მყავდა. დილას თვალს რომ ვახელდი, ნანას ვურეკავდი. საღამოსაც ნანა მაწყნარებდა, მამშვიდებდა. დამეხმარა ფსიქოლოგის პოვნაში, ამომქაჩა, მომაწვა, გადამატანინა რთული პერიოდი.
ნანა ძალიან მაკლია ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ალბათ ასეა საჭირო. მომავალში აუცილებლად მინდა, რომ ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ჩემს შვილთან, ალექსანდრესთან აქვს აღზრდის საოცარი მეთოდი და ესეც ძალიან დამაკლდა. მე ძირითადად ბებიებთან ვიზრდებოდი და ნანა სულ შეჯიბრებებზე, ჩემპიონატებზე იყო. ჩემთვის იმდენი დრო არ ჰქონდა. მე ცოტა სხვა გზა ავირჩიე, მე ალექსანდრეს მარტო ვზრდი. კარიერასაც, ბიზნესს ასე, პატარა ბავშვივით ვზრდი. ალექსანდრეს გაზრდაში მაკლია ნანა, თუმცა ტელეფონითაც სულ მეხმარება.
ნანა, ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე. მადლობა, სულ ჩემ გვერდით რომ ხარ! მადლობა, რომ მომეცი ეს ცხოვრება, დამაყენე ამ გზაზე. შენ და შენი მხარდაჭერა რომ არა, ამერიკაშიც არ ვიქნებოდი.