ყველასთვის საყვარელი მსახიობი თათული დოლიძე ეკო ფანგანის რუბრიკის „ფილტრის გარეშე“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახის, მეუღლისა და ოჯახურო ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
„როგორც მსახიობი, მომწონდა, მაგრამ ახლოს არ ვურთიერთობდით, არც ვმეგობრობდით. მერე თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი „ქალის ტვირთი“, სადაც ქეთევანის როლს ვთამაშობდი. სწორედ მაშინ გავიცანი ჟანრი უფრო ახლოს.
მერე ნელ-ნელა, რაღაცნაირად... არც ვიცი, როგორ მოხდა. მახსოვს, რომ ეს ამბავი მაინც ჟანრისგან დაიწყო (შეიძლება ვცდები კიდეც, არ ვიცი). დაახლოებით ერთ-წელიწად-ნახევარში დავქორწინდით.
სალომე თავიდანვე ძალიან ჭკვიანი იყო, შენიშვნების მიცემა არც სჭირდებოდა. პირიქით — როცა სულ გასტროლებზე ვიყავით, სალომე უვლიდა გიორგის. მათ შორის ათი წელია განსხვავება. მთლად მეგობარივითაც არ ვიყავი, მე ვიყავი დედა. ვფიქრობ, თავისუფლად გავზარდე და მათ პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ. რაც შეეხება მათ მეუღლეებს, ყველას ძალიან მშვიდად და თბილად ვიღებდი.
ჯერჯერობით ერთი შვილიშვილი გვყავს - სოფო. სოფო ყველას ჰგავს. ძალიან კარგია ბებიობა. მახსოვს, სულ პატარა რომ იყო, დილით კარებს გააღებდა, ამობობღდებოდა საწოლზე და ზურგზე ლოკოკინასავით მომეწებებოდა ხოლმე. დილაობით სულ ველოდი, როდის შემოვიდოდა.
სოფო ახლა 25 წლისაა, ძალიან ჭკვიანია და საინტერესოდ წერს. ერთი წელია, რაც გათხოვდა. თავისი პროფესიით არ მუშაობს, არც სალომე მუშაობს სპეციალობით — მსახიობობა არცერთს არ აურჩევია. სალომემ მითხრა, პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდიო, მაგრამ შენ ისე დააყენე საკითხიო... სალომე უკვე დიდი ხანია დიზაინერია, სოფოც მასთან ერთად მუშაობს — ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს ქმნიან.“

ქართველი მსახიობი თამარ (თათული) დოლიძე დაიბადა 1952 წლის 24 თებერვალს თბილისში. მან 1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1973 წლიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობია.
მის მიერ განსახიერებულ მნიშვნელოვან როლებს შორის აღსანიშნავია ადელა სპექტაკლში „ბერნარდა ალბას სახლი“, გრუშე „კავკასიურ ცარცის წრეში“, ანო სპექტაკლში „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, გონერილი „მეფე ლირში“ და დარეჯანი სპექტაკლში „კაცია-ადამიანი?!“.

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი და საქართველოს სახალხო არტისტი ჟანრი ლოლაშვილი დაიბადა 1942 წლის 22 აპრილს თბილისში. მან 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. 1958–1961 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მხატვარ-მულტიპლიკატორად, ხოლო 1961–1963 წლებში — კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვრად. მისი სამსახიობო კარიერა 1963–1964 წლებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო, 1965 წლიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობია.
რუსთაველის თეატრში მის მიერ განსახიერებულ მნიშვნელოვან როლებს შორისაა გრენგოლი სპექტაკლში „გუშინდელნი“, მწერალი „ყვარყვარეში“, მერკუციო „რომეო და ჯულიეტაში“, მთხრობელი „კავკასიურ ცარცის წრეში“, ავშაროვი „ქალის ტვირთში“, მასხარა „მეფე ლირში“ და ლუარსაბი სპექტაკლში „კაცია-ადამიანი?!“.
ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს უამრავი დაუვიწყარი კინოსახე, მათ შორის თავადი ფილმში „ნუცა“, ედისონი „მოხეტიალე რაინდებში“, მხატვარი „მწვანე მდელოში“, იონა ფილმში „გზა შინისაკენ“, ნაპოლეონი „ბაგრატიონში“, ფოტორეპორტიორი „რამდენიმე ინტერვიუში პირად საკითხებზე“, ხოსე „ფაქიზად საყვარელ დეტექტივში“, მმართველი „გაქცევაში ქვეყნის დასალიერში“, მამა „მიახლოებაში“, ხოსე-გარსია ფილმში „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, ხიუზი „ჩემ ინგლისელ პაპაში“, ძმა ფილმში „ვინ ამიყვანს იალბუზზე“, ილია ილიას ძე „მოგზაურობაში ამხანაგ სტალინისა აფრიკაში“, ყადი „სიბრძნე-სიცრუისა“, მამა „საფეხურებში“, ქურდი „საბედისწერო გასროლაში“ და სხვა.
