„ეს ბედისწერაა, მე კი ბედისწერის ძალიან მჯერა“ - თათული დოლიძის ნაკლებად ცნობილი ინტერვიუ - Marao

„ეს ბედისწერაა, მე კი ბედისწერის ძალიან მჯერა“ - თათული დოლიძის ნაკლებად ცნობილი ინტერვიუ

2026-06-02 16:27:38+04:00

შთამბეჭდავი ნიჭი, დახვეწილი არისტოკრატიზმი და როლები, რომლებმაც ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს - თათული დოლიძე იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გარეშეც თანამედროვე ქართული ხელოვნება წარმოუდგენელია. თუმცა, ხშირად ყველაზე დიდი შემოქმედებითი გზები სრულიად შემთხვევითობით, ან სულაც, ბედისწერის ნებით იწყება. გთავაზობთ თავად მსახიობის გულწრფელ მოგონებას იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ერთმა გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრება და როგორ აღმოჩნდა სცენაზე ადამიანი, რომელიც ბავშვობაში მსახიობობაზე საერთოდ არ ოცნებობდა. ამის შესახებ მან იკა გიორგაძესთან საუბრისას გაიხსენა: 

თათული დოლიძის ინტერვიუ 

„მე თვითონ არ ვიცი, როგორ დაიბადა მსახიობი თათული დოლიძე. არიან მსახიობები, რომლებსაც ბავშვობიდან ჰქონდათ ოცნება და ყოველთვის სურდათ მსახიობობა. მე არასდროს მნდომებია მსახიობობა, არასდროს მიფიქრია ამაზე. ბავშვობაში თუ რამე მიყვარდა, ეს იყო ხატვა და ბალეტი. ხატვასა და ცეკვაზე დავდიოდი, ბალეტზე კი არ მატარებდნენ. ორი წელი დავდიოდი ხატვაზე და მერე დედაჩემმა გამომიყვანა.

როცა სკოლა დავასრულე და უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, ბევრს ვფიქრობდი. მე ისეთ კლასში ვიყავი, სადაც ყველაფერი გაძლიერებულად ისწავლებოდა, ინგლისურიც კი. მოსკოვში, უცხო ენათა ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება, თუმცა იქ ქულები არ მეყო და გარეთ დავრჩი. ამ ამბავს დედაჩემი ძალიან განიცდიდა, მით უმეტეს, რომ ამ დროს ჩემი ყველა მეგობარი ინსტიტუტში მოეწყო.

დედას მეგობარი, ლამარა მექვაბიშვილი, თეატრალური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. იმ წელს გიგა ლორთქიფანიძეს უნდა აეყვანა ჯგუფი. გიგა და დედაჩემიც იცნობდნენ ერთმანეთს და რატომღაც ქალბატონმა ლამარამ ურჩია, რომ თეატრალურში, გიგას ჯგუფში მივსულიყავი. ეს ბედისწერაა, მე კი ბედისწერის ძალიან მჯერა. ამ დრომდე ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მოხდა, რაზეც აქამდე არც კი მიფიქრია. რატომ წავედი, დღემდე არ ვიცი. ამიყვანა გიგამ თავის ჯგუფში“, - ამბობს თათული.

tatuli-dolidze

  • თათული დოლიძის ფოტოარქივი: როგორ იცვლებოდა ქვეყნის ყველაზე ლამაზი მსახიობი წლების მანძილზე და როგორია მისი განვლილი გზა 

თათული დოლიძეს ბიოგრაფია

თათული დოლიძე 1952 წელს დაიბადა თბილისში. ძვირფას მოგონებად შემორჩა ძველი სახლი და ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი მთელი ნათესაობა - ბიძები, მათი შვილები, დედა, მამა და სამი დედმამიშვილი. იმ წლებმა ერთმანეთის სიყვარულში ჩაიარა.

დამამთავრებელ კლასში მოსკოვში წასვლა და უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. გამოცდებზე ქულა დააკლდა და თბილისში დაბრუნდა. ამ მარცხს თათული დიდად არ აუღელვებია, მაგრამ...მისი მეგობრები სტუდენტები გახდნენ და თათულის მომავალზე დედა ძალიან დარდობდა. დედის მეგობარმა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა, თათულის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება შესთავაზა: თუ აღარ მოგინდება, საბუთები უნივერსიტეტში გადაიტანეო.

  • ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს: თათული დოლიძის სიმშვიდის ფორმულა და გზა, რომელიც ბედისწერამ აირჩია 

1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1973 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ადელა („ბერნარდა ალბას სახლი“), გრუშე („კავკასიური ცარცის წრე“), ანო („როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), გონერილი („მეფე ლირი“), დარეჯანი („კაცია ადამიანი“).