„როგორც წესი, თავმდაბლად ვეკიდები კინოში ჩემს მიღწევებს, თუმცა არის ერთი რამ, რისი აღნიშვნაც მთელ მსოფლიოსთან ერთად მიხარია: წლების წინ ამ შესანიშნავი მსახიობის დებიუტი სწორედ ჩემს ფილმში შედგა. თინა დალაქიშვილი!
უზომოდ ვამაყობ, რომ მას შემდეგ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ ნამდვილი პარტნიორებიც გავხდით", - წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მსახიობ თინა დალაქიშვილის შესახებ და სოფო პაპიაშვილის მიერ გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

თინა დალაქიშვილი და მისი კარიერა
მსახიობი თინა დალაქიშვილი საზოგადოებაში პოპულარული განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ანუკის როლის შესრულების შემდეგ გახდა, თუმცა მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს მისი მონაწილეობით სხვადასხვა ქართული ფილმი.
პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩნდა პატარა ეპიზოდური როლით. შემდგომი როლი ფილმ „სეზონში“ შეასრულა. პოპულარობა მოიპოვა ფილმით „გასეირნება ყარაბაღში“, რასაც მოჰყვა ფილმი „სიყვარული აქცენტით“.
ითამაშა სომეხი რეჟისორის ფილმში „ვარსკვლავი“. ბოლო ერთ-ერთი წარმატებული როლი კი ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“, რითიც არაერთ კინოფესტივალზე მოხვდა.
თინა დალაქიშვილი პროფესიით მსახიობი არ გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის დიზაინერია. დაქორწინებულიც გახლდათ, მაგრამ ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა.
17 წლის ასაკიდან დაიწყო ფოტომოდელის კარიერა; გადაღებული იყო სარეკლამო ვიდეორგოლებში. 2010 წლიდან იღებენ კინოში, შესრულებული აქვს როლები ქართულ და რუსულ ფილმებში: "სეზონი" (რეჟისორი - დათო ბორჩხიძე, 2010), სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" (2011), "ვარსკვლავი" (რეჟისორი - ანა მელიქიანი, 2014), "მძევლები" (რეჟისორი - რევაზ გიგინეიშვილი, 2017), "აბიგაილი" (რეჟისორი - ალექსანდრ ბოგუსლავსკი, 2019) და სხვ.
"შემთხვევით მოვხვდი კინოში. და სიმართლე რომ ვთქვა, თინეიჯერობის ასაკში დავიწყე ყურება, მანამდეც, რა თქმა უნდა, ვუყურებდი, მაგრამ ასეთი ინტერესი არ მქონია და თან ვერც ვიგებდი რაღაცებს, შესაბამისად ნაკლებად მაინტერესებდა.
ჩემი დიდი ოცნებაა Michel gondry-სთან მუშაობა. არ მეგონა, ოდესმე თუ შეიძლებოდა ბორის ვიანის ეკრანიზაცია. მაინტერესებს, ამ ადამიანის თავში რა ხდება", - ამბობდა თინა.