ხელოვნება და სიყვარული ხშირად იკვეთება, თუმცა, როდესაც ორი შემოქმედი ადამიანი ერთ ოჯახს ქმნის, მათი ტანდემი სრულიად განსაკუთრებულ ენერგეტიკას იძენს. ქართულ თეატრალურ, კინო თუ მუსიკალურ სივრცეში არსებობენ წყვილები, რომლებმაც წლების განმავლობაში არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ ერთგულებით, ურთიერთპატივისცემითა და მყარი ოჯახებით მაყურებლის უდიდესი სიყვარული დაიმსახურეს.
მათი გაცნობის ისტორიები ხშირად გადასაღებ მოედანს, თეატრალურ სცენას ან საერთო მეგობრების წრეს უკავშირდება. მიუხედავად პროფესიული გამოწვევებისა და საზოგადოების მუდმივი ყურადღებისა, ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ საერთო ინტერესები, მეგობრობა და ღრმა გრძნობა ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრების მთავარი საყრდენია.
მაიკო გელოვანის ადა ნიაზ დიასამიძის ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს - წყვილი, რომელიც ყოველთვის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს, უკვე 25 წელზე მეტია, დაქორწინებულია. მათ ორი შვილი ჰყავთ.
მაიკო გელოვანი მომავალი მეუღლის გაცნობისა და სიყვარულის ამბავს ასე იხსენებდა:
„ნიკო გომელაურთან გავიცანი ნიაზ დიასამიძე. უკვე დაწყებული იყო მისი წარმატებული კარიერა. შორიდან მანამდეც ვიცნობდი - ჩემმა მეგობარმა გამაცნო - ქუჩაში შევხვდით შემთხვევით ერთმანეთს. სერიოზული ურთიერთობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოსთან შევხვდით. მე და ნიკო ერთ სპექტაკლში ვთამაშობდით, ძალიან ვმეგობრობდით.
თავიდან არანაირი გრძნობა არ მქონია ნიაზის მიმართ, მაგრამ რაღაცნაირად ასე მოხდა. წინანდალში წავედით ერთ შეკრებაზე, მერე ბათუმში და ასე დავახლოვდით. ვერ ვლაპარაკობ ამ სიყვარულზე, რთულია სიტყვებით გადმოცემა, როცა ძალიან გიყვარს. დიდი ბედნიერებაა, როცა ცხოვრებაში ასე ძალიან შეუყვარდება ადამიანი, 25 წელია, მე და ნიაზი ერთად ვართ, ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
9 მაისს დავქორწინდით, 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე გაჩნდა თემური, 22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეზე გაჩნდა ანდრია. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა”.
„დათო“ და „მარიკა“ - ამ ეკრანული სახელებით სერიალიდან „შუა ქალაქში“ გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს ბევრი იცნობს. სერიალში ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში კი უკვე მრავალი წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან.
მსახიობების ურთიერთობა 1999 წელს დაიწყო. იმ პერიოდში მაია დობორჯგინიძე სამსახიობოს ამთავრებდა, როდესაც გოგა ახალი სასწავლო კურსის შესწავლას შეუდგა.
მოგვიანებით მომავალმა მსახიობებმა ორ სპექტაკლში ერთად ითამაშეს და აქედან დაიწყო მათი დაახლოება. გოგა იხსენებს, რომ ერთმანეთს შემთხვევით დაუახლოვდნენ, მოეწონათ ერთად ყოფნა და ზრუნვა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა."კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ”, – ამბობდა მაია დობორჯგინიძე.

ქართულ თეატრალურ ხელოვნებას მრავალი გამორჩეული დინასტია ახსოვს, რომელთა შორისაც ნანუკა ლითანიშვილისა და მისი ლეგენდარული ბებიის, სალომე ყანჩელის შემოქმედებითი ხაზი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. სალომე ყანჩელს ხუთი შვილიშვილი ჰყავდა და მათგან ერთადერთი გოგონა სწორედ ნანუკა იყო, რომელმაც ბებიის გზა აირჩია და მისი უდიდესი სურვილი აასრულა, რომ სცენაზე მდგარიყო. ასევე მსახიობი და რეჟისორია ნანუკას მეუღლ, ზურა გეწეაძე, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს.
სწორედ თეატრალურმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა მათი ბედი როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში: მეორე კურსზე ყოფნისას გაიცნეს ერთმანეთი და მალევე იქორწინეს. წყვილს ახლა 4 შვილი ჰყავს.
„ამდენწლიანი თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზეა დაფუძნებული. მე როგორც მიყვარდა ჩემი ქმარი თავიდან, დღემდე ისე მიყვარს და მეტადაც კი. წლები რომ გემატება, ადამიანი შეიძლება, უფრო მეტად დააფასო და აღიქვა, მისი სიყვარული წლებთან ერთად შეიძლება, უფრო მემატებოდეს. არ ვიცი, რას ნიშნავს გრძნობის განელება ან ადამიანთან მიჩვევა. ჩემთვის ის იდეალურია, ამიტომაც ვარ მასთან." - ამბობდა ნანუკა.

კინოს და თეატრის მოყვარულები მსახიობ ნატა მურვანიძეს კარგად იცნობენ - ნატა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი და საამაყო ოჯახიდანაა და, ამასთან, თავადაც არაჩვეულებრივი სამსახიობო გზა განვლო, რომელიც დღემდე გრძელდება და ქარიზმატული, უნიჭიერესი მსახიობი მაყურებლის წინაშე ახალი როლებით თეატრის სცენაზე თუ ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება. კარგად ცნობს მაყურებელი მის მეუღლესაც მსახიობ ნიკა თავაძესაც.
„ჩემი მეუღლე ძალიან ღირსეული ადამიანია. არ სრულდება აღფრთოვანება მისი საქციელებით. ეს კი ურთიერთობას კიდევ უფრო ახანგრძლივებს. მე და ნიკა 7 წელი ვიყავით დაცილებულები, ეს პერიოდი მონტაჟივითაა - თითქოს ამოჭერი და ერთმანეთს მიადგი. ამ შვიდმა წელმა მეც და ნიკუშასაც ძალიან ბევრი რამ გადაგვაფასებინა. მიზეზი, ალბათ, ახალგაზრდული უკომპრომისობა იყო, თან პატარები ვიყავით”, - იხსენებდა ნატა.

ნინო ქორიძე ქართველი მსახიობია, რომელიც ცნობილი მსახიობის, კახა ქორიძის, ფილმ "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის, ქალიშვილია. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა და ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. ნინოს მეუღლე მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანია.
თორნიკემ და ნინომ ერთმანეთი სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" გადაღებებზე გაიცნეს. მათმა ურთიერთობამ თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ხოლო ნინო - 37-ის. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს.
"როცა ჩემს ცხოვრებაში თორნიკე გამოჩნდა, სიყვარულის ან ოჯახის მოლოდინი საერთოდ არ მქონდა. როგორც წესი, ასეთ რაღაცებს ვერ დაგეგმავ. ჩვენი სიყვარული ძალიან სწრაფად განვითარდა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შორის რაღაც აფეთქება მოხდა... გამორიცხულია, სიყვარულს მტერი არ ჰყავდეს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები”, - იხსენებს ნინო.
