პრესლი გერბერი, სინდი კროუფორდის ვაჟი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტის მიერ წარდგენილი ჩანაწერების თანახმად, პრესლი გერბერი, რომელიც მოდელი გახლდათ, კვირას, სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი მითითებული არ ყოფილა.
ელი ჯენკინსმა, კროუფორდისა და მისი ქმრის, რანდე გერბერის წარმომადგენელმა, BBC-ის ამერიკელ პარტნიორ CBS-ს განუცხადა: „ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობას ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ დროს“.

დედისა და უმცროსი დის, კაიას მსგავსად, პრესლი გერბერიც მოდელი იყო. მისი დებიუტი პოდიუმზე იტალიური ბრენდის, Moschino-ს ჩვენებაზე შედგა, როდესაც ის სულ რაღაც 16 წლის იყო. მოგვიანებით ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Burberry, Dolce & Gabbana და Bottega Veneta.
მისმა მამამ, რანდე გერბერმა, ცნობილმა ბიზნესმენმა, ჯორჯ კლუნისთან ერთად ტეკილას ბრენდი Casamigos დააფუძნა.
ბოლო წლებში გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ნარკოტიკების მოხმარებაზე.

2023 წელს მან Studio 22-ის პოდკასტში თქვა: „რადგან ვიბრძოდი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან, დეპრესიასთან და სხვა თანმდევ მოვლენებთან, ვფიქრობ, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ან ას ადამიანს დავეხმარო იმ მდგომარეობიდან გამოსვლაში, რომელშიც ოდესღაც ვიყავი, ეს უკვე საკმარისია ჩემთვის“.
ხოლო ამ თვის American Vogue-ში კაიამ ისაუბრა ძმის დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე. მან თქვა: „როდესაც ასეთი რამ ხდება ოჯახში, ეს ყველას თანაბრად ურტყამს. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ავირჩიე "პრობლემების არმქონე შვილის" როლი და არასდროს მინდოდა დახმარების თხოვნა“.