"დღეს მოგიყვებით, თუ რატომ გამოვამზეურებ ხოლმე ჩემს ქალურობას - ჩაუჯექით!
იცით, როდიდან ემართება პიროვნებას დისმორფული აშლილობა (Dysmorphic Disorder), როდესაც საკუთარი თავი არ მოსწონს?
მახსოვს ჩემი ბავშვობა, როცა დედამ პირველად შემიფასა გარეგნობა და მითხრა, რომ ბიჭს ვგავდი; მეტიც, ზედმეტსახელად „მაუგლისაც“ კი მეძახდა. გარდა იმისა, რომ მეუბნებოდა, ნეტა, რატომ არ გამოხვედი ლამაზიო, ბაღის ზეიმზეც პრინცესის მაგივრად ან ფუტკრის როლში ვიყავი, ან - დათვის. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ეს ბავშვი...
თავად დედაჩემი ძალიან ლამაზია, ასეთი ლამაზი ქალისგან კი მუდამ იმის მოსმენა, რომ „უშნო ცხვირი გაქვს“, „რატომ არ დამემსგავსე“ ან „დიმიტრი უნდა დამერქვა შენთვის“, მართლა ძალიან მწარე იყო. სამაგიეროდ, მოგვიანებით მქონდა პერსონალური გამოფენა, სადაც სულ ლამაზ ქალებს ვხატავდი.
20 წლის მანძილზე მეგონა თავი უშნო, სანამ ლიტა არ გაჩნდა - მან მითხრა პირველად, რა ლამაზი ხარ, დედიკოო. ლიტამ მასწავლა ქალური ჩაცმა, ლიტას უხაროდა, სკოლაში ლამაზი დედიკო რომ აკითხავდა, ლიტამ მასწავლა, რა არის ტრენდული.
ჩემს შვილებს ბავშვობიდან შევაყვარე გოგოობა. მე ვგიჟდები ქალებზე და ქალურობაზე, გამოხატეთ თქვენი თავი, იცელქეთ, იცეკვეთ, გაიპრანჭეთ - ეს ცხოვრება ჩვენია, გოგოებო" , -წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი.

მარი ნაკანი მარიამ ნაკანი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის საზოგადოებამ რეალითი-შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტა თავაძე ჰყავდა. ლიტა ხშირად ხვდება დედის ობიექტივში - უმშვენიერესი გოგონა ფოტოგენურობით გამოირჩევა. ლიტამ მსახიობის ამპლუაც მოირგო და პოპულარულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები" ითამაშა.
მარი ნაკანი სახელგანთქმული ფოტოგრაფების, გურამ წიბახაშვილის და ვატო წერეთლის მოსწავლეა. არის Behance Portfolio Review-ის გამარჯვებული ფოტოგრაფიაში, ჯიპას 2016 წლის საუკეთესო პედაგოგი. წლებია ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლასა და სამოდელო სააგენტო Lookmodelsmanagement-ში.

შეიძლება ითქვას, რომ მარი და გიორგი ქართული კომერციული ფოტოგრაფიის პიონერები არიან. სწორედ მათი ძალისხმევით გაჩნდა 90-იანი წლების ნაომარ, ნაცრისფერ თბილისში პირველი მხატვრული ბანერები, ლაით-ბოქსები, მაღალი ხარისხის ფოტოები ჟურნალებში. ამას მოჰყვა ფოტო და ვიდეორეკლამები, – სრულიად ახალი, ორიგინალური ხედვითა და სუნთქვით, ტექნიკით, რომელიც დიდწილად ორი ხელოვანის ექსპერიმენტებისა და ახლის ძიების შედეგი იყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
მარი ნაკანმა პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზე იქორწინა. მათ ერთი გოგონა, სოფო შეეძინათ.