მსახიობ ლალი ბადურაშვილს საზოგადოება მუდამ იცნობდა, როგორც გამორჩეული სილამაზის, ელეგანტურობისა და შინაგანი სიმტკიცის მქონე ქალბატონს. თუმცა, მისი ბრწყინვალე ეკრანული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა, მძიმე განცდა და განსაცდელი იმალებოდა, რომლებზეც მსახიობი იშვიათად საუბრობდა.
2017 წელს, გადაცემა „უხერხულ კითხვებში“ სტუმრობისას, ლალი ბადურაშვილმა საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე ისაუბრა
"ჩემი ცხოვრება არ იყო ადვილი ცხოვრება. იყო წარმატებული პერიოდი, როცა მეუღლეც წარმატებული იყო, მაგრამ იყო, როცა გადმოვარდები და ასკდები მიწას და პირდაპირ ნამსხვრევები ხარ და ფიქრობ, წამოვდგები? იყო ისეთი პერიოდი, როცა 17 კილო დავიკელი ნერვიულობით, და კედელ-კედელ დავდიოდი, რომ არ დავცემულიყავი.
მაგრამ ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. მე უნდა გითხრა, რომ აი, იმ მძიმე პერიოდში მთელი თბილისი, აი, ყველას მადლობელი ვარ იმ ჩემი თბილისის, იმ ჩემი თაობის, გოგო-ბიჭი - სულ ყველა გვერდზე დამედგა. რას უკავშირდებოდა ეს მძიმე პერიოდი ამაზე ლაპარაკი არ მინდა." - ამბობს ლალი ბადურაშვილი.

ლალი ბადურაშვილი
ლალი ბადურაშვილი იყო ცნობილი ქართველი მსახიობი და „ქართული ფილმის“ რედაქტორი. მან დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე მუშაობდა. 1970 წელს შედგა მისი კინოდებიუტი რეჟისორების ვახტანგ ტაბლიაშვილისა და დევი აბაშიძის ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, სადაც შეასრულა შორენას როლი. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“, „ლევან ხიდაშელი“, „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ და თავისი შვილის, ერეკლე ბადურაშვილის ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. 2016 წელს ლალი ბადურაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.