„მარჩელო, აქეთ! იჩქარე!“
„ვის წავიყვანდი ნოეს კიდობანში? ჩემს საყვარელ მამაკაცს და ორ ძაღლს“. ირონიული, ილუზიებისგან დაცლილი, ყველასგან სასურველი, მაგრამ სიყვარულში უიღბლო ანიტა ეკბერგს 29 სექტემბერს 91 წელი შეუსრულდებოდა. ბავშვობაში, მშობლიურ შვედეთში (რომელსაც დიდად ვერასდროს იტანდა), პილოტობაზე ოცნებობდა. ზრდასრულ ასაკში კი ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი, მთელ მსოფლიოში თაობებს ძილს უფრთხობდა.
70-მდე ფილმით, ჰოლივუდში შეძენილი მეტსახელით - „აისბერგი“ - და „მის შვედეთის“ ტიტულით, იგი 1950-იანი წლების ბოლოს რომში ჩავიდა: სწორედ აქ იპოვა მან თავისი ამერიკა. იგი საერთაშორისო ვარსკვლავად ფედერიკო ფელინის „ტკბილმა ცხოვრებამ“ (La Dolce Vita) აქცია, კერძოდ კი იმ საკულტო სცენამ, სადაც ტრევის ჩანჩქერში მომხიბვლელ მარჩელო მასტროიანისთან ერთად ბანაობს: „მარჩელო, აქეთ! იჩქარე!“. იგი, როგორც ნამდვილი ჩრდილოელი ქალი, ვაჟკაცურად უძლებდა რომაული ზამთრის სიცივეს, რომელიც, ისედაც არასდროსაა ძალიან მკაცრი.

დივამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ ფელინიმ ეს როლი ისე შესთავაზა, სცენარიც კი არ წაუკითხავს - ყველამ იცოდა, რომ ანიტა ტექსტს მაინცდამაინც არ ემორჩილებოდა: „მოდი, ეპიზოდები შევთხზათ, ამ ეტაპზე ამბის ლოგიკაზე ნუ ვიდარდებთ. ჩვენ ქანდაკება უნდა შევქმნათ, მერე დავამსხვრიოთ და ნატეხები ხელახლა ავაწყოთ“.
არტისტული უკვდავების მოსაპოვებლად ეს ერთი სცენაც საკმარისი აღმოჩნდა: შუაღამის რომი და „ანიტონა“ (როგორც მას რეჟისორი ეძახდა), ვნებიანი და ქანდაკებასავით ტანწერწეტა, შავ, ღრმად დეკოლტირებულ კაბაში.
ამერიკაში ხშირი ფრენების, ორი დანგრეული ქორწინებისა და უამრავი მოკლევადიანი რომანის ფონზე, ანიტა ეკბერგმა იტალიის მოქალაქეობა მიიღო და ნაკლებად მნიშვნელოვან ფილმებში დაიწყო გადაღება. 1970 წელს იგი შიშველი გამოჩნდა Playboy-ს გარეკანზე.
დიდი ხნის შემდეგ, ფელინის ავტობიოგრაფიულ სურათში „ინტერვიუ“, ეკბერგისა და მასტროიანის წყვილი ხელახლა გაერთიანდა. როდესაც ისინი ამ ცნობილ სცენას უყურებდნენ და ანიტას ცრემლები სდიოდა, მარჩელომ ჰკითხა: „მაინც ვინ ხარ შენ? ქალღმერთი? დედა? ღრმა ზღვა? სახლი? თუ ევა, პირველი ქალი დედამიწაზე? კიდევ რამდენი რამის კითხვა მინდა შენთვის, ანიტა...“

ვნებიანი, ფიზიკურად თვალისმომჭრელი, ეშხიანი და დახვეწილი. გაბედული თავისი „გარიბალდისეული“ ტემპერამენტით. ამბობენ, რომ ერთხელ თავის სახლთან ატუზულ აბეზარ პაპარაცებს მშვილდ-ისრითაც კი დაესხა თავს - ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, თავის ხუთ ძმასთან ერთად თამაშისას შვრებოდა ხოლმე.
ბობ დილანის სიმღერაში („I Shall Be Free“) მოხსენიებული და მონიკა ბელუჩის დოკუმენტურ ფილმში („გოგონა ჩანჩქერში“) ასახული ანიტა ეკბერგი 2015 წელს, კასტელ-განდოლფოს მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა - სრულიად გამოფიტული და გაჭირვებაში მყოფი.
„ჩვენი გარეგნული სილამაზე ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უნდა გაჩერდეს - მაშინაც კი, როდესაც წლები გვემატება“.
