როზი ჰანტინგტონ-უაითლი ბარბერის ჩვენებაზე: ბრენდის ისტორიიდან წიგნებამდე და მის ახალ ბიზნესამდე - Marao

უზადო სტილი, გამორჩეული სიყვარული და ახალი ეტაპი — რატომ იპყრობს როზი ჰანტინგტონ-უაითლის თითოეული გამოჩენა მსოფლიო მედიას

2026-09-29 12:30:28+04:00

როზი ჰანტინგტონ-უაითლის ბარბერისთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. როგორც ბრიტანელი მოდელი, ის ბრენდს ბავშვობიდან იცნობს, წლების განმავლობაში ბარბერისთვისაც უმუშავია და ახლა უკვე მისი ჩვენებების სტუმრის როლში გვევლინება. 22 სექტემბერს როზი ბარბერის 2027 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებას დაესწრო, სადაც პარტნიორ ჯეისონ სტეთჰემთან ერთად წინა რიგში იჯდა.

როზის თქმით, ბარბერი ერთ-ერთი იმ ბრენდთაგანია, რომელიც მთლიანად არის გადაჯაჭვული ბრიტანულ კულტურასთან. მისთვის ბრენდის განსაკუთრებულობა მხოლოდ მემკვიდრეობასა და ისტორიაში არ მდგომარეობს - ის ბრიტანული სტილის იმ მრავალფეროვნებასაც გამოხატავს, სადაც ტრადიცია და ექსცენტრიულობა, დახვეწილობა და ამბოხი, ქალაქი და სოფელი ერთმანეთთან თანაარსებობს.

rozi

  • წყვილი, რომელიც მარადიული სიყვარულისა და ჰარმონიის სიმბოლოდ იქცა - "დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს ფავორიტ ადამიანს" 

„ბრიტანელებს ძალიან კარგად გამოგვდის ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს განსაკუთრებულად არც გვიცდია“, - ამბობს როზი და აღნიშნავს, რომ ბრიტანულ სტილში ხშირად არის რაღაც ოდნავ დაუმთავრებელი ან ირონიული, მაშინაც კი, როცა ჩაცმულობა ძალიან დახვეწილია.

ამ განწყობას თავადაც იდეალურად მოერგო. მოდელს შავი ტყავის ტრენჩი, თეთრი ბლეიზერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და Tiffany & Co.-ს ბრილიანტის სამკაულები შეუხამა. როზის თქმით, ლუქი ერთდროულად ძალიან ბარბერისეული და მისი იყო.

მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სეზონის ტრენდს არ ემსახურება და წლების შემდეგაც აქტუალური რჩება. სწორედ ასეთ სამოსად მიიჩნევს იმ ლუქს, რომელიც ჩვენებისთვის შეარჩია.

rozi

ამჯერად პოდიუმზე აღარ იდგა

როზისთვის ბარბერის ჩვენებაზე წინა რიგში ჯდომა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან წარსულში თავად არაერთხელ მდგარა პოდიუმზე.

მისი თქმით, მოდელისა და მაყურებლის როლებს შორის დიდი განსხვავებაა. როცა მოდელი ხარ, backstage-ში ნერვიულობას, ჩაცმის პროცესს, ლოდინს და შემდეგ პოდიუმზე გასვლას გადიხარ - ყველაფერი კი დაახლოებით 30 წამში სრულდება.

ამ გამოცდილების გამო, დღეს როზი პოდიუმზე გამოსულ მოდელებს განსაკუთრებული ემპათიით აკვირდება. ის ყურადღებას აქცევს მათ სიარულს, ტანსაცმლის მოძრაობას და იმას, როგორ „ცოცხლდება“ სამოსი სხეულზე.

ამავდროულად, ამბობს, რომ წინა რიგში ჯდომას თავისი უპირატესობა აქვს, პირველად შეუძლია მთლიან კოლექციას მშვიდად დააკვირდეს. როგორც თავად ხუმრობს, მოდელის მთავარი საზრუნავი ჩვენების დროს ხშირად ის არის, რომ არ წაიქცეს და არ დაავიწყდეს, სად უნდა გავიდეს პოდიუმიდან.

rozu\i

  • "რა დაემართა როზის სახეს?" - რატომ გამოიწვია ხალხის შეშფოთება მოდელის გამოჩენამ 

ზაფხული, 15-ზე მეტი წიგნი და „ჰარი პოტერი“ შვილთან ერთად

როზის Instagram-ის მიხედვით, მას საკმაოდ დატვირთული ზაფხული ჰქონდა. მან დრო ესპანეთში, მალიორკასა და მალტაზეც გაატარა.

თუმცა, როგორც თავად ამბობს, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა აღმოჩნდა. როზიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში წიგნების კითხვას ნაკლებ დროს უთმობდა, მაგრამ ამ ზაფხულს ყველაფერი შეცვალა და 15-ზე მეტი წიგნი წაიკითხა.

მათ შორის იყო „The Names“, „The Safekeep“, „God of the Woods“ და იმ მომენტში კითხულობდა „Lost Lambs“-ს.

წიგნებთან მისი კავშირი ბავშვობიდან მოდის. როზი ინგლისის სოფელში გაიზარდა და მამას ყოველ შაბათ-კვირას წიგნის მაღაზიაში დაჰყავდა.

ახლა კი ის ბავშვობის ერთ-ერთ საყვარელ სამყაროს შვილთან, ჯეკთან ერთად უბრუნდება - ისინი ერთად „ჰარი პოტერის“ სერიას კითხულობენ. როზის თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ ისტორიების თავიდან აღმოჩენა უკვე საკუთარი შვილის თვალით.

როზის ახალი ბიზნესი - Mémoire

2026 წელი როზისთვის პროფესიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გაზაფხულზე მან საკუთარი ბრენდი, Mémoire, დააარსა, რითაც მოდელისა და ბიზნესმენის როლიც შეითავსა.

ბრენდი პატარა, ყოველდღიურ ნივთებზეა ორიენტირებული - სანთლებზე, საკანცელარიო ნივთებზე, ბლოკნოტებსა და მეხსიერებასთან დაკავშირებულ ნივთებზე.

როზის თქმით, Mémoire მისთვის ძალიან პირადული პროექტია, რადგან აერთიანებს ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში იზიდავდა: ლამაზ ნივთებს, ინტერიერს, არომატებს, ხელობასა და იმ იდეას, რომ გარკვეული ნივთები საბოლოოდ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტუალებისა და მოგონებების ნაწილი ხდება.

მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ადამიანები ბრენდს მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტის მიხედვით არ აღიქვამენ და მთლიან სამყაროს ხედავენ.

„მე შემოდგომის გოგო ვარ“

მიუხედავად იმისა, რომ როზის ზაფხული საკმაოდ დატვირთული და აქტიური იყო, თავად ამბობს, რომ მისი საყვარელი სეზონი შემოდგომაა.

„ინგლისელი ვარ!“ - ხუმრობს ის და ამბობს, რომ შემოდგომა თითქოს მის დნმ-შია.

მას განსაკუთრებით უყვარს ის მომენტი, როცა ჰაერი იცვლება და ისევ შესაძლებელია დიდი პალტოს ჩაცმა. ჩექმები, ნაქსოვი ტანსაცმელი, ტყავის ქურთუკები, სახლში ანთებული ბუხარი და ხანგრძლივი საკვირაო სადილები - ეს ის ატმოსფეროა, რომელშიც როზი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს.

დატვირთული წლის შემდეგ ის განსაკუთრებით ელოდება სახლში მეტი დროის გატარებას, ოჯახთან ყოფნას და უფრო მშვიდ რიტმზე გადასვლას.

ბარბერისთან ურთიერთობა წლების განმავლობაში შეიცვალა

როზისთვის ბარბერისთან ურთიერთობის ყველაზე ადრეული სიმბოლო ტრენჩია. როგორც ინგლისში გაზრდილი გოგო, ბრენდის სახელი ბავშვობიდან იცოდა და მას ზრდასრულ, ძალიან ბრიტანულ ბრენდად აღიქვამდა.

მოგვიანებით, როცა თავად დაიწყო მოდელად მუშაობა, მან ბარბერის ისტორიისა და საერთაშორისო მნიშვნელობის უკეთ გაცნობაც შეძლო.

ამიტომ მისი ურთიერთობა ბრენდთან წლების განმავლობაში შეიცვალა - ბავშვობაში ის მისთვის უბრალოდ ბრიტანული კულტურის ნაწილი იყო, დღეს კი ბარბერისთან კარიერის სხვადასხვა ეტაპიდან დაკავშირებული პირადი გამოცდილება აქვს.

როზი ასევე დადებითად საუბრობს ბარბერის ამჟამინდელ კრეატიულ დირექტორ დენიელ ლიზე. მისი თქმით, ლის განსაკუთრებული ინტუიცია და ენერგია აქვს და ბრიტანულ კულტურას საკუთარი პერსპექტივიდან უყურებს.

როზის განსაკუთრებით მოსწონს ის, რომ მის ნამუშევრებში იუმორი, ნოსტალგია, სუბკულტურა და ისტორია ერთმანეთში იკვეთება.

„მიყვარს ადამიანებთან ყოფნა, რომლებიც გულწრფელად არიან შეპყრობილი იმით, რასაც აკეთებენ. დენიელი სწორედ ასეთია“, - ამბობს როზი.