მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე სოფო ჯაფარიძის გადაცემა „მედგიდის“ სტუმარი იყო, სადაც გარეგნობის ცვლილებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მავნე ჩვევების დაძლევაზე ღიად ისაუბრა.
ტელეწამყვანმა გაიხსენა თავისი ახალგაზრდობის წლები და აღნიშნა, რომ საკუთარი ძველი ფოტოების დათვალიერებისას ბევრი დეტალი არ მოსწონს.
"ყველა ასაკში ლამაზი არ ვიყავი. ახლა, ჩემს ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, საკუთარი თავი არ მომწონს.
რა თქმა უნდა, საშინელი, ძველმოდური ჩაცმულობა და ვარცხნილობა ცალკე თემაა, მაგრამ მთავარი მაინც სახის გამომეტყველება და ჩაშავებული თვალებია... ჯერ ერთი, სიგარეტს ვეწეოდი - დაახლოებით 30 წელი გამომივიდა.
დაახლოებით 18 წლის წინ თავი დავანებე სიგარეტს, ტკბილეულს, ცომეულსა და წითელ ხორცს. რა თქმა უნდა, ხანდახან, ძალიან იშვიათად, თუ ძალიან მომინდება, შეიძლება ხაჭაპური შევჭამო ან საქონლის ხორცის სადილიდან ერთი-ორი ლუკმა გასინჯვით შემოვიფარგლო.
ძირითადად თევზი, ქათამი, თეთრი ხორცი და ისეთი საკვები მიყვარს, რაც დიეტურია. რაც წავიკითხე, რომ სასარგებლოა, ის შემიყვარდა. როდესაც წავიკითხე, რომ შაქარი მავნებელია... იცით, როგორ მიყვარდა ტკბილეული? თან მთელი ცხოვრება ტელევიზიაში ვმუშაობდი... მიუხედავად ამისა, შაქარი რაციონიდან სრულად ამოვიღე.
მაგალითად, ახალგაზრდობაში, როცა ღამით მონტაჟზე ვზივარ, შეიძლებოდა 4 სნიკერსი მიმერთვა და ეს ყოფილიყო ჩემი მთელი ღამის რაციონი. ეს ნორმალური არ არის, ორგანიზმისთვის ძალიან დიდი სტრესია და ამით საკუთარ თავს ცუდ სამსახურს უწევ" - ამბობს ირმა სოხაძე.

მომღერალი ირმა სოხაძე წლებია, სასურველ წონას ინარჩუნებს, გადასარევად გამოიყურება და სულ ფორმაშია. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მას ამისთვის არც მტანჯველი დიეტების დაცვა უწევს, არც კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება და არც სილამაზის სალონებში ხშირი ვიზიტი. მისი ახალგაზრდობის, ფორმაში ყოფნისა და ხიბლის მთავარი საიდუმლო მისსავე ხასიათსა და იმ ყოველდღიურ თავის მოვლის მარტივ რუტინაშია, რომელსაც სახლის პირობებში აკეთებს.
"რომ მეკითხებიან, რა მოგწონს შენს თავშიო, ვპასუხობ: ჩემი ხასიათი. ვარ ძალიან დამთმობი და მიმტევებელი. ჩემთვის დასკვნები, რა თქმა უნდა, გამომაქვს ადამიანებზე – ახლობლებზეც და შორეულებზეც, მაგრამ ვცდილობ, კონფლიქტში არ შევიდე, საქმეები არ ვარჩიო, არ გავართულო. ვამარტივებ ყველაფერს, მთელი ცხოვრება.
სახლის პირობებში ჩემით გადასარევად ვიწესრიგებ ფრჩხილს, ვიკეთებ მანიკიურ-პედიკიურს და თმასაც ჩემი ხელით ვიღებავ. მაგალითად, თუ ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად, შეიძლება წავიდე სალონში და პედიკიური პროფესიონალს გავაკეთებინო. თუ არა და, მეც საკმაოდ ოსტატურად ვაგვარებ ამ საქმეს. არ მცალია არასოდეს თმის შესაღებად და ფრჩხილების დაგრძელების გამო სალონში საათობით ვიჯდე. ასე რომ, მთელი ცხოვრებაა, თმას თავად ვიღებავ, სალონში არასდროს შემიღებავს. ბევრი მეუბნება, თმა რა კარგ ფერზე გაქვსო. ვიცი, როგორ შევიღებო ძირები სხვა საღებავით და დანარჩენი თმა – სხვა ფერით. ამ საქმეს სკრუპულოზურად არ ვუდგები, თმას მარტივად და ადვილად, თვე-ნახევარში ან ორ თვეში ერთხელ ჩემით ვუვლი და ვიღებავ. ბევრი ჭაღარაც არ მაქვს და ამისთვის მადლობა გენეტიკას. არადა, ყველას ჰგონია, ათასგვარ პროცედურას ვიტარებ კანზე, თმასა და ტანზე, მაგრამ ასე არაა", - ამბობდა ირმა სოხაძე.