დები, ევა და ანამარია ბუთიაშვილები საზოგადოებამ სოციალური ქსელებიდან გაიცნო. მათი ვიდეოები უამრავ ნახვასა და მოწონებას იმსახურებს. ცოტა ხნის წინ ევას ცეკვის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, რომელმაც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო მოიცვა.
უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა ევას ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ცნობილმა თურქმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა „ინსტაგრამის“ სთორიში გააზიარა. "მომწერა, ძალიან მიყვარხარო", - იხსენებს პატარა ევა.
ცოტა ხნის წინ, ევა ბუთიაშვილი გადაცემა „პოსტ ალიონს“ ესტუმრა და აღნიშნული ვიდეოს წარმატებისა და საკუთარი ემოციების შესახებ ისაუბრა:
„ვიდეოს გაზიარება ძალიან გამიხარდა, ძალიან მიყვარხარო…“ – თქვა ევა ბუთიაშვილმა.

ვინ არიან ევა და ანამარია ბუთიაშვილები?
ევა და მისი და, ანამარია ბუთიაშვილები, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან არიან. მათი პოპულარობა დედის, ფიქრია ბუთიაშვილის მიერ გადაღებული ყოველდღიური ვიდეოების გამოქვეყნებით დაიწყო.
როგორც ფიქრია Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობდა, პირველი ვიდეო, რომელშიც ევა მონაწილეობდა, თავდაპირველად არც კი სურდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულიყო. თუმცა ვიდეომ მოულოდნელად ათიათასობით მოწონება დააგროვა.
მას შემდეგ ევას ვიდეოები უკვე მილიონობით ნახვასა და რეაქციას აგროვებს.
ევა კამერის წინ მხოლოდ ცეკვით ან სიმღერით არ ჩნდება - მისი მთავარი ხიბლი სპონტანური მიმიკა, ჟესტები, საუბრის მანერა და ადამიანებთან ურთიერთობაა. დედის თქმით, ევა ბავშვობიდან განსაკუთრებულად კომუნიკაბელური იყო. 7-8 თვის ასაკიდანვე სიყვარულსა და მადლიერებას საკუთარი ჟესტებით გამოხატავდა, დღეს კი უამრავ კითხვას სვამს და მუდმივად საუბრობს.
დღეს მათი სოციალური ქსელები კიდევ უფრო გაიზარდა. Instagram-ის ანგარიშს ასობით ათასი გამომწერი ჰყავს, TikTok-ის გვერდზეც კი უკვე ათიათასობით ადამიანი ადევნებს თვალს პატარა ევას ყოველდღიურ ვიდეოებს.