ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა: "არაადამიანური მიდგომების წინააღმდეგ თითოეული ჩვენგანის ბრძოლა თითქმის ვალდებულებად იქცევა“ - Marao

ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა: "არაადამიანური მიდგომების წინააღმდეგ თითოეული ჩვენგანის ბრძოლა თითქმის ვალდებულებად იქცევა“

2026-10-02 10:51:09+04:00

გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მწერალსა და დრამატურგს, ნინო ხარატიშვილს, ჰაინრიხ ჰაინეს პრემია (Heinrich-Heine-Preis) მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჟიურიმ დიუსელდორფში მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს მიიღო.

ჰაინრიხ ჰაინეს პრემია ქალაქ დიუსელდორფის მიერ გერმანელი პოეტის დაბადებიდან 175 წლისთავის აღსანიშნავად დაარსდა. ჯილდო გადაეცემათ ავტორებსა და მოღვაწეებს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით ხელს უწყობენ სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესს, ხალხთა შორის ურთიერთგაგებასა და იმ ფუნდამენტური იდეის დამკვიდრებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

გამომცემლობა „ინტელექტის“ ცნობით, აღიარებას ეხმაურება თავად ავტორიც. დიუსელდორფის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნინო ხარატიშვილი აღნიშნავს:

„იმ დროს, როდესაც გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, ხოლო პოპულიზმი და აგიტაცია კვლავ სოციალურად მისაღებ მოვლენებად იქცევა, ნაციონალისტური, იმპერიალისტური და, შესაბამისად, არაადამიანური მიდგომების წინააღმდეგ თითოეული ჩვენგანის ბრძოლა თითქმის ვალდებულებად იქცევა“.

nino-kharatishvili

  • 10 ქალი - 10 რჩეული წიგნი: რას კითხულობენ ჩვენი საყვარელი ცნობილი ქალები 

ნინო ხარატიშვილი

მდიდარი, ემოციური ენით მოთხრობილი ამბები ძველ თბილისზე, მეგობრობაზე, თავისუფლებასა და ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმმა ჩაყლაპა; ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლი სულები - სწორედ ამ თემების გარშემო ერთიანდება გენიალური, გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, რეჟისორისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის ნაწარმოებები. მწერლის ბიოგრაფია 1983 წლის 8 ივნისიდან იწყება. პიესებს ბავშვობიდან წერდა, თუმცა მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი მთავარი პროფესია გახდებოდა, კარიერული წინსვლა პატარა ასაკიდანვე დაიწყო, 23 წლის ასაკში პირველი სპექტაკლი დადგა ბერლინში, შემდეგ კი ჰამბურგში საკუთარი პიესა “Z”, რასაც თეატრალური საზოგადოების ინტერესი და არაერთ ფესტივალზე მიწვევა მოჰყვა. ასევე მოიპოვა ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი „ლივ შტაიანი“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა.

მსოფლიოს მასშტაბით, სალიტერატურო სამყაროში საქართველოს ელჩის სახელით იცნობენ. სწავლას საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოდოკუმენტალისტიკის მიმართულებით იწყებს და შემდგომ ჰამბურგის აკადემიაში, დრამის ფაკულტეტზე აგრძელებს. 2005 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმით – „მტრედები“ დაიცვა  დიპლომი თბილისში, 2007 წელს კი „მედეას“ საკუთარი ვერსიით წარდგა ჰამბურგის თეატრის აკადემიის სცენაზე. პიესების წერაში განსაკუთრებული, უნიკალური ნიჭის წყალობით, მისი ნამუშევრები დიდი წარმატებით იდგმება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის სხვადასხვა თეატრში.

  • თაობის TOP 5 გამორჩეული ქართველი ქალი - ქარიზმა, რომელიც სცენას იპყრობს  

ვტორის ყველა რომანი ინსპირირებულია ყოფითი რეალობით, სწორედ იმ რეალობით, რომელიც სუფევდა ძველ თბილისში. ქართული ოჯახების ისტორია, სამოქალაქო ომების პარალელურად, ქალთა დაუშრეტელი შეუპოვრობა, უპირობა სიყვარული და თანადგომა ერთმანეთის მიმართ, მარტოობა და სიკვდილთან ბრძოლის დაუოკებელი სურვილი - სწორედ ამ თემებს მოიცავს ნინო ხარატიშვილის ხუთი ბესტსელერი: „უკმარი სინათლე’’, „ჟუჟა“, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)’’, „ჩემი საყვარელი ორეული“, „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“.