„ის პატარა ეთო დღემდე გვერდით მყავს და ყოველთვის ვახსენებ, საიდან სად მოვიდა“ - ეთერ ლიპარტელიანის გზა დიდ სპორტამდე და ძალიან საინტერესო ინტერვიუ - Marao

„ის პატარა ეთო დღემდე გვერდით მყავს და ყოველთვის ვახსენებ, საიდან სად მოვიდა“ - ეთერ ლიპარტელიანის გზა დიდ სპორტამდე და ძალიან საინტერესო ინტერვიუ

2026-10-06 11:45:47+04:00

ქართველი ძიუდოისტის, ეთერ ლიპარტელიანის გზა სპორტულ მწვერვალებამდე გამორჩეული ნებისყოფითა და თავდადებით არის აღბეჭდილი. კომპანია „ნაბეღლავთან“ ინტერვიუში მან გულახდილად გაიხსენა ბავშვობა, პირველი წარმატებები და ის დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც დიდ სპორტში დასამკვიდრებლად დასჭირდა.

eter-liparteliani

  • განსაკუთრებული ამბავი საოცარ ეთერ ლიპარტელიანზე! როგორ იქცა 8 წლის „პატარა გოგონა“ საქართველოს ისტორიის შემქმნელ ჩემპიონად 

ეთერ ლიპარტელიანის ინტერვიუ

- რვა წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიში დავიწყე - ჩემთან ახლოს დარბაზი იყო, მე კი ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. თავიდან, რა თქმა უნდა, გასართობად მივედი; არც ვიცოდი, ასე სერიოზულად თუ შევხედავდი ამ ყველაფერს. მეგობრებთან ერთად, უბრალოდ სათამაშოდ დავიწყე.

მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ეს მხოლოდ გართობა არ იყო და ბევრად მეტს ნიშნავდა, ბიძაჩემიც დააკვირდა, როგორ ვვარჯიშობდი, როგორ ვშრომობდი და 10 წლის ასაკში გადაწყვიტა, თბილისში წამოვეყვანე. პირველი ვარჯიშიდან რომ გამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ კიდევ მინდოდა გაგრძელება.

მართლაც ასე მოხდა, გავაგრძელე სიარული, თუმცა წინ დიდი დაბრკოლება შემიქმნა დედამ, როდესაც მიხვდა, რომ ამ ყველაფერს სერიოზულად ვუყურებდი და დიდი მიზნები მქონდა, გადაწყვიტა, სპორტიდან გამოვეყვანე.

ჩემი პირველი გამარჯვება საქართველოს მასშტაბით წეროვანში მოხდა, სადაც გოგონებთან ვიასპარეზე. 10 წლის ვიყავი და ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა - თასი გადმომცეს, რომელიც დღემდე მაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ მამა იმ თასიდან დღესაც სვამს ღვინოს.

ისე მოხდა, რომ ანტალიაში უმედლოდ დავრჩი. ეს ძალიან რთული გადასაწყობი იყო, ბიძასაც ძალიან ეწყინა და მეც ორმაგად განვიცადე, რომ მას იმედები გავუცრუე.

სხვათა შორის, ის პირველი დღე და ის პატარა ეთო არასოდეს დამივიწყებია. ის პატარა ეთო დღემდე გვერდით მყავს და ყოველთვის ვახსენებ, საიდან სად მოვიდა. ამ სპორტში რომ არ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ისევ სვანეთში ვიქნებოდი, ან, უბრალოდ, თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდოდი.

ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ სპორტს გავყევი და მჯერა, ის პატარა ეთოც, დღეს რომ მიყურებს, ამაყია და უხარია. ჩემი ოჯახის წევრებსაც ვეტყოდი: მე ეს შევძელი, გამომივიდა და ძალიან კარგი ვქენი, რომ არ დავნებდი.

  • "2 წელი - ერთი გული" - ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე ქორწინების 2 წელს აღნიშნავენ 

ეთერ ლიპარტელიანის ბავშვობა 

ეთერ ლიპარტელიანი ლენტეხში დაიბადა, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 8 წლის ასაკში, გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლო ძიუდოზე სიარული. 10 წლის ასაკში რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და ვარჯიში მწვრთნელ,  კახა მოცარიძესთან გააგრძელა.

"მახსოვს, რვა წლის ასაკში, როცა ძიუდოზე დავიწყე სიარული, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი, თუმცა, წარმოვიდგენდი ხოლმე, რა მოხდებოდა, თუ ერთ დღეს მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე ვიასპარეზებდი. ვუყურებდი სხვადასხვა გამორჩეული ქართველი სპორტსმენის წარმატებებს და წარმოვიდგენდი ხოლმე, როდესაც მე მივაღწევ ამას, ნეტავ, რას იგრძნობს ჩემი ოჯახი და ასე შემდეგ... თუმცა, გონებაში მაინც ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ ეს პატარა გოგონა ამხელა შეჯიბრებაზე ასპარეზობას შეძლებდა. 

ათი წლის გოგონასთვის რთული იყო მშობლებისა და დედმამიშვილების დატოვება. ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ რაღაც ძალას მაძლევდა და ვცდილობდი, მარტივად შემეხედა. მქონდა მიზნები და მინდოდა, მათი განხორციელება შემძლებოდა. ვგრძნობდი, რომ უფალი ჩემ გვერდით იყო და დაბრკოლებების გადალახვასა და ოჯახის მონატრებასთან გამკლავებაში მეხმარებოდა.

მე და ბიძა რუსთავში ვცხოვრობდით და ყოველდღე თბილისში დავდიოდით ვარჯიშებზე. 10 წლის გოგონასთვის ესეც რთული იყო. მარტო ვერ დავდიოდი და ბიძა ყოველდღე დამყვებოდა. მერიდებოდა, რომ მთელ დღეს მე მითმობდა, თავის საქმეს სწყდებოდა. 13 წლის ასაკში, როგორღაც, დავარწმუნე, რომ უკვე შემეძლო რუსთავიდან თბილისში მარტო სიარული. პარალელურად, ვსწავლობდი. სკოლის შემდეგ ბევრჯერ ჭამაც კი ვერ მომისწრია, მაშინვე ვარჯიშზე წავსულვარ. მადლობა ღმერთს, რომ ფუჭად არ ჩაიარა ამ ყველაფერმა და გაწეული შრომა დამიფასდა." - იხსენებს ეთერი.