მსახიობი ანა ჯავახიშვილი ხატია ქირიას გადაცემის, „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო. გადაცემაში მან საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაზე, მეუღლესთან ურთიერთობასა და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც დროთა განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდა.
„მე როგორი მეუღლე ვარ, არ მიყვარს ამაზე საუბარი - ალბათ, ჩემმა მეუღლემ უფრო უნდა ისაუბროს. თუმცა ჩემთვის ოჯახი და ის ადამიანი, ვინც მიყვარს, ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ერთმანეთს 17 წლიდან ვიცნობთ, თავიდან მეგობრები ვიყავით. ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მეც შევიცვალე, როგორც ადამიანი. არ არსებობს სახლიდან ისე გამოვიდე, რომ საჭმელი არ დავტოვო. არ არსებობს, რამე მთხოვოს და არ გავაკეთო - მეც რომ რამე მქონდეს გასაკეთებელი, იმას, რაც მას სჭირდება, პირველ ადგილზე დავაყენებ.
ისიც ანალოგიურადაა ჩემ მიმართ და ამიტომ, აგერ უკვე 4 წელია, მოვდივართ, როგორც ცოლ-ქმარი. უფრო მზრუნველი გავხდი და მგონია, რომ კარგი ცოლი ვარ - თვითონაც ასე თვლის. ურთიერთობას დრო უფრო ალაგებს და ცლის. იცის, რა მიყვარს, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყველანაირად ცდილობს, ყველაფერში ხელი შემიწყოს, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ის ჩემი მოტივატორია“, - ამბობს ანა.

ანა ჯავახიშვილი რამდენიმე წლის წინ მის რჩეულზე დემეტრე ხოფერიაზე დაქორწინდა. წყვილის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რომელმაც უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი დაიმსახურა.
ანას მეუღლე პროფესიით სოციოლოგია. წყვილი დიდ ხანს მეგობრობდა და ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. საბოლოოდ კი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.
ანა "თბილისელებთან" ინტერვიუში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს. ისინი აბიტურიენტობის დროს ერთად ემზადებოდნენ ქართულ ენაში.
"ჩვენ დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს. 17 წლის ასაკში ერთად ვიყავით აბიტურიენტები – ქართულში ვემზადებოდით. ამის შემდეგ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით, მხოლოდ მე და დემეტრე არა, იმ წლებიდან სამი მეგობარი მოვდიოდით ერთად. სამივემ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და ბოლოს, მე და დემეტრეს ერთმანეთი შეგვიყვარდა. კითხვაზე – როდის შეგვიყვარდა ერთმანეთი, კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ალბათ, ურთიერთობაში თანდათან გაირკვა, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. დიდხნიანი მეგობრობის შემდეგ, როცა ორივე უკვე თავისუფლები ვიყავით, მივხვდით, რომ ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვიხაროდა, ყოველდღე გვინდოდა ერთმანეთის ნახვა, მაგრამ არა ისე, როგორც მეგობრებს და ნელ-ნელა გაირკვა, რომ ერთად ვიყავით. ერთ დღეს არ დაგვირქმევია სახელი ამ ურთიერთობისთვის. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად განვითარდა და იმიტომაც არის ეს ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი, რომ ფურცელზე დაწერილი კანონების მიხედვით არ ვითარდება," - ამბობდა ანა.
წყვილმა ქორწილი უჩვეულო გარემოში გადაიხადა. ფოტოსესია მაკდონალდში ჰქონდათ. წვეულება კი ვიწრო წრეში, აუზიან ეზოში გაიმართა.

"გოგონებმა ბავშვობიდან რომ იციან, როგორი ქორწილი ექნებათ და როგორი კაბა ეცმევათ, ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა. ამ საკითხზე საერთოდ არ მიფიქრია, მაგრამ, როცა ამის დრო მოვიდა, გადავწყვიტე, ისეთი კაბა ჩამეცვა, როგორიც მე მინდოდა, როგორიც ჩემს ხასიათს გამოხატავდა და არა ისეთი, როგორც სტანდარტებში ჯდება და ყველას მოსწონს. როგორც კი ვთქვი, რომ მოკლე კაბის ჩაცმა მინდოდა, ყველამ ცოტა ეჭვის თვალით შემომხედა, მითხრეს, ასეთი რამ ხომ ცხოვრებაში ერთხელ არისო. თან, პატარა, 50-კაციანი ქორწილი გავაკეთეთ ეზოში, აუზთან და არ მინდოდა შეუსაბამო კაბა მცმოდა. ბოლო წუთამდე ვნერვიულობდი, მაგრამ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა და წარმომედგინა. რაც შეეხება ფოტოსესიას „მაკდონალდსში“, ძალიან მომწონდა ხუაკინ ფენიქსის და მისი ცოლის ფოტო, რომელიც მაშინაა გადაღებული, როცა ფენიქსმა „ოსკარი“ აიღო. ბორდიურზე სხედან, ბურგერებს ჭამენ და შუაში „ოსკარი“ უდევთ. ეს ფოტო იმდენად მომწონდა, ვფიქრობდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოხდება ჩემს ცხოვრებაში, აუცილებლად გადავიღებ ასეთ ფოტოებს-მეთქი და რადგან ძალიან სადა ქორწილი ჩავიფიქრეთ, ფოტოგრაფის გარეშე, სადაც ყველას ჰქონდა თავის პატარა ფირის კამერა, რითაც ფოტოებს იღებდნენ, ეს ფოტოები დემეტრეს მეგობარმა გადაგვიღო „მაკდონალდსში“ და ძალიან მიხარია, რადგან ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. მინდა, ამ ფოტოს რომ შევხედავთ, ამ დღის ისტორია გაგვიცოცხლდეს და გაგვეღიმოს. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდული ქორწილი გამოვიდა, მაგრამ მარტო ახალგაზრდები არა, უფროსი ნათესავებიც იყვნენ, ჩვენი ბებიებიც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ დროს ბებია ყოფილიყო ჩემ გვერდით და მოკლედ, მიხარია, რომ საყვარელი ადამიანები გვერდით გვყავდნენ" - ამბობს ანა ინტერვიუში.