ნიგერიის ქუჩებიდან Chanel-ის პოდიუმამდე - ვინ არის 22 წლის რეიჩელ ოჯურომი, რომელმაც საკუთარი ოცნება რეალობად აქცია - Marao

ნიგერიის ქუჩებიდან Chanel-ის პოდიუმამდე - ვინ არის 22 წლის რეიჩელ ოჯურომი, რომელმაც საკუთარი ოცნება რეალობად აქცია

2026-10-07 11:45:17+04:00

ზოგჯერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ვიდეო უბრალოდ მორიგი კონტენტი არ არის, ის შეიძლება კარიერის დასაწყისი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია 22 წლის ნიგერიელი  მოდელი რეიჩელ ოჯურომი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლაგოსის ქუჩებში საკუთარი სტილით იქცევდა ყურადღებას, ახლა კი უკვე Chanel-ის პოდიუმზე დგას.

რეიჩელის კარიერა კლასიკური გზით არ დაწყებულა. მან თავდაპირველად სოციალური ქსელები გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარი ხედვა და სტილი ეჩვენებინა. 

რეიჩელი ნიგერიაში დაიბადა და გაიზარდა. მას კინოს მიმართულებით აქვს განათლება მიღებული, თუმცა ყოველთვის იზიდავდა მოდა და სამოდელო სფერო. საუკეთესო მეგობართან, სტილისტ და დიზაინერ დები ფასინგასთან ერთად, ის ლაგოსის ქუჩებში განსხვავებულ ლუქებს ქმნიდა და შემდეგ ამ ყველაფერს ვიდეოებად აქვეყნებდა.

რეიჩელი ძვირადღირებულ სტუდიაში ან სპეციალურად მოწყობილ დეკორაციაში კი არ პოზირებდა, არამედ ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის შეიძლებოდა ბაზარში პროდუქტების საყიდლად წასულიყო, გაზეთი ეყიდა ან ქუჩაში უბრალოდ გაევლო, თუმცა ამ ყველაფერს ისეთი თავდაჯერებული მანერით აკეთებდა, თითქოს ყველაზე პრესტიჟულ მოდის კვირეულზე გამოდიოდა.

Rachel Ojuromi

  • ახალი ეპოქის თილისმა და მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი - დევა კასელის მორიგი კინოაღიარება 

ყველაფერი Chanel-ის კოლექციის გამეორებით დაიწყო

რეიჩელის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი Chanel-ის Métiers d’Art კოლექციისადმი მიძღვნილი ვიდეო გახდა. მან მატიუ ბლეზის მიერ შექმნილი ლუქებით შთაგონებული სამოსი საკუთარი გარდერობიდან და მეგობრის დახმარებით შეარჩია, შემდეგ კი ლაგოსის ქუჩებში ისე გადაიღო, თითქოს Chanel-ის ჩვენება სწორედ იქ იმართებოდა.

განსაკუთრებული იყო ისიც, რომ რეიჩელი მხოლოდ ტანსაცმელს არ იმეორებდა. ის ცდილობდა, ლუქებისთვის დამახასიათებელი განწყობა და ენერგიაც გადმოეცა, თუმცა ამას საკუთარი, ნიგერიული ხედვით აკეთებდა.

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და საბოლოოდ სწორედ ამ კონტენტმა მიიქცია Chanel-ის კრეატიული დირექტორის, მატიუ ბლეზის, ყურადღება. თავად რეიჩელიც ამბობს, რომ ეს ვიდეო იყო ის „საშუალება“, რომელმაც საბოლოოდ იქამდე მიიყვანა, სადაც ახლაა.

Rachel Ojuromi

  • ქართული სილამაზის ტრიუმფი მილანში: მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან ბაბლუანი The Attico-ს ჩვენებაზე 

Chanel-ის პოდიუმზე

2026 წლის 5 ოქტომბერს რეიჩელის ვიდეოებიდან შექმნილი „წარმოსახვითი პოდიუმი“ რეალობად იქცა.

ის პარიზში, Grand Palais-ში გამართულ Chanel-ის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. ეს მისთვის პირველი ოფიციალური სამოდელო გამოსვლა იყო.

რეიჩელს ჩვენებაზე ნაცრისფერი და ყვითელი ტვიდის პერანგი და ქვედაბოლო ეცვა. ყვითელი ფერი მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან მისი მეგობრის, ფასინგას, საყვარელი ფერია. თავად რეიჩელმა ესეც კი „ნიშნად“ აღიქვა.

პირველ პოდიუმამდე მას ნერვიულობა ჰქონდა. უფრო გამოცდილმა მოდელებმა, მათ შორის ანოკ იაიმ, დაამშვიდეს და შეახსენეს, რომ იქ ყოფნას იმსახურებდა. საბოლოოდ, როგორც თავად ამბობს, პოდიუმზე გასვლისას უბრალოდ გაერთო და საკუთარ თავს უთხრა: „რა თქმა უნდა, აქ ყოფნას ვიმსახურებ.“

Rachel Ojuromi