ქართველი მოდელები მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში პოზიციებს სულ უფრო ამყარებენ და საერთაშორისო პოდიუმებზე თავიანთი ხელწერით გამორჩეულ ადგილს იკავებენ. ამ წარმატებული გზის ღირსეული გაგრძელებაა ლიზა კობერიძე, რომლის კარიერაშიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
ცოტა ხნის წინ ლიზამ პარიზის მოდის კვირეულზე მაღალი მოდის სახლის, GEORGES HOBEIKA-ს ახალი კოლექცია წარადგინა.
GEORGES HOBEIKA ცნობილია თავისი გლამურული, ელეგანტური და ოსტატურად შესრულებული დიზაინით, რომელსაც ხშირად ირჩევენ მსოფლიო ვარსკვლავები წითელი ხალიჩის ღონისძიებებისთვის.

ვინ არის ლიზა კობერიძე
მისი პროფესიული გზა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან პირველი ნაბიჯები სააგენტო „ნატალის“ დიდ ოჯახში გადადგა. ლიზას პირველი მზადება პოდიუმისთვის ნატა ბუჩუკურის ხელში მოხდა, საიდანაც უზარმაზარი შრომისა და თავდადების ეტაპი დაიწყო. თავდაპირველად მან წარმატებას საქართველოში მიაღწია, 13 წლის ასაკში კი იტალიაში გაემგზავრა, სადაც მეტსახელად “Smart Bambina” შეარქვეს. ამას მოჰყვა აზიური ტური ტოკიოსა და კორეაში, სადაც ახალგაზრდა მოდელმა უდიდესი გამოცდილება დააგროვა.

მანათობელი წერტილი მის კარიერაში 2021 წელი აღმოჩნდა: 16 წლის ლიზა მილანის ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს წევრი გახდა და მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება დაამშვენა. სააგენტოს კრეატიული დირექტორი, მარიამ გიორგობიანი, მას პირველივე დღიდან „Top გოგოს“ უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ეს წარმატება იმ საერთო ოცნებების ასრულება იყო, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოში ჩაეყარა.
2024 წელს Victoria's Secret-მა 5-წლიანი პაუზის შემდეგ თავის ლეგენდარულ შოუ დააბრუნა, ქართველი მოდელი კი ამ გრანდიოზული ღონისძიების შესარჩევ კონკურსზე გამოჩნდა, რაც მის საერთაშორისო აღიარებასა და პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.