ანასტასია ბენდუქიძე გადაცემა "Speak Easy-ის" სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე, წარსულ ტოქსიკურ ურთიერთობებსა და ნამდვილი სიყვარულის არსზე გულახდილად ისაუბრა.
"ჩემს მეუღლემდე საშინელი შეყვარებული მყავდა - ძალიან ტოქსიკური. მოკლედ, ყველაფერი ცუდი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ნუ, არ მცემდა მაინც, მადლობა ღმერთს, თორემ მეც კარგად შემიძლია პასუხის გაცემა.
მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მადლიერი ვარ, რომ ასეთი ცუდი ურთიერთობა მქონდა. რომ არა ეს გამოცდილება, ჩემს მეუღლეს ვერასდროს დავაფასებდი. არსებობს ასეთი ფრაზა: „გიყვარდეს - ნიშნავს ხედავდე“.სიყვარულში ჩემთვის დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია.
ახლაც თან მაქვს ჩემი მეუღლის ნაჩუქარი საჩუქარ. სულ რამდენიმე თვის დაწყებული გვქონდა ურთიერთობა, როცა ეს მაჩუქა - Victorinox-ის ბარათი, სადაც არის მაკრატელი, სახრახნისი, კალამი, ნემსი, პინცეტი, გამადიდებელი
რომ აღვწერო, როგორი ადამიანი ვარ- ზუსტად ასეთი ვარ. მან უბრალოდ მიყურა, შეამჩნია ეს თვისებები და ეს ნივთი მაჩუქა. მახსოვს, ამაზე ძალიან ბევრი ვიტირე," - ამბობს ანასტასია.

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.
სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.
"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:
გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია
ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან 2017 წელს ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პატარა გოგონას, ლიანას მშობლები გახდნენ.