ტელეწამყვანი მაია ასათიანი ანა ტყებუჩავას გადაცემის, „მეხუთე ელემენტის“ სტუმარია. ცნობილი ტელესახე საკუთარი ცხოვრების, კარიერისა და პირადი გამოწვევების შესახებ საუბრობს.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პოდკასტის მონაკვეთი, სადაც მაია ასათიანმა დედასა და ოჯახურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

მაია ასათიანი დედასა და ოჯახურ ურთიერთობებზე
- მე და დედას ძალიან პატარა სხვაობა გვაქვს ასაკში და ისე გამოვიდა, რომ დებივით გავიზარდეთ. მე ამას ძალიან განვიცდი, იმიტომ, რომ დას დედა ვერ შეგიცვლის. პირიქით, დედა გახდა დედა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. და ალბათ, ახლა მთავარი საყრდენი დედაჩემია იმიტომ, რომ მე დედაჩემმა გადამარჩინა. ძლიერი ვარ, შევდექი, ფეხზე ავდექი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი აქვს, მართლა, ჩემს გაცოცხლებაში.
მეგობრებიც ვართ, ახლობლებიც, დედა-შვილიც - ყველაფერი ვართ ერთმანეთის. ხანდახან ჩემი დები ეჭვიანობენ ხოლმე,ამბობენ, ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ, ისეთი დიდი დოზით ელაპარაკებით ერთმანეთსო. გრძნობს, როდის მჭირდება. მაქვს ხოლმე მომენტები და საკმაოდ ხშირადაც, როცა სახლიდან გასვლა არ მინდა, როცა დეპრესიული ვარ ამდენი ტრავმის მერე და საყრდენი არის დედა.