"სუპერმარკეტში რიგში ზურგს უკან მესმოდა ჩურჩული, ის არის? სხვა გაეპასუხებოდა, არა, აქ როგორ დადგებოდა, რიგშიო" - მაკა ჩიჩუას ინტერვიუ - Marao

"სუპერმარკეტში რიგში ზურგს უკან მესმოდა ჩურჩული, ის არის? სხვა გაეპასუხებოდა, არა, აქ როგორ დადგებოდა, რიგშიო" - მაკა ჩიჩუას ინტერვიუ

2026-10-08 16:33:00+04:00

მაკა ჩიჩუა ყოველთვის არღვევდა პირველ ლედისთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ ჩარჩოებს. მის ცხოვრებაში ამის არაერთი მაგალითია.

მაკა ჩიჩუას ინტერვიუ

– ალბათ, ბევრს წარმოედგინა, რომ ფეშენებელურ უბანში უნდა გეცხოვრათ და უკვირდათ კიდეც, რატომ ცხოვრობდით რაიონში – ესეც ხომ სტერეოტიპია...

– ნამდვილად ასე იყო. სუპერმარკეტში პროდუქტების რიგში ზურგს უკან მესმოდა ჩურჩული, ის არის? სხვა გაეპასუხებოდა, არა, აქ როგორ დადგებოდა, რიგშიო. სადმე რომ შევიდოდი, როგორც „ჩვეულებრივი მოკვდავი“, როგორც მანამდე, უკვირდათ.

აქ ცხოვრებას რაც შეეხება, ჩვენ აქ მანამდე დავმკვიდრდით. შევიყვარე აქ ყოფნა. მაშინ, მით უმეტეს, ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ სეზონური მეურნეობა მქონოდა. ვშრომობდი მიწასთან და ძალიან მომწონდა. მიმეტოვებინა ეს ყველაფერი და სადღაც ბეტონის ცენტრში გადავსულიყავი, ამის სურვილი არც მე მქონდა და არც გიორგის. ჩვენ ამაზე შევთანხმდით.

  • "ძალიან მოვწონდი ყველას - საზღვრებს შიგნით თუ გარეთ" - მაკა ჩიჩუა, როგორც სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლო

maka

ის კი არა, ამერიკაში, თეთრ სახლში მიშელ ობამამ მოაწყო პატარა ბოსტანი. პოზიტიური პროპაგანდა მიწაზე მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენ გარეშეც არსებობდა და რა სჯობს, თუ შენი ბიომეურნეობა გაქვს და ყველაფერი ბუნებრივად მოგყავს. ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე ძალიან დიდ და ხანგრძლივ შრომას მოითხოვს. სეზონის ბოლომდე მუხლჩაუხრელად უნდა იშრომო და ეს მე ძალიან მსიამოვნებდა. ეს არც აკრძალული იყო. გიორგი ყოველდღე აქედან დადიოდა სამსახურში. ოფიციალური ესკორტიც დააპატარავა, არ უნდოდა ბევრი მანქანა და ორი დატოვა. მაგალითად, წითელზე ყოველთვის ვჩერდებოდით, როცა პროტოკოლში მითითებულია, რომ პრეზიდენტის ესკორტს შეზღუდვა არ აქვს, უნდა გაიაროს. წესს არასდროს ვარღვევდით.

– ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ძვირდად ღირებულ ბრენდებს მოირგებდით...

– კი, ეგ ინტერესიც იყო, აბა, რა ბრენდი აცვია?! დავიწყოთ იმით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც იმ ხელფასით, რაც გიორგის ჰქონდა და მეც ჩემი არასტაბილური შემოსავლით, ამ ღირებულების ტანსაცმელს როგორ გავწვდებოდი?! გიორგის 5 000 ლარი ჰქონდა ხელფასი. მეორე – ტანსაცმელში როგორ უნდა დავხარჯო დიდი ფული, ვის ვაკვირვებ ამით? გარდა ამისა, არაჩვეულებრივი დიზაინერი მყავდა, მე მხატვარი ვარ და თვითონაც ვაკეთებდი კოსტიუმებს და ჩვეულებრივ, ჩემთვის სანდრო მკერავს ვაკერინებდი.

  • „ვკითხე, აუცილებელია, მე და გიორგიმ ჯვარი დავიწეროთ-მეთქი? პასუხმა გამაოცა“ - მაკა ჩიჩუას მოგონებები და შეხვედრა ილია II-სთან

chichua

მერე დათუნა სულიკაშვილმა შემომთავაზა თანამშრომლობა და მე მომწონდა მისი ნამუშევრები. ერთად ვაკეთებდით კოსტიუმებს დიდი პრეზენტაციებისთვის. ეგ კი არა, რაც მქონდა, იქიდან რაღაცები გადავაკეთეთ და ამ ტანსაცმლით მოვწონდი ყველას. მე ვფიქრობ, რომ ინდივიდუალობა არ უნდა დაკარგო. არ უნდა შეეცადო, შენი თავისგან ტანსაცმლით შექმნა რაღაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ თავი არ უნდა აწვალო და როგორიც ხარ, იმისგან უნდა შექმნა საინტერესო პერსონაჟი. ეს არის ყველაზე მთავარი.

წაიკითხეთ სრულად