„შემოვტრიალდი და წამოსვლას ვაპირებდი...“ - როგორ გახდა 16 წლის ნათია ბაკურაძე „სუხიშვილების“ შეუცვლელი წევრი - Marao

„შემოვტრიალდი და წამოსვლას ვაპირებდი...“ - როგორ გახდა 16 წლის ნათია ბაკურაძე „სუხიშვილების“ შეუცვლელი წევრი

2026-10-12 11:12:27+04:00

ქართული ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ ცნობილმა მოცეკვავემ, ნათია ბაკურაძემ „აჭარის მაუწყებელთან“ ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი და ლეგენდარულ ანსამბლში მისვლის პირველი დღეები გაიხსენა.

მოცეკვავის თქმით, მისი ცხოვრება თინეიჯერობის ასაკში, მამის გარდაცვალებამ მკვეთრად შეცვალა.

ნათია ბაკურაძე და "სუხიშვილები"

„როცა თინეიჯერი ვიყავი, მამა გარდაიცვალა და ჩემი ეს ახალგაზრდული, თინეიჯერული გასხივოსნებაც თან ჩააქრო და წაიღო. მთელი ოჯახი ძალიან დამოკიდებული ვიყავით მამაზე, დედაც ძალიან ახალგაზრდა იყო. მე 16 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 18-ის. მივხვდი, რომ ეს მძიმე პერიოდი უნდა დასრულებულიყო და მე რაღაც უნდა გამეკეთებინა.

გადავწყვიტე, სადმე მეცეკვა და სად თუ არა "სუხიშვილებში"? პირველად რომ მივედი, ანსამბლი სამთვიან გასტროლზე იყო წასული. როგორც კი დაბრუნდნენ, რა თქმა უნდა, მაშინვე დავბრუნდი. ქალბატონმა ინგა თევზაძემ მიმიღო: სექტემბერში მოდი, ახლა მაინც ანსამბლი ისევ გასტროლზე მიდის, ცოტა ხანში კი დასვენება იქნებაო, მითხრა. მაშინ გაზაფხული იყო. 

ვიფიქრე, სექტემბერში ალბათ აღარც მივალ-მეთქი. შემოვტრიალდი და ვუთხარი, კარგი, დიდი მადლობა-მეთქი. დამიძახა ქალბატონმა ინგამ და ყველაფერი თავიდან მომაყოლა. მეორე დღეს დამიბარა და მას შემდეგ, დღემდე, ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ.

უნდა იცოდე, რა გინდა. ცხოვრებაში შენს დასახმარებლად არავინ მოვა - ყველას თავისი საქმე აქვს და ყველას თავისი ადგილი აქვს შენს ცხოვრებაში,“ - ამბობს ნათია ბაკურაძე.

natia-bakuradze

  • ოცნება, რომელიც კარნეგი ჰოლში ახდა — "სუხიშვილები" ნიუ იორკის სცენაზე და ემოციები პირდაპირ სცენიდან 

ნათია ბაკურაძის ოჯახი

ნათიასთვის ოჯახი უმთავრესი საყრდენია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე მოცეკვავე არ არის, ის პირველივე დღიდან მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

"ჩემი მეუღლე არ არის მოცეკვავე, ის პირველივე დღიდან ჩემს გვერდითაა. მან ძალიან კარგად იცის ვინ მოიყვანა ცოლად, ვინ უყვარს. მას მე ჩემი "სუხიშვილებიდან" ვუყვარვარ. ბავშვებთან მიმართებით ჩემთვის ეს ყველაფერი რთულია, როდესაც გასტროლებისთვის მიწევს მათი დატოვება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ჩავერთო მათი აღზრდის პროცესში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ყველაზე მეტი რაც შევწირე ეს არის დრო, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ასეთია "სუხიშვილების" მოცეკვავის ბედი. ბოლო პერიოდია ნინო სუხიშვილი გვაძლევს საშუალებას, რომ ცოტა გამოვტოვოთ გასტროლები და ერთზე თუ ვერ წავედით, მეორეზე შეგვიძლია წავიდეთ. მე უკვე ბევრი წელია ანსამბლში ვარ და არცერთი გასტროლი არ გამომიტოვებია, მაგრამ ახლა როცა ანსამბლი გასტროლზეა, რამდენიმე მოცეკვავე თბილისში დავრჩით. 

natia-bakuradze

  • 6 გამორჩეული ცნობილი ქალი "თბილისობა 2026"-ზე: ვინ როგორ გამოიყურებოდა საღამოზე 

ორი შვილი მყავს და ორივე ბავშვი ზაფხულის პერიოდში გავაჩინე. სექტემბერში კი უკვე დავუბრუნდი რეპეტიციებს და გასტროლებზეც ძალიან მალე წავედი. სამი თვის იყო პირველად რომ დავტოვე. 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა დეკრეტში გავედი, თუმცა ფეხმძიმე გასტროლზეც გავფრენილვარ და კონცერტიც ჩამიტარებია," - ამბობდა ნათია.