მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემა „სარკასტიკას“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი წონის კლების რთულ, თუმცა შედეგიან გამოცდილებაზე სრულიად ღიად და გულახდილად ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ჯამში 26-28 კილოგრამი დაიკლო, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად საკმაოდ რადიკალურ მეთოდებს მიმართა.
"26-28 კილოგრამი დავიკელი. მთელი თბილისი ამას იკეთებს. ჯერ ვიშიმშილე, მერე „ოზემპიკს“ ვიკეთებდი. ამას ასე ხმამაღლა ვერ იტყვი, რადგან მერე სხვა ადამიანიც ადგება და იმავეს გააკეთებს. ჩემი პასუხისმგებლობაც ეს იყო - ვიღაცები არ ამდგარიყვნენ და ნემსები არ გაეკეთებინათ. ამ პერიოდში თან გიჟივით ვვარჯიშობდი. ყველაფერი ვცადე: პილატესი, ცურვა... უბრალოდ, არ შემიძლია ვარჯიში, მაგრამ გახდომის პროცესში მაინც გიჟივით ვვარჯიშობდი.
მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც საერთო სურათი გადავიღეთ. სახლში რომ მივედი და ამ სურათს დავხედე, ყველა გამხდარი და ლამაზი იყო, მე კი - ძალიან მსუქანი. ერთხელ ერთმა ქალმა მითხრა, კისერი არ გაქვსო. ამაზე საკუთარ თავზე გავბრაზდი და მეორე დღიდანვე წონის კლებაზე დავიწყე ფიქრი. იმ დღიდან დღემდე ვაკონტროლებ წონას. გამორიცხულია, 7 საათის შემდეგ რამე მივირთვა. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. მაგ პერიოდში ვამბობდი, რომ ის წონა ჩემთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ რეალურად პრობლემა გახლდათ. კლების შემდეგ განვთავისუფლდი და შინაგანად სხვანაირი გავხდი" -ამბობს თიკა.

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.