მომღერალ ირმა სოხაძეს ბევრჯერ ჰქონდა შემოთავაზება, კარიერა უცხოეთში გაეგრძელებინა, სადაც მას საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობდნენ. თუმცა, როგორც თავად ამბობს, იმდენად მიჯაჭვულია თავის ქვეყანაზე, იმდენად უყვარს თბილისი და ის გარემო, სადაც დაიბადა და გაიზარდა, უცხო მხარეში ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

– ხშირი გასტროლები, კონცერტები, ჩაწერები... ყოველთვის ამ რეჟიმში გიწევდათ ცხოვრება. ბევრმა თქვენმა კოლეგამ კარიერის გამო ოჯახი დაანგრია. რა არის თქვენი და თქვენი მეუღლის, ბატონი რეზოს, ოჯახის იდილიისა და ამდენწლიან თანაცხოვრებაში, სიმშვიდის შენარჩუნების საიდუმლო?
– რაც გავთხოვდი, ათიდან ცხრა კონცერტსა და გასტროლზე, რომელიც შორ გზაზე იყო, უარს ვამბობდი. სულ სამი გასვლითი გასტროლი მახსენდება, როცა უარი არ მითქვამს.
ვინც არ ამბობდა უარს უცხოეთში ხანგრძლივ და ხშირ გასტროლებზე, უმეტესობას დაენგრა ოჯახი და ვერ შეინარჩუნა, მე კი უარს ვამბობდი. არ გამოდის, სამი წელი ვიყო უცხოეთში, ჩემი მეუღლე – აქ, ოჯახი ერქვას და ურთიერთობა შენარჩუნდეს. მე ამის არც ნიჭი მაქვს და არც შემეძლო, ასე მოვქცეულიყავი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა, ბავშვები და მეუღლე დამეტოვებინა და უცხოეთში წავსულიყავი, ამიტომ, მინიმალურად დავდიოდი სხვაგან და ჩემს ქვეყანაში ვიღებდი მონაწილეობას კონცერტებში. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა ხელს გიშლიან, ფეხს გიდებენ, ვიღაცას უნდა კონცერტიდან შენი ამოღება, მაგრამ გადავიტანე და არც არაფერი დამშავებია. დღეს, გარკვეულ კონცერტებზე თავად ვამბობ უარს და არ მინდა მღერა.
როცა არ გემღერება და არ გეხალისება სიმღერა, იძულებული ხარ კატეგორიულად თქვა უარი. ასე რომ, იმის გამო, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა და საყვარელი ადამიანი მყოლოდა გვერდით, ხშირად მითქვამს უცხოეთში გასტროლზე უარი. შეიძლება, არც არის კარგი და მსახიობს და მომღერალს არ უნდა უხაროდეს, როცა არ უნდა ხშირი მოგზაურობა და უცხოეთში კონცერტზე უარს ამბობს, მაგრამ მე ასე ვიყავი, ვერ მოვიტყუები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც ოჯახი შემანარჩუნებინა. ერთად ყოფნის გარეშე არ გამოდის ოჯახი – ეს ჩემი აზრია. ვფიქრობ, თუ ოჯახი ჰქვია, ერთად უნდა ზრდიდეთ ბავშვებს, ერთად უნდა გიხაროდეთ და ერთად გადალახოთ და გადაიტანოთ პრობლემა თუ ცხოვრებისეული ბარიერები. ამის გარეშე, ურთიერთობა ცივდება. ზოგადად, ოჯახურ ურთიერთობებს ათასი გრადაცია და მოდიფიკაცია ემუქრება და ზემოდან დამატებული კიდევ უფრო ამძაფრებს.
52 წელია, მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ, ერთმანეთს კი 54 წელია, რაც ვიცნობთ. ბოლო წლებია, ვერიდებით თარიღების გრანდიოზულად აღნიშვნას. ისე გავხდი 70 წლის და რეზო 75-ის, დიდი დაბადების დღე არ გადავიხადეთ.
როცა რაღაცები არ არის საყოველთაო და საზეიმო, მოკრძალებულადაც შეიძლება, აღინიშნოს ის შენი 70 და 75 წლის იუბილე. გადავდეთ და კარგად რომ იქნება ყველაფერი, მერე ერთიანად ვიქეიფებთ.