მომღერალმა და ტელეწამყვანმა ირმა სოხაძემ საკუთარი გარეგნობისა და ცხოვრების წესის ცვლილებაზე გულახდილად ისაუბრა. მან გაიხსენა წლები, როდესაც საკუთარი თავი არ მოსწონდა და დეტალურად გააზიარა, თუ როგორ შეძლო მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ჯანსაღი რაციონის არჩევა.

„არ მომწონს ჩემი თავი“ - ირმა სოხაძე ძველ ფოტოებსა და გარეგნობაზე
მომღერალი აღნიშნავს, რომ წარსულში საკუთარი გარეგნობით ყოველთვის კმაყოფილი არ ყოფილა და ძველი ფოტოების ნახვისას განსხვავებას მკაფიოდ ხედავს:
„არ ვიყავი ყველა ასაკში ლამაზი. ახლა რომ რაღაც ჩემს ძველ სურათებს ვნახულობ, არ მომწონს ჩემი თავი. ნუ ახლა, არც ეს ძველმოდური ჩაცმულობა რომ არ მომწონს და ვარცხნილობა, ეს სხვა თემაა, მაგრამ აი, გამომეტყველება, თვალები ჩაშავებული...“
30-წლიანი მავნე ჩვევა და უარი მავნე პროდუქტებს
ირმა სოხაძემ განმარტა, თუ რამ იმოქმედა უარყოფითად მის გარეგნობაზე და როგორ მიიღო მკვეთრი ცვლილებების გადაწყვეტილება 18 წლის წინ:
„ჯერ ერთი, ვეწეოდი სიგარეტს, 30 წელი, ასე გამოვიდა. და 18 წლის წინ დავანებე სიგარეტს, ტკბილს, ცომს და წითელ ხორცს. ხანდახან ცომეული და წითელი ხორცი შეიძლება, ძალიან თუ მინდა... უცებ ხაჭაპური შევჭამო ან სადილი ძროხის, ერთი-ორი ლუკმა, ოღონდ ცოტა ძალიან. ისიც ძალიან იშვიათად.“

ჯანსაღი რაციონი და სრული უარი შაქარს
დღეს მომღერალი უპირატესობას მხოლოდ სასარგებლო და დიეტურ პროდუქტებს ანიჭებს, რისი შეყვარებაც ორგანიზმისთვის მათი სარგებლიანობის გაცნობიერების შემდეგ შეძლო:
„ძირითადად, ბოსტნეული მიყვარს, ქათამი, თეთრი ხორცი და ის, რაც დიეტურია. რაც წავიკითხე, რომ კარგია, შემიყვარდა. რომ წავიკითხე, რომ შაქარი ცუდია, საერთოდ შაქარი ამოვიღე ყველანაირი რაციონიდან. ტკბილი ძალიან მიყვარდა.“
„ოთხი „სნიკერსი“ ღამის რაციონად“ - წარსულის სტრესული ჩვევები
ირმა სოხაძემ გაიხსენა ის პერიოდიც, როდესაც გადატვირთული გრაფიკის გამო ორგანიზმს დიდ სტრესს აყენებდა:
„მაგალითად, ღამე მონტაჟზე, ახალ წლებზე, შემეძლო, ოთხი „სნიკერსი“ მიმერთვა და ეს იყო მთელი ჩემი ღამის რაციონი. ეს ნორმალური არ არის. ძალიან დიდი სტრესია ორგანიზმისთვის და ცუდ სამსახურს უწევ შენს თავს.“