იღბალი და შრომისმოყვარეობა - რომელს რა წვლილი მიუძღვის მსახიობ ნინო მუმლაძის წარმატებაში და როგორია მისი ფორმულა, რაც წინსვლაში ეხმარება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ის, რასაც მიაღწიეთ და რაც გაქვთ, შრომისმოყვარეობის დამსახურება უფროა თუ იღბლის?
– ერთმანეთის გარეშე გამორიცხულია. როგორც არ უნდა გაგიღიმოს იღბალმა, თუ შენ შანსებს არ გამოიყენებ, არაფერი გამოვა. ცხოვრებაში შანსი ყველას გვეძლევა, მას, პირველ რიგში, შემჩნევა უნდა. შეიძლება, ბევრი საინტერესო წინადადება ვერ გამოვიყენე, რადგან თავის დროზე ვერ შევამჩნიე მასში პოტენციალი ან იმ მომენტში სხვა პრიორიტეტი მქონდა, არადა, სამომავლოდ შეიძლებოდა, უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ამას ვერ გათვლი, მაგრამ თუ ხვდები, რომ შანსი გეძლევა, მას უნდა მოეჭიდო.
საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მივდიოდი სამოგზაუროდ, გზაში ერთი ქალბატონი გავიცანი. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი რადიოში მუშაობდა, უცებ წამყვანი დასჭირდათ, მე გავახსენდი და ასე ვიშოვე სამსახური. ხომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის მოგზაურობა ჩემს ცხოვრებას ამდენად განსაზღვრავდა. ეს ხომ არის საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა და გამართლება?! ასეთი რამეები ყველას ცხოვრებაში ხდება და მერე მისი სწორად გამოყენებაა საჭირო. მე რომ პოზიტიური ურთიერთობა არ დამემყარებინა ამ ადამიანთან, ხომ არ გავახსენდებოდი? ხანდახან შეიძლება, იმავე გარემოებაში რაღაც პრობლემებით მოხვდე, ვერ გამოასხივო პოზიტივი, რაც მერე შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ იღბალი მნიშვნელოვანია, ისევე, როგორ მოცემული შანსის გამოყენება და შენი მდგომარეობა. ინტერესი, შრომისმოყვარეობა, გამართლება – ყველაფრის ერთიანობა იძლევა შედეგს, ასე მგონია. შანსები კი ყველას გვაქვს, მაგრამ პესიმისტი ადამიანი მას ნაკლებად ამჩნევს.
– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ?
– პირადი ცხოვრება. ეს არის ის, რაშიც თავს უიღბლოდ მივიჩნევ. ისე მოვედი 38 წლამდე, რომ ვერ შევხვდი ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს, რომელთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარების სურვილი გამიჩნდებოდა. 38 წლის ასაკში მეგონა, რომ ასეთი ადამიანი შემხვდა, ოჯახი შევქმენი, მაგრამ ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა.
ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ამის მიუხედავად, მე თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი შვილი მყავს, არაჩვეულებრივი ოჯახის წევრები, მეგობრები... ბევრი ბედნიერი მომენტია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა.
– თითქოს ორივე ერთად არ გამოდის?
– არა მგონია. უამრავი ადამიანია ჩემ გარშემო, რომლებიც კარიერაშიც წარმატებულები არიან და კარგი ოჯახიც აქვთ. შეიძლება, ჩემი ხასიათია მიზეზი? არა მგონია, როცა გვერდით ადამიანი მყავს, ყველანაირად ვცდილობ, ხასიათი შევუწყო. არ ვიცი, რისი ბრალია. რომ ვიცოდე, გამოვასწორებდი (იცინის).