კრიტიკა, რომელიც არ ცხრება: რატომ გახდა განსჯის საგანი Victoria's Secret-ის შოუ 2026 - Marao

კრიტიკა, რომელიც არ ცხრება: რატომ გახდა განსჯის საგანი Victoria's Secret-ის შოუ 2026

2026-10-19 10:07:52+04:00

Victoria's Secret-ისს ყოველწლიური მოდის შოუ კვლავ ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად იქცა. 18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გამართულ ჩვენებაზე, პოდიუმზე ბრენდის ცნობილი „ანგელოზები“ დაბრუნდნენ, მაყურებელმა შთამბეჭდავი ფრთები და თეთრეულის ახალი კოლექციები იხილა, მუსიკალურმა ნომრებმა კი საღამოს განსაკუთრებული ენერგია შესძინა. თუმცა, შოუს დასრულების შემდეგ ყურადღება მხოლოდ სანახაობრივ გამოსვლებზე არ გამახვილებულა - სოციალურ ქსელებში კრიტიკაც დაიწყო, განსაკუთრებით შერჩევის გადაწყვეტილებებისა და ზოგიერთი ლუქის გამო.

ბელა ჰადიდმა შოუ გახსნა

საღამოს ერთ-ერთი მთავარი მომენტი ბელა ჰადიდის პოდიუმზე გამოჩენა იყო. მოდელმა ჩვენება გახსნა მწვანე თეთრეულით, ლაიმისფერ მინი ქვედაბოლოსა და ყვავილებით გაფორმებული, მცენარის ტოტების შთაგონებით შექმნილი ფრთებით. მისი ლუქი ბუნების თემატიკას ეხმიანებოდა და პოდიუმზე საგაზაფხულო განწყობა შემოიტანა.

bella-hadid

  • მილიონიანი ქონება და ჰონორარები Victoria's Secret-ში: რამდენს გამოიმუშავებენ მოდელები და რა არის მატილდა გვარლიანის ანაზღაურება 

ბელა Victoria's Secret-ის შოუზე 2016 წელს გამოჩნდა, შემდეგ კი 2024 და 2025 წლების ჩვენებებშიც მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ მოხვდა მოდის გამოცემების ყურადღების ცენტრში.

შოუს პოდიუმზე ბელას და, ჯიჯი ჰადიდიც გამოჩნდა. მან ვარდისფერი, ყვავილოვანი დეტალებით გაფორმებული ლუქი წარადგინა, მოგვიანებით კი თეთრი მინი კაბითა და ფუმფულა ფრთებით გამოვიდა.

gigi-hadidi

ადრიანა ლიმა, ირინა შეიკი და სხვა ცნობილი მოდელები

Victoria's Secret-ის პოდიუმზე კვლავ გამოჩნდნენ ბრენდის ცნობილი სახეები - ადრიანა ლიმა, კენდის სვეინპოლი, ალესანდრა ამბროსიო, ირინა შეიკი, ანოკ იაი, ეშლი გრეჰემი, ელსა ჰოსკი, პალომა ელსესერი და სხვა მოდელები.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ანოკ იაის გამოსვლამ. მოდელმა ვარდისფერი, დიდი ყვავილის ფორმის დეკორატიული ელემენტით გაფორმებული კოსტიუმი წარმოადგინა. მისი ლუქი ჩვენების ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ვიზუალურ მომენტად იქცა.

ეშლი გრეჰემმა კი პოდიუმზე ვარდისფერი და ყვითელი ყვავილებით გაფორმებული მასშტაბური ფრთები მოირგო. წლევანდელ კოლექციაში ყვავილოვანი მოტივები, მკვეთრი ფერები, ბუმბული და მოცულობითი დეკორაციები განსაკუთრებით ჭარბობდა.

  • 4 დღე წლის მთავარ შოუმდე! არის თუ არა მატილდა გვარლიანი ანგელოზებს შორის? ყველაფერი The Victoria's Secret Fashion Show 2026-ზე 

ჟიზელ ბიუნდჰენის მოულოდნელი გამოჩენა

შოუს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი ჟიზელ ბიუნდჰენის გამოჩენა გახდა. ლეგენდარული ბრაზილიელი სუპერმოდელი, რომელიც Victoria's Secret-ის პოდიუმზე ბოლოს 2006 წელს გამოვიდა, ღონისძიების დაწყებისას წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში გამოჩნდა.

ჟიზელმა მაყურებელს შოუსთვის მზადყოფნის შესახებ მიმართა, ფინალის შემდეგ კი დაბრუნებაზე მიანიშნა და თქვა, რომ მისგან მაყურებელი მომავალშიც ბევრს იხილავს. ამ ფრაზამ დამატებითი ინტერესი გააჩინა იმის მიმართ, შეიძლება თუ არა მოდელი ბრენდთან უფრო აქტიურად დაბრუნდეს.

თუმცა, მისი გამოჩენა სრულფასოვანი პოდიუმური დაბრუნება არ ყოფილა - ამჯერად ჟიზელი პირდაპირ ეთერში ჩვენების მონაწილე არ ყოფილა.

მუსიკალური ნომრები და მეგან ტი სტალიონის დებიუტი

წლევანდელი შოუ მხოლოდ მოდის ჩვენებით არ შემოიფარგლა. მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ Tate McRae, Megan Moroney, KATSEYE და Megan Thee Stallion.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მეგან ტი სტალიონმა, რომელმაც მუსიკალური გამოსვლის გარდა პოდიუმზეც გაიარა. მისი შოუსთვის შერჩეული სტილი ბრენდისთვის დამახასიათებელ თამამ ესთეტიკას ეხმიანებოდა.

Tate McRae-მ კი თავისი მუსიკალური გამოსვლა პოდიუმის სანახაობრივ გარემოს შეუხამა. მომღერლების კოსტიუმები, ფრთები და მოდელებთან მათი გამოჩენა საღამოს ერთ-ერთ მთავარ სანახაობად იქცა.

ვინ გახდა Victoria's Secret-ის ახალი „ანგელოზი“?

წლევანდელ შოუზე მნიშვნელოვანი სიახლე 21 წლის სოლანჟ ომონის გამოჩენა იყო. კამერუნში დაბადებული და აშშ-ში მცხოვრები მოდელი ბრენდის სპეციალური კასტინგის გამარჯვებული გახდა.

სოლანჟი ათასობით კანდიდატს შორის შეარჩიეს. მისი გზა Victoria's Secret-ის ახალ სახემდე ბრენდის დოკუმენტურ სერიალშიც გაშუქდა. გამარჯვების შედეგად მან IMG Models-თან კონტრაქტი მიიღო, რაც მისთვის საერთაშორისო სამოდელო კარიერის ახალ ეტაპს ნიშნავს.

მისი ისტორია ბრენდის მცდელობასაც უკავშირდება, პოდიუმზე ახალი სახეები წარადგინოს და ტრადიციულად ცნობილ მოდელებთან ერთად დამწყებ მონაწილეებსაც მისცეს შესაძლებლობა.

viktoria-sekretis-debiutanti

  • „წაშლილი“ წარბები - ტრენდი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია: რატომ იღიავებენ ვარსკვლავები წარბებს? 

რატომ გააკრიტიკეს შოუ სოციალურ ქსელებში?

მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა და სანახაობრივი დადგმისა, წლევანდელმა ჩვენებამ კრიტიკის გარეშე არ ჩაიარა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებში მომხმარებელთა ნაწილი წერდა, რომ შოუს წარსული წლებისთვის დამახასიათებელი გლამური და განსაკუთრებული ესთეტიკა აკლდა. Reddit-ის განხილვებში ზოგიერთი მაყურებელი ცალკეული კოსტიუმების დიზაინს აკრიტიკებდა, სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ ფრთებისა და დეკორაციების ნაწილი ზედმეტად გადატვირთული იყო.

ამასთან, დადებითი შეფასებებიც არაერთი იყო. ანოკ იაის გამოსვლამ დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, ხოლო ტეიტ მაკრეის გამოჩენას მისი თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ.

შოუს გარშემო დისკუსიის კიდევ ერთი მიზეზი მოდელების შერჩევა გახდა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია რომი სტრეიდის არყოფნამ.

რომი სტრეიდის არყოფნამ უკმაყოფილება გამოიწვია

ნიდერლანდელმა მოდელმა რომი სტრეიდმა, რომელიც Victoria's Secret-ის ხუთ ზედიზედ გამართულ ჩვენებაში მონაწილეობდა, წლევანდელ შოუში მიწვევა ვერ მიიღო. მოდელმა TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში იმედგაცრუების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უარი მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გადაწყვეტილების შესახებ დროულად და მკაფიოდ ვერ შეიტყო.

მისმა განცხადებამ სოციალურ ქსელებში დისკუსია გამოიწვია. მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ბრენდს ისეთი მოდელები უნდა დაებრუნებინა, რომლებიც წლების განმავლობაში მისი პოდიუმის განუყოფელი ნაწილი იყვნენ. სხვები კი კითხულობდნენ, რატომ არ მიეცათ მათთვის შესაძლებლობა, მაშინ როცა ბრენდი ახალ სახეებსა და ცნობილ ადამიანებს იწვევდა.

რომი სტრეიდის შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, როგორ უნდა შეინარჩუნოს Victoria's Secret-მა კავშირი თავის სამოდელო ისტორიასთან და ამავდროულად განაახლოს შოუს კონცეფცია.

შეძლო თუ არა Victoria's Secret-მა ძველი დიდების დაბრუნება?

Victoria's Secret-ის მოდის შოუ წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სანახაობად ითვლებოდა. 2019 წელს მისი ტრადიციული ფორმატის გაჩერების შემდეგ ბრენდმა პოდიუმზე დაბრუნება 2024 წელს სცადა, 2025 წელს კი შოუ კვლავ გამართა.

2026 წლის ჩვენებამ კიდევ ერთხელ შეკრიბა ცნობილი მოდელები, მუსიკოსები და მოდის მოყვარულები. ბელა და ჯიჯი ჰადიდების გამოჩენა, ჟიზელ ბიუნდჰენის მოულოდნელი ვიდეო, მუსიკალური ნომრები და ახალი „ანგელოზის“ წარდგენა ღონისძიების მთავარ მომენტებად იქცა.

თუმცა, სოციალურ ქსელებში გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებები ცხადყოფს, რომ მხოლოდ ცნობილი სახელები და მასშტაბური დეკორაციები საკმარისი არ არის. აუდიტორიის ნაწილი ძველი Victoria's Secret-ის გლამურის დაბრუნებას ელოდება, სხვები კი ბრენდისგან უფრო თანამედროვე, თამამ და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვენ.

ერთი რამ ცხადია: Victoria's Secret-ის შოუ კვლავ რჩება მოვლენად, რომელიც არა მხოლოდ მოდის მოყვარულების, არამედ ფართო აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს.