ბარბარა პალვინ სპრაუსი, რომელიც 1993 წლის 8 ოქტომბერს ბუდაპეშტში დაიბადა, ცნობილი უნგრელი მოდელი და მსახიობია. მისი ოჯახი მამისგან - იშტვან პალვინისგან, დედისგან - აგნეს პალვინისგან და დისგან, ანიტასგან შედგება. ბავშვობაში ბარბარა ხშირად სტუმრობდა სოფლად მცხოვრებ ბებიასა და დიდ ბებიას. ცამეტი წლის ასაკში, როდესაც იგი დედასთან ერთად ბუდაპეშტის ქუჩებში სეირნობდა, სამოდელო სკაუტმა შენიშნა. მან პირველი ფოტოსესია 2006 წელს ჟურნალ Spur Magazine-ისთვის გამართა, რის შემდეგაც აზიაში გადავიდა და სტაბილურად იღებდა მონაწილეობას სხვა გადაღებებშიც. მას შემდეგ ბარბარას ფოტოებმა დაამშვენა ისეთი ავტორიტეტული გამოცემების გარეკანები, როგორიცაა L'Officiel, Vogue, Marie Claire, Glamour, Elle, Allure, GQ, Harper's Bazaar და Numéro. გარდა ამისა, მონაწილეობდა Armani Exchange-ის, H&M-ის, Victoria's Secret-ისა და Pull & Bear-ის სარეკლამო კამპანიებში.
მისი სადებიუტო გამოსვლა პოდიუმზე 2010 წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულზე, Prada-ს ჩვენებისას შედგა. მომდევნო წლებში იგი თანამშრომლობდა ისეთ წამყვან მოდის სახლებთან, როგორებიცაა Louis Vuitton, Miu Miu, Nina Ricci, Emanuel Ungaro, Christopher Kane, Julien MacDonald, Jeremy Scott, Giles Deacon და Vivienne Westwood; მანვე გახსნა Chanel-ის 2011 წლის წინასაშემოდგომო ჩვენება. 2012 წლის თებერვალში იგი L'Oréal Paris-ის ელჩი გახდა, ხოლო იმავე წლის მიწურულს Victoria's Secret-ის ცნობილ ჩვენებაზეც გამოვიდა. 2016 წელს პალვინი Sports Illustrated Swimsuit-ის „ახალბედათა კლასს“ შეუერთდა, ხოლო ჟურნალ Maxim-ის ასი ყველაზე მიმზიდველი ქალის სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა. Tumblr-ის 2017 წლის მონაცემებით, იგი სოციალური ქსელის მეორე ყველაზე პოპულარულ მოდელად დასახელდა.

სამსახიობო სფეროში მისი დებიუტი 2014 წელს შედგა, როდესაც ფილმში „ჰერკულესი“ მითოლოგიური დედოფლის, ანტიმაქეს როლი განასახიერა. 2018 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა Victoria's Secret-ის პოდიუმს, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველი უნგრელი მოდელი გახდა, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა Victoria's Secret-ის „ანგელოზის“ სტატუსი. აღსანიშნავია, რომ იგი Longines-ისა და Armani Beauty-ს ოფიციალური ელჩია.
საზოგადოება და მედია ბარბარას ხშირად ადარებს რუს მოდელს, ნატალია ვოდიანოვას. British Vogue-ის რედაქტორმა მირანდა ალმონდმა აღნიშნა: „ჩვენ ბარბარა შევარჩიეთ, რადგან მას გამორჩეულად დახვეწილი გარეგნობა აქვს; იგი ახალგაზრდა ბრუკ შილდსისა და ნატალია ვოდიანოვას ნაზავს წარმოადგენს“. თავად მოდელი შთაგონების წყაროდ სწორედ ვოდიანოვასა და კეიტ მოსს ასახელებს. მიუხედავად პოდიუმისთვის არასტანდარტული პარამეტრებისა, მედია მის ფორმებს ბრენდის მხრიდან „ბოდიპოზიტივისკენ" გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.
2018 წელს ბარბარასა და ამერიკელ მსახიობ დილან სპრაუსს შორის რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. წყვილი თავდაპირველად ბრუკლინში ცხოვრობდა, 2021 წელს კი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადაბარგდა. 2023 წლის ივნისში მათ საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბრიდან იყვნენ დანიშნულები. 2023 წლის 15 ივლისს მათ იქორწინეს უნგრეთის ქალაქ ალბერტირსაში - იმავე ეკლესიაში, სადაც წლების წინ ბარბარას მშობლებმა დაიწერეს ჯვარი. ქორწინების შემდეგ მან მეუღლის გვარი მიიღო. 2026 წლის მაისში წყვილმა პირველი შვილის მოლოდინის შესახებ განაცხადა, სექტემბერში კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.
2025 წლის აგვისტოში ბარბარამ საჯაროდ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ენდომეტრიოზის დიაგნოზი დაუსვეს და სიმპტომების შესამსუბუქებლად ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. როგორც მან კულისებში აღნიშნა: „ოპერაცია ივნისში გავიკეთე და განსხვავება დღესა და ღამესავითაა. სხვაობა უბრალოდ საოცარია. ცხადია, ეს ისეთი თემაა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ნაკლებადაა გამოკვლეული“. ამასთან, მან მადლიერებით აღნიშნა მეუღლის მხარდაჭერა: „დილანი ექსტრემალურად მზრუნველი იყო და დამეხმარა მთელი აღდგენითი პროცესის და ყველაფრის გადატანაში“.

თავად დილანიც მუდმივად გამოხატავს მეუღლის მიმართ აღტაცებას. გასული წლის ჩვენების წინ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ბარბარა პოდიუმზე მაშინ გადიოდა, როდესაც ფეხის მოტეხილობის შემდეგ სრულად ჯერ კიდევ არ იყო გამოჯანმრთელებული. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ნერვიულობდა, ბარბარა ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს: „ის ყველაფრის მიმართ ძალიან გულგრილია. უბრალოდ ამბობს: „ჰმ, კარგი, დღეს ის დღეა“. მე კი ვეუბნები: „მაგრამ შენ თვეების განმავლობაში ვარჯიშობდი. სცენის შიში არ გაქვს?!“
2026 წლის 18 ოქტომბერს, მშობიარობიდან ზუსტად ექვსი კვირის თავზე, სუპერმოდელი ტრიუმფით დაუბრუნდა Victoria's Secret-ის გრანდიოზულ ჩვენებას ლოს-ანჯელესში. შოუს წინ მან Page Six Style-სთან საუბრისას აღნიშნა: „ბედნიერი ვარ. აღელვებული ვარ. იმედია, არ წავიქცევი!".
ბარბარას მიმართ სოციალურ ქსელსა თუ თავად Victoria's Secret-ის ბექსთეიჯში უამრავი კომენტარი გაკეთდა, თუ როგორი მამაცი, ძლიერი და თავდაჯერებულია იმის გამო, რომ შვილის გაჩენიდან ერთი თვის თავზე პოდიუმს დაუბრუნდა. ბარბარას პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უყურებს თავად ამ საკითხს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გონიერებას, ინტელექტს, თავდაჯერებულობასა და შინაგან თუ გარეგნულ სილამაზეს:
"მე ყველას ვეუბნი: ეს ნორმალურია. დეკრეტული შვებულება ექვსიდან რვა კვირამდე გრძელდება; სხვა ქალებიც 6 კვირის თავზე ბრუნდებიან სამსახურებში, მეც უბრალოდ ვაკეთებ იმას, რასაც ყველა სხვა ქალი აკეთებს - ჩემი სამსახური პოდიუმზე სიარულია!“

მან ასევე დაამატა: „საოცარია, რომ ჩემი სხეული ასე სწრაფად დაბრუნდა ფორმაში - საბედნიეროდ. და ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი ჯანმრთელი, როგორც ახლა. ორსულობისას მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენი გოგონა ჯანმრთელი იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ ორგანული საკვებით ვიკვებებოდი. ახლა კი, რადგან ბავშვს ძუძუთი ვკვებავ, მეც სწორად ვიკვებებოდი. ასე რომ, აი, ასე მოვემზადე: უბრალოდ მივეცი ჩემს სხეულს საშუალება, თავისით ჩამდგარიყო ფორმაში და ცოტა მსუბუქი ვარჯიშებიც ვაკეთე, მაგრამ არაფერი ზედმეტი“.
2012 წლის პირველი ჩვენების გახსენებისას მან თქვა: „ოჰ, მე მაშინ პანიკაში ვიყავი. თითქმის არაფერი მახსოვს, რადგან ეს იყო ნამდვილი ქარიშხალი... ვფიქრობდი: ჯანდაბა, მე ხომ ამის შემდეგ სცენაზე ვერ გავალ!“
ბარბარამ ახალბედა დედებს მიმართა და აღნიშნა: „ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ ძლიერები ვართ. ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა. რადგან მეც ასეთი ვარ; ყველაფრის თავად გაკეთება მინდა. მაგრამ აქ ვერ ვიქნებოდი, მეგობრები და ოჯახი რომ არ დამხმარებოდნენ. ისინი კართან გვიტოვებდნენ საჭმელს, დედაჩემი და მამაჩემი კი პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე ჩემთან ჩამოფრინდნენ. ვიცი, რომ ეს გიჟური თავგადასავალია, მაგრამ ჩვენ დედები ვართ; აბა, წავედით!“
შოუს დროს მან ვარდისფერი სამოსი მოირგო, მეგან მორონის ცოცხალი შესრულების ფონზე იარა, ხოლო დარბაზიდან დილან სპრაუსი გულშემატკივრობდა.