კენედების ოჯახის წარმომადგენელმა, კონორ კენედიმ, ბრაზილიელ მომღერალ ჯულია ბესთან ქორწილი გრანდიოზულად აღნიშნა. რიო-დე-ჟანეიროში გამართული სამდღიანი ზეიმი მუსიკას, ბრაზილიურ კულტურას, რომანტიკულ ცერემონიებსა და მაღალ მოდას აერთიანებდა.
როგორც Vogue წერს, წყვილმა გადაწყვიტა, ქორწილი არა მასაჩუსეტსში, კენედების ოჯახის ტრადიციულ გარემოში, არამედ პატარძლის მშობლიურ ქალაქში გაემართა. ჯულიას სურდა, სტუმრებისთვის ბრაზილიის კულტურა და რიო-დე-ჟანეიროს განსაკუთრებული ატმოსფერო გაეცნო.

კონორ კენედი და ჯულია ბე ერთმანეთს 2021 წელს, კონორის დის, კირას დახმარებით, ვირტუალურად დაუკავშირდნენ. მათი ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, მოგვიანებით კი ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებსა და პირად შეხვედრებში გადაიზარდა.
2022 წელს კალიფორნიაში პირველი შეხვედრის შემდეგ მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. 2024 წლის აგვისტოში კონორმა ჯულიას ხელი სთხოვა. ნიშნობისთვის მან ლოს-ანჯელესში, წყვილის ახალ სახლში, რომანტიკული გარემო მოაწყო: ოთახი სანთლებით გააფორმა და ელტონ ჯონის სიმღერა Your Song ჩართო. ჯულიას თქმით, მოულოდნელმა შეთავაზებამ იმდენად გაახარა, რომ პასუხი კონორს კითხვის დასრულებამდეც გასცა.
ქორწილის აღნიშვნა 8 ოქტომბერს დაიწყო. მისასალმებელ წვეულებაზე სტუმრების წინაშე ბრაზილიური სამბას სკოლა Unidos de Vila Isabel წარდგა. მუსიკამ და ცეკვამ დღესასწაულს თავიდანვე განსაკუთრებული ენერგია შესძინა.
მეორე დღეს წყვილმა სტუმრები იპანემას სანაპიროზე შეკრიბა, სადაც პლაჟის ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. ეს კენედების ოჯახისთვის დამახასიათებელი სპორტული ტრადიციის ბრაზილიური ინტერპრეტაცია იყო.
ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი რიო-დე-ჟანეიროს სიმბოლოდ ქცეული ქრისტეს ქანდაკების მახლობლად გამართული ნიშნობის ცერემონია აღმოჩნდა. ქალაქის პანორამული ხედებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გატარებული ეს წუთები ჯულიასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
10 ოქტომბერს წყვილმა საქორწინო ფიცი ისტორიულ კათოლიკურ ტაძარში - Nossa Senhora do Carmo da Antiga Sé-ში - გაცვალა. ცერემონიის შემდეგ სტუმრები Instituto Brando Barbosa-ში გამართულ მიღებაზე გადავიდნენ, სადაც ფოტო-კუთხე, ტაროს მკითხველი და საცეკვაო სივრცე ელოდათ.

ჯულია ბეს საქორწილო გარდერობი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი იყო. მომღერალმა დღესასწაულის სხვადასხვა ეტაპისთვის ხუთი განსხვავებული კაბა შეარჩია და საერთაშორისო მოდის სახლების შემოქმედება ბრაზილიურ დიზაინს შეუხამა.
მისასალმებელი წვეულებისთვის პატარძალმა ესპანური ბრენდის, YolanCris-ის, სპეციალურად მისთვის შექმნილი სამოსი მოირგო. კაბის მოსასხამზე წყვილის პირად ისტორიასთან დაკავშირებული დეტალები იყო ამოქარგული. საღამოს მეორე ლუქი კი ბრაზილიურ ბრენდ PatBo-ს ეკუთვნოდა. ჯულიასთვის მნიშვნელოვანი იყო, საკუთარ ქორწილში მშობლიური ქვეყნის მოდის ინდუსტრია წარმოეჩინა.
ქრისტეს ქანდაკებასთან გამართული ნიშნობის ცერემონიისთვის მან Calvin Klein Collection-ის მინიმალისტური კაბა შეარჩია, რომელსაც გრძელი, გამჭვირვალე საოპერო ხელთათმანები ავსებდა. დახვეწილი და კლასიკური სტილი კაროლინ ბესეტ-კენედის ცნობილ ესთეტიკასაც მოგვაგონებდა.

თუმცა ყველაზე გამორჩეული საქორწინო კაბა ბრიტანელ დიზაინერ ჰარის რიდს ეკუთვნოდა. მისი შექმნის პროცესს რვა თვე დასჭირდა. კაბა გრძელი სახელოებით, მაღალი საყელოთი და ისტორიული ფრანგული მოდის სახლის Solstiss-ის მაქმანით იყო გაფორმებული. დიზაინერისთვის შთაგონების წყარო 1970-იანი წლების რომანტიკული სტილი და „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟი პადმე ამიდალაც გახდა.
საქორწინო ცერემონიის შემდეგ ჯულიამ ჰარის რიდის მიერ შექმნილი კიდევ ერთი სამოსი მოირგო, რომელიც Tiffany & Co.-ს მაღალი საიუველირო კოლექციის აქსესუარებით შეავსო.
