ცნობილი ოჯახი, სწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში და პოპულარობა - "ჩემი ოცნება იყო ამერიკაში წასვლა და სწავლა": გაიცანით უფრო ახლოს ანა დოიაშვილი - Marao

ცნობილი ოჯახი, სწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში და პოპულარობა - "ჩემი ოცნება იყო ამერიკაში წასვლა და სწავლა": გაიცანით უფრო ახლოს ანა დოიაშვილი

2026-10-22 14:35:13+04:00

ფართო საზოგადოებამ ანა დოიაშვილი ჯერ კიდევ ბავშვობაში, საბავშვო მუსიკალურ პროექტში მონაწილეობისას გაიცნო. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, ემოციურობითა და სილაღით. მიუხედავად შესანიშნავი მუსიკალური მონაცემებისა, ბავშვობაში მას ჟურნალისტობა სურდა, თუმცა მოგვიანებით პრიორიტეტები შეცვალა, მუსიკას დაუბრუნდა და სწავლა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამუსიკო სასწავლებელში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, ჯაზ-ვოკალის მიმართულებით განაგრძო. 

anna-doi

  • წარმატებული ახალგაზრდა ქართველები, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს 

ანა დოიაშვილის ინტერვიუ

ანა ცოტა ხნის წინ გადაცემის, „არამარტო პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა ამერიკულ ცხოვრებაზე, კოლეჯში სწავლის გამოწვევებსა და პიროვნულ ძიებებზე. როგორც იგი იხსენებს, ამერიკაში სწავლა მისი დიდი ოცნება იყო, რომელიც რეალობად 17 წლის ასაკში იქცა.

"ჩემი ოცნება იყო ამერიკაში წასვლა და სწავლა; თან მოვხვდი ბერკლის კოლეჯში, სადაც ვოცნებობდი მოხვედრაზე. ძალიან რთული იყო - 17 წლის ვიყავი და 18 წლის იქ გავხდი. სხვანაირი მოლოდინი მქონდა და ალბათ ეს უფრო იყო ჩემთვის რთული, რადგან რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. მე გამიმართლა, რომ ბერკლში უკვე მყავდა ქართველი მეგობრები. უნივერსიტეტის საორიენტაციო კვირა იყო; პირველი შთაბეჭდილება რამაც მოახდინა, იყო გამხსნელი სიტყვა, როდესაც გვითხრეს, რომ იქ არ ვიყავით იმისთვის, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოგვეხდინა, არამედ ჩვენი თავი უნდა გამოგვეხატა. ჩემთვის ეს მიდგომა განსხვავებული იყო. იმასაც დავაკვირდი, რომ ბერკლის ნიშანი ბუნებრიობას ნიშნავს - ავთენტურობას ითხოვდა უნივერსიტეტი. 17 წლის ანამ კი საერთოდ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ავთენტურობა და, შესაბამისად, ამ ავთენტურობისა და ბუნებრიობის ძიება ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა. თან იმ ასაკში ვიყავი, როდესაც კითხვები გიჩნდება: „ვინ ვარ?“. იქ რომ მიდიხარ, არავინ იცის შენი წარსული, შენი შესაძლებლობები და თითქოს სუფთა ფურცლიდან იწყებ ყველაფერს, რაც ჩემთვის მაშინ ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ - ძალიან რთული,“ - ამბობს ანა.