გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ქართველი ძიუდოისტის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, გიორგი სარდალაშვილისა და მისი მეუღლის, ანანო სამხარაძის ოჯახს ეწვია. წყვილი ცოტა ხნის წინ გოგონას, პატარა მაშოს მშობლები გახდა, რამაც მათ ცხოვრებას სრულიად ახალი აზრი და ენერგია შესძინა.

გიორგი სარდალაშვილისა და ანანო სამხარაძის ოჯახი
მამობის ბედნიერებამ გიორგის ყოველდღიურობა და სპორტული განწყობა მთლიანად შეცვალა. როგორც თავად აღნიშნავს, პატარა მაშო მისი უშრეტი ენერგიის წყაროა. წყვილის ურთიერთობა სოციალურ ქსელში დაიწყო. გიორგის მხრიდან მცდელობას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ შედეგი გამოიღო და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მათი პირველი შეხვედრაც შედგა
"როცა სახლში მოვდივარ, მაშოს რომ ჩავიხუტებ და მის სუნს ვიგრძნობ, დაღლილობა მეხსნება. მაშო ხანდახან მტირალაა და ჩემთან როცა არ ჩერდება, მაგალითად, საჭმელს ვაკეთებ ან რაღაცას ვალაგებ. ასე ვუმკლავდებით - ვინაწილებთ რაღაც-რაღაცებს. თუ ცხოვრებაში იყო ისეთი მომენტი, როცა რამე გეზარებოდა, თუნდაც ყოველდღიურობაში ან სპორტული კუთხით, ეს გრძნობა საერთოდ გამიქრა და ახლა ყველაფერი ოჯახს ემსახურება.
ჩვენი გაცნობის ისტორია სოციალური ქსელიდან დაიწყო. მანამდე ჩემი მხრიდან იყო მცდელობა და, საბოლოოდ, შედეგიც გამოიღო, ერთი წლის შემდეგ გავიცანით ერთმანეთი. პირველი შეხვედრაც ძალიან სწრაფი გამოდგა: ის გადაღებაზე იყო, მე კი იქვე ახლოს, სასტუმროში ვიყავი შეკრებაზე. ეს ყველაფერი უცებ, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მოხდა.
ძიუდოში, ასე რომ ვთქვათ, სამი დიდი შეჯიბრებაა: ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები. მე ევროპის ჩემპიონიც ვარ და მსოფლიოს ჩემპიონიც; დარჩენილი მაქვს ოლიმპიური თამაშები და უკვე მამის რანგში გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი. ანანოს შორიდან რომ ვიცნობდი, მაშინ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო როცა უკვე შეყვარებულები ვიყავით - ევროპის ჩემპიონი.
ანანო ძალიან მაგარი მეუღლეა," - ამბობს გიორგი.

ანანოც სიყვარულით საუბრობს გიორგის მამობრივ მზრუნველობასა და ემოციურ მხარეზე.
"ძალიან გულჩვილი მამაა. მაშო რომ ტირის, შეიძლება მანაც იტიროს - თვალცრემლიანიც ბევრჯერ დამინახავს.
რომ ამბობენ ხოლმე, დავინახე თუ არა, თვალები გამიბრწყინდაო, ასე არ ყოფილა. ერთხელ, ახალი შეყვარებულები რომ ვიყავით, იაპონიაში წავიდა სამი კვირით. იმ პერიოდში იასამანი ყვაოდა და ძალიან მინდოდა იასამნის სურნელი... უცებ იასამნის თაიგული გამომიგზავნა.
თითოეული შეჯიბრება ჩემთვის უდიდესი სტრესია, თუმცა ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას ჩემთვის იმედგაცრუება მოეტანოს. მაინც გიორგიზე ვნერვიულობ, ტრავმა არ მიიღოს-მეთქი - ჩემთვის ძალიან რთულია, როცა მას რამე სტკივა." - ამბობს ანანო