„როცა ვამბობ, რომ არ მივირთმევ - არ მივირთმევ“ - როგორ დაიკლო რუსკა ქარქაშაძემ ორსულობის შემდეგ მომატებული წონის ნახევარზე მეტი - Marao

„როცა ვამბობ, რომ არ მივირთმევ - არ მივირთმევ“ - როგორ დაიკლო რუსკა ქარქაშაძემ ორსულობის შემდეგ მომატებული წონის ნახევარზე მეტი

2026-10-23 14:39:47+04:00

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ორი შვილის დედაა, ხატია ქირიას გადაცემას „მადისაღმძვრელი პოდკასტი“ ეწვია. გადაცემაში მან ღიად ისაუბრა ორსულობის შემდგომ პერიოდზე, წონის კლების პროცესსა და იმ რკინისებურ ნებისყოფაზე, რაც ფორმაში სწრაფად დაბრუნებაში ეხმარება.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, მეორე ორსულობისას მან დაახლოებით 23 კილოგრამი მოიმატა, თუმცა ამჟამად ამ წონის ნახევარზე მეტი უკვე დაკლებული აქვს.

რუსკას თქმით, მისთვის ჩვეულ ფორმაში ყოფნა პირდაპირ კავშირშია ყოველდღიურ ენერგიასა და პროდუქტიულობასთან, რის გამოც მშობიარობის შემდეგ ჯანსაღ ცხოვრების წესს დაუყოვნებლივ უბრუნდება.

ruska-karkashadze

  • „ამ ყველაფერს სჭირდება დრო... ახლა მოთმინებაც უფრო მეტი მაქვს“ - რუსკა ქარქაშაძე დედობაზე, მშობიარობის შემდგომ სირთულეებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე 

როგორ იკლებს რუსკა ქარქაშაძე

„მეორე ორსულობის დროს ბევრი მოვიმატე, დაახლოებით 23 კილოგრამი. ახლა ამ კილოგრამების ნახევარზე მეტი უკვე დავიკელი. რაღაცნაირად მინდა, რომ სწრაფად დავბრუნდე რეჟიმში და დისციპლინაში. ძალიან მჭირდება ჩემი პროდუქტიულობისთვის იმ ფორმაში ყოფნა, რაშიც ყოფნას შეჩვეული ვარ, და მშობიარობის შემდეგ მაქსიმალურად სწრაფად ვიწყებ სწორ კვებასა და ვარჯიშს. ორსულობის დროს არ ვვარჯიშობდი, ფეხით დავდიოდი ძალიან ბევრს. ორსულობაში ძალისმიერ ვარჯიშებს ვერიდებოდი. იმდენად ვარ მოტივირებული, რომ სწრაფად დავუბრუნდე ჩემს წონას, საწყის ეტაპზე - თან იმდენად მიყვარს ტკბილი და ცომეული - სრულად ვკრძალავ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიღებ ცილას და ნახშირწყალს, ყველაფერს ვიღებ. ჩემს სასურველ წონას როცა დავუბრუნდები, მერე ყველაფერს დოზირებულად მივირთმევ. საღამოს არ მივირთმევ და ეს ამართლებს, რადგან უფრო მსუბუქად ვარ და დილითაც ნაკლები შიმშილის გრძნობით ვიღვიძებ.

  • "მუდმივად სწორ კვებაზე ვარ და კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობ" - რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს 

მაქვს ნებისყოფა, ჩემზე არ მოქმედებს არაფერი. არ აქვს მნიშვნელობა, ქორწილში ვარ, დაბადების დღეზე თუ სადმე მივდივარ, როცა ვამბობ, რომ არ მივირთმევ - არ მივირთმევ. ძალიან გურმანი ადამიანი ვარ, მაგრამ თუ მაქვს წონის კლების მიზანი, ამას არაფრით არ გადავაბიჯებ“, - ამბობს რუსკა.