„ამ ყველაფერს სჭირდება დრო... ახლა მოთმინებაც უფრო მეტი მაქვს“ - რუსკა ქარქაშაძე დედობაზე, მშობიარობის შემდგომ სირთულეებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე - Marao

„ამ ყველაფერს სჭირდება დრო... ახლა მოთმინებაც უფრო მეტი მაქვს“ - რუსკა ქარქაშაძე დედობაზე, მშობიარობის შემდგომ სირთულეებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე

2026-09-09 10:15:16+04:00

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე ანა ტყებუჩავას გადაცემას "მეხუთე ელემენტი" ეწვია, სადაც ორმაგ დედობაზე, მშობიარობის შემდგომ პერიოდსა და მეუღლესთან ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა.

ruska-karkashadze

  • Baby Boom - ცნობილი ქართველები, რომლებიც 2026 წელს მშობლები გახდნენ 

რუსკა ქარქაშაძის ინტერვიუ

  • შვილები

- მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ძალიან მინდოდა ოჯახი და შვილები. ზუკა რომ გაჩნდა, ძალიან განსხვავებული ემოციები იყო, თინიზე კი - კიდევ უფრო განსხვავებული. გოგოზე სულ ვამბობ, რომ ძალიან თბილია და ეტყობა, რომ გოგოა: სინაზე მოდის მისგან და ყველანი უფრო ფაქიზად ვეპყრობით. ზუკა უკვე მამაკაცია და ძალიან განსხვავებული ვარ ორივეს მიმართ. ახალ-ახალი ემოციები წამოვიდა თინათინის გაჩენის შემდეგ.

მშობიარობის ვიდეო, სხვათა შორის, ჩემმა ექიმმა გადამიღო. ორივე მშობიარობამ კარგად ჩაიარა. ჩემი თავი ორივე მშობიარობის წინ დავიჭირე იმაში, რომ საერთოდ არ ვღელავდი. ეს ჩემი გასაკეთებელი იყო, ამას ჩემ ნაცვლად ვერავინ გააკეთებდა, ამიტომ რაღაცნაირად მობილიზებული შევედი სამშობიაროში და ექიმის ყველა მითითებას ვითვალისწინებდი. ეს განწყობა ძალიან დამეხმარა და ასეც გამოვიდა. 10 წელი ჩოგბურთს ვთამაშობდი და ალბათ ესეც დამეხმარა, თუმცა განწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია - ხელში უნდა ავიყვანოთ საკუთარი თავი.

ლაშა ორივე მშობიარობას დაესწრო. რომ ეთქვა, ემოციურად არ შემიძლიაო, რა თქმა უნდა, არ დავაძალებდი და გავითვალისწინებდი, მაგრამ ლაშას შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ძალიან უნდოდა პირველივე წამებში ერთად გვენახა ჩვენი შვილი. მეც, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა - ერთად გავიზიარეთ ის პირველი სიხარული და ემოციები. რა თქმა უნდა, ჰქონდა მომენტები, როცა გავხედე და მივხვდი, რომ ცუდად იყო. ზუკაზე უფრო ჰქონდა ეს მომენტი, თინიზე უკვე იცოდა, რა და როგორ იქნებოდა.

  • "მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით - მეორე" - რუსკა ქარქაშაძე დედის ამპლუაში 

თინი ორი თვისაა, მასთან ურთიერთობა და საუბარი ჯერ არ შემიძლია, მაგრამ ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ჩემდა უნებურად ძალიან ნაზად ვექცევი. სიყვარული და ემოციები, რა თქმა უნდა, იდენტურია. თინი რომ გაჩნდა, მაშინ ზუკა ძალიან დიდი მომეჩვენა — უცებ მეგონა, რომ ზრდასრული ადამიანი იყო, არადა მხოლოდ ორი წლისაა. რაღაცნაირად მეტს ვთხოვდი. ხანდახან თინის აწვალებს ხოლმე და მივხვდი, რომ თავადაც პატარაა და მასაც სჭირდება დედა. მერე, რა თქმა უნდა, შევცვალე დამოკიდებულება. ეჭვიანობას აშკარად არ გამოხატავს, მაგრამ როგორც კი თინის ამოვიყვანთ საწოლიდან, უცებ მის საწოლში ხტება. მე და ლაშასაც ჩაგვიხტა მკლავებში და ისე იწყებს ტირილს, როგორც თინი - უნდა, რომ ხელში დააძინო. თინის სულ ეფერება და ამბობს, რომ ძალიან უყვარს.

  • მეუღლე

- რაც თინი გაჩნდა, იმის შემდეგ ზუკა 100%-ით სულ მამასთან არის. რადგან თინი ლაქტაციაზეა და მეტ დროს მასთან ვატარებ, ზუკა სრულად ლაშას ჰყავს მიბარებული. ზუკას რომ ჰკითხო, დედა უფრო უყვარს თუ მამა, ალბათ მამას იტყვის. მადლობა ღმერთს, არის არაჩვეულებრივი მამა. ძალიან დიდ დროს ატარებს ზუკასთან, ეთამაშება, არ ეზარება, შეუძლია ორი საათი იატაკზე იგორაონ და ითამაშონ. ამ დროს ლაშა ერთი წამითაც არ ფიქრობს სხვა რამეზე, მთლიანად ჩართულია ბავშვის აღზრდაში.

  • დასვენება

- ძალიან მჭირდებოდა დასვენება. ზუკა რომ გაჩნდა, მაშინ დავუშვით შეცდომა - თვენახევრის ზუკა წავიყვანეთ ჩვენთან ერთად საზღვარგარეთ. მაშინაც ძალიან მჭირდებოდა დასვენება, თუმცა ვერაფრით ვერ დავტოვებდი. რა თქმა უნდა, ერთი წამიც არ დაგვისვენია, ყველა ღამე გავათენეთ, სანამ იქ ვიყავით, და უფრო დაღლილები ჩამოვედით. თინიზე ეს შეცდომა აღარ დავუშვით: თინის დავუტოვეთ დედის რძის მარაგი და ჩემს მშობლებთან და მის აღმზრდელთან ერთად დავტოვეთ. ამ დროს ზუკა, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იყო. დასვენებიდან რომ ჩამოვედი, მივხვდი, თუ როგორ ძალიან მჭირდებოდა ეს დასვენება -  ახლა ორმაგი ძალებით ვაგრძელებ ბავშვებზე ზრუნვას.

  • მშობიარობის შემდეგი ნერვიულობა

ყველაფერი იდეალურად არ არის, რა თქმა უნდა. ზუკას შემდეგ უფრო ცუდად ვიყავი და საკმაოდ დიდი ხანი, მაგრამ ამაზე ასე ხმამაღლა არ მისაუბრია. ზუკას შემდეგ სულ სახლში ვიყავი, არსად გასვლა არ მინდოდა, სანამ ჩემს ფორმაში არ დავბრუნდებოდი — არაფრის ხალისი არ მქონდა და ტრავმებიც უფრო მეტი იყო.

  • „მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის“ – რუსკა ქარქაშაძე პატარა თინათინის ნათლობის კადრებს აქვეყნებს 

ცუდად ვიყავი ფიზიკურადაც, პირველი მშობიარობა არცთუ ისე მარტივია: თითქმის 13-14 საათი გრძელდებოდა და იყო პატარა ტრავმებიც. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, დაახლოებით ორი თვე. მერე ვთქვი, სანამ ჩემს ფორმაში არ დავბრუნდები, სახლიდან არ გავალ-თქო და სულ სახლში ვიყავი. ახლა უკვე ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ვიცი - ამ ყველაფერს სჭირდება დრო, ყველაფერი თავის ადგილზე სწრაფად არ ბრუნდება და მოთმინებაც უფრო მეტი მაქვს. ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად დავისტრესო თავი.