„რა უბედურებაა „მიყვარხარ“... დავავლე ხელი, წამოვიყვანე“ - ჟანრი ლოლაშვილი თათული დოლიძეზე, სიყვარულსა და სცენაზე - Marao

„რა უბედურებაა „მიყვარხარ“... დავავლე ხელი, წამოვიყვანე“ - ჟანრი ლოლაშვილი თათული დოლიძეზე, სიყვარულსა და სცენაზე

2026-11-09 13:13:39+04:00

ცნობილი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემის, „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, სტუმარი იყო. გადაცემაში მსახიობმა საკუთარი ცხოვრების, პროფესიისა და მეუღლის, ასევე ცნობილი მსახიობის, თათული დოლიძის შესახებ გულახდილად ისაუბრა.

"ჩემს პროფესიაში სიტყვა მთავარია, ვიცი სიტყვას რა ვალენტობა აქვს, მაგრამ ეგეთ ამბებში არ უნდა გააუბრალოო. მაგ სიტყვას - „მიყვარხარ“ - არ ვხმარობ. რა უბედურებაა „მიყვარხარ“. დავავლე ხელი, წამოვიყვანე...

თათულიზე ბევრი იყო შეყვარებული თეატრში, რასაკვირველია. მე ეგეთ რამეებში არ ვარ, „გლიჯო“ და „ამბობენ ჩემია“... არა, ეგ ქალი ჩემია, ნათქვამი მაქვს. რანაირადაც არ უნდა "იშუხურო", თუ იმას არ უნდა, დომინანტი არის ის და არა შენ.

ურთიერთობაში ჩანდა რაღაცა, თორემ მიზანსცენას ამის გამო სცენაზე არ ვაკეთებდი. ოჯახის შექმნაზე აქტიურობა ალბათ მე უნდა გამომეჩინა.

როცა ერთად ყოფნა გვიწევდა, ისე ვითამაშეთ როლები, რომ არავის არასდროს ერთმანეთისთვის არაფერი გაუსწორებია. პირდაპირ შენიშვნებს არ ვაძლევდით ერთმანეთს, არ ვეტყოდი - მერე, როცა გავიდოდა მომენტი, სწორ დროს ვარჩევდით," - ამბობს ჟანრი ლოლაშვილი.

tatuli-janri

  • "მაშინ გავიცანი ჟანრი უფრო ახლოს... მერე ნელ-ნელა, რაღაცნაირად, არც ვიცი, როგორ მოხდა" - თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის სიყვარული, რომელიც აღარ განმეორდება 

თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის ოჯახი

ქართველი მსახიობი თამარ (თათული) დოლიძე დაიბადა 1952 წლის 24 თებერვალს თბილისში. მან 1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, 1973 წლიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობია.

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი და საქართველოს სახალხო არტისტი ჟანრი ლოლაშვილი დაიბადა 1942 წლის 22 აპრილს თბილისში. მან 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები. 1958–1961 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მხატვარ-მულტიპლიკატორად, ხოლო 1961–1963 წლებში — კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მხატვრად. მისი სამსახიობო კარიერა 1963–1964 წლებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო, 1965 წლიდან კი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობია.

„როგორც მსახიობი, მომწონდა, მაგრამ ახლოს არ ვურთიერთობდით, არც ვმეგობრობდით. მერე თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი „ქალის ტვირთი“, სადაც ქეთევანის როლს ვთამაშობდი. სწორედ მაშინ გავიცანი ჟანრი უფრო ახლოს.

 მერე ნელ-ნელა, რაღაცნაირად... არც ვიცი, როგორ მოხდა. მახსოვს, რომ ეს ამბავი მაინც ჟანრისგან დაიწყო (შეიძლება ვცდები კიდეც, არ ვიცი). დაახლოებით ერთ-წელიწად-ნახევარში დავქორწინდით.

  • საოცარი თათული დოლიძე და მისი ცხოვრება: "კარგი დიასახლისი ვიყავი, საკუთარ თავზე ბევრს ვიღებდი; ჯობდა, ჩემს საქმეში დამეხარჯა ენერგია" 

სალომე თავიდანვე ძალიან ჭკვიანი იყო, შენიშვნების მიცემა არც სჭირდებოდა. პირიქით — როცა სულ გასტროლებზე ვიყავით, სალომე უვლიდა გიორგის. მათ შორის ათი წელია განსხვავება. მთლად მეგობარივითაც არ ვიყავი, მე ვიყავი დედა. ვფიქრობ, თავისუფლად გავზარდე და მათ პირად ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ. რაც შეეხება მათ მეუღლეებს, ყველას ძალიან მშვიდად და თბილად ვიღებდი.

ჯერჯერობით ერთი შვილიშვილი გვყავს - სოფო. სოფო ყველას ჰგავს. ძალიან კარგია ბებიობა. მახსოვს, სულ პატარა რომ იყო, დილით კარებს გააღებდა, ამობობღდებოდა საწოლზე და ზურგზე ლოკოკინასავით მომეწებებოდა ხოლმე. დილაობით სულ ველოდი, როდის შემოვიდოდა.

სოფო ახლა 25 წლისაა, ძალიან ჭკვიანია და საინტერესოდ წერს. ერთი წელია, რაც გათხოვდა. თავისი პროფესიით არ მუშაობს, არც სალომე მუშაობს სპეციალობით — მსახიობობა არცერთს არ აურჩევია. სალომემ მითხრა, პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდიო, მაგრამ შენ ისე დააყენე საკითხიო... სალომე უკვე დიდი ხანია დიზაინერია, სოფოც მასთან ერთად მუშაობს — ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს ქმნიან,“ - ამბობდა თათული