„ილიამ ქორწილის გადახდა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვიტა. მსოფლიო ჩემპიონი 9 ოქტომბერს გახდა, ქორწილი კი 24 ოქტომბერს დაგეგმა. ჩემს უფროს ვაჟს, შაკოს, გასული წლის ნოემბერში ჰქონდა ქორწილი. ძალიან კარგი რძლები მყავს!
თავიდან დედამთილობის მეშინოდა, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი დედაშვილობა გვაქვს. ილიას მეუღლეს, თაკოს, არ ჰყავს დედ-მამა და შევპირდი, რომ დედობას გავუწევდი. როგორც მის დედას გაუხარდებოდა, ისე მეყოლება. ისეთ დედობას გავუწევ, როგორიც ჩემი ქალიშვილებისთვის ვიქნებოდი.
თაკოს მამა დაახლოებით სამი წლის წინ გარდაცვალა უცაბედად. თაკო და ილია მაშინ შეყვარებულები იყვნენ. ცოტა ხნის მერე, როცა მათი შეუღლება გადაწყვეტილი იყო, თაკოს დედაც გარდაიცვალა ინსულტით. მას მერე თაკოს გვერდით ვართ მთელი ოჯახი. თავისი შვილის ბედნიერებას მაინც მოსწრებოდა... ამაზე ძალიან მტკივა გული...“ - ამბობს ილია სულამანიძის დედა, მანანა გოჩელაშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.

ილია სულამანიძე არის ქართველი ძიუდოისტი. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (2019, ვანტაა, ფინეთი, 100 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2018, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი, 90 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2018, ტულა, რუსეთი, 90 კგ). 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი (100 კგ). 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი (100 კგ).
ილია სულამანიძეს ჰყავს მშობლები და ძმა. შაკოსა და ილიას შორის სხვაობა ერთი წელია, ილია ძმაზე ერთი წლით უმცროსია და ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. როგორც ცნობილია, შაკოც ჯუდოკა იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ძმებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტნეს აკადემიაში გააგრძელა სწავლა.
ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის გულშემატკივრებს შორის უამრავი გოგოა, თუმცა ილია შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და სამართალმცოდნეობას სწავლობდა.
"ჩემი კარიერა დაიწყო 5 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ამ ასაკში ძიუდოზე შესვლა, მამაჩემმა შემიყვანა და მეც ძიუდოში შეყვანილ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელი თაობაც ზვიადაურის ჩემპიონობის გამო შეიყვანეს ამ სპორტზე.

დედაჩემი ძიუდოზე უარს არ ამბობდა, თუმცა უნდოდა, რომ სხვა სფეროებიც შემესწავლა, ამასაც ცდილობდა, მაგრამ მთავარი მიზანი მთელი ოჯახისთვის ძიუდო იყო. რომ ვთქვა, საუკეთესო მოსწავლე ვიყავი-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ რაც მაინტერესებდა, ძალიან კარგად ვსწავლობდი.
რთული გზა იყო, თუმცა არა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, რთული იყო შრომის მხრივ, იმ მიდგომების გამო, რაც მე და ჩემმა მწვრთნელმა ავირჩიეთ, მაგრამ ტრავმების მხრივ, ძალიან იღბლიანი გამოვდექი და არაფერს ხელი არ შეუშლია.
ჩემი ცხოვრების მომენტებს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და 100%-ით ვდებდი იმას, რაც ჩასადები იყო ამ საქმეში." - ამბობდა ილია.