მოდელმა და მსახიობმა დევა კასელმა ჟურნალ ELLE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ შინაგან სამყაროზე, მშობლებისგან მიღებულ მემკვიდრეობაზე, სხეულთან დამოკიდებულებასა და მისტიკურ გამოცდილებებზე ისაუბრა. ინტერვიუ რამდენიმე ძირითად თემად დაიყო, სადაც დევამ გულახდილად გააზიარა თავისი მსოფლმხედველობა.

დევა კასელი აღნიშნავს, რომ მასში ხასიათის ორი ძლიერი მხარე ერთიანდება, რაც უშუალოდ ოჯახიდან მომდინარეობს.
„ძალიან ემპათიური ვარ, როგორც დედაჩემი, და ძალიან თავდაჯერებული,მტკიცე, როგორც მამაჩემი.“
კონკურენციაზე საუბრისას, დევა ხაზს უსვამს, რომ მისი მთავარი მეტოქე მხოლოდ საკუთარი თავია. გარშემომყოფები და ოჯახი კი მას მუდმივად ეხმარებიან უკეთესობისკენ სწრაფვაში:
„ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი თავია, უბრალოდ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია ეცადო აჯობო საკუთარ თავს და რომ ჩვენვე ვართ ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩემ გარშემო ჩემი ოჯახიც, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, რომლებიც ნამდვილად ცდილობენ, რომ ყოველთვის საუკეთესო გავაკეთო ჩემი თავისთვის, იმისთვის, რაც მიყვარს და რისი გაკეთებაც მინდა. ასევე, ის ღამეები, როცა ვერ იძინებ, რადგან ძალიან ბევრს ფიქრობ - ესეც გიბიძგებს, უკეთესად გააკეთო საქმე.“
სხეულის აღქმასა და შინაგან ინტუიციაზე საუბრისას, დევამ აღნიშნა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ცეკვა სხეულისა და გონების ჰარმონიაში:
„მივიჩნევ, რომ საკმაოდ ინტუიციური ადამიანი ვარ, როდესაც საქმე ეხება იმ ურთიერთობას, რაც შეიძლება სხეულთან გვქონდეს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით უსმინო იმას, რისი გადაცემაც შენს ქვეცნობიერს სურს სწორედ სხეულის მეშვეობით. ცეკვამ მასწავლა სხეულსა და გონებას შორის სინქრონულობის მართვა, რაც საშუალებას გაძლევს უკეთ იგრძნო სივრცე, უკეთ იმოძრაო და უკეთ გააცნობიერო შენი სხეულის თითოეული პატარა ნაწილი. ვფიქრობ, ამან მასწავლა, რომ მეტი ნდობა მქონდეს ჩემი სხეულის სპონტანურობის მიმართ.“
სიყვარულისა და ურთიერთობების თემაზე მსჯელობისას, დევასთვის ყველაზე ღირებული ადამიანური ყურადღება და მცირე, სპონტანური ქმედებებია:
„ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გისმენენ და ხედავ, რომ ისინი ნამდვილად შენთან არიან და ახსოვთ დეტალები შენ შესახებ - ეს, ჩემი აზრით, სიყვარულის დიდი გამოხატულებაა, იქნება ეს მეგობრობაში, ურთიერთობაში თუ ოჯახში - პატარა, სპონტანური ქმედებები“
მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილმა ისაუბრა იმ უმთავრეს უნარზე, რომელიც მშობლებისგან ერგო - ნებისმიერ გარემოში ადაპტაციაზე:
„ადაპტაციის უნარი - ეს არის ის, რისთვისაც ჩემი მშობლების ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ. მასწავლეს ბევრ ენაზე ლაპარაკი და ყოველთვის შემიძლია თავი ისე ვიგრძნო, როგორც სახლში, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები.“
დევამ აღიარა, რომ საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უკვე ათვისებულ უნარებს ეხება:
„რაში ვარ ყველაზე მეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ? მართალი რომ ვთქვა, ყველაფერში. საკუთარ თავს ძალიან ადვილად ვპატიობ იმას, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ გავაკეთო, მაგრამ როგორც კი რაღაც მცირე დონეს მივაღწევ, მაგალითად, თუ საკმარისად არ ვივარჯიშე და შეცდომა დავუშვი, ან თუ რამე ცუდად,არასაკმარისად გავაკეთე, შემიძლია ძალიან მკაცრი ვიყო საკუთარი თავის მიმართ.“