იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატებაში. ამის თაობაზე საკუთარ გამოცდილებას „მის საქართველო“ ნია წივწივაძე გაგვიზიარებს.

- ვფიქრობ, როცა ადამიანი შრომობ, იღბალიც შენ გვერდით არის. ჩემს შემთხვევაშიც ასეა: ისე არ მომხდარა, რომ რაღაც თავისით „დამეცა თავზე“. როდესაც რამეს ვაკეთებ, დრო გადის და თითქოს წინ მხვდება. ზოგადად, მე მჯერა მანიფესტაციის. მჯერა, რომ საკუთარ თავში ჩადებული შრომა, რა სახითაც არ უნდა იყოს ის, გამომადგება. ვფიქრობ, ესეც იღბალია, რომ გაღებული შრომა შედეგს იღებს და უკვალოდ არ ჩაივლის. ვთვლი, რომ შრომასთან ერთად გამოდის ის, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, იღბალიც ბევრს განსაზღვრავს, თუნდაც შანსის მიღებას, მაგრამ მიღებული შანსის გამოყენებას შესაბამისი შრომა და დისციპლინა სჭირდება. სწორ ადგილას რომ მოხვდები, მერე ეს შანსი უნდა გამოიყენო.
– რის გამო მიიჩნევ თავს იღბლიან ადამიანად?
– მადლიერი ვარ იმ ოჯახის გამო, რომელშიც დავიბადე. მშობლებს და გარემოს ვერ აირჩევ ისე, როგორც მეგობრებსა და კარიერას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯანსაღ გარემოში დაბადება მართლა გამართლებაა. გამართლებაა, როცა გყავს მშობლები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს და როცა კარგი ბავშვობა გაქვს. ჩვენ ყველას გაგვიგია, რომ ბავშვობის ტრავმებთან გამკლავება ძალიან რთულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.

მერე გარკვეულმა გამოცდილებებმა – თუნდაც გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრებამ, სამსახურის ნაადრევად დაწყებამ, ბევრმა მცდელობამ – განაპირობა ის, რომ იღბალიც გაჩნდა: გავხდი „მის საქართველო“, გამოჩნდა პარტნიორი, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე და რომელიც ჩემი მეუღლეა, ბოლოს კი – შვილები. შვილებიც დიდი გამართლება იყო, ორი ერთად – გოგო და ბიჭი.
– რამდენად უფრთხილდები საკუთარ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას?
– ბოლო დროს ძალიან ვუფრთხილდები. ადრე არ მქონდა ეს დამოკიდებულება, ბავშვების გაჩენამდე ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. პირიქით, დიდი სანაცნობო წრე მყავდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყველას ახლოს ვუშვებდი. არც კვების დროს ვფრთხილობდი, შეიძლებოდა ღამის 12 საათზე არაჯანსაღი საკვები მეჭამა და ასე შემდეგ. ბავშვების გაჩენის შემდეგ უფრო დავაბალანსე ჩემი გარემო და ხალხი გარშემო. თუ სადმე წასვლა არ მინდა, რადგან იქ ვიღაცები არ მსიამოვნებს, აღარ მივდივარ. აღარ ვფიქრობ, რომ ამის გამო შეიძლება, ვიღაცას გული დასწყდეს. ასეთი ადგილებიდან მერე დავაბალანსო ვბრუნდები და მირჩევნია, ეს ავირიდო თავიდან. აღარ ვკარგავ დროს იქ წასასვლელად, სადაც გული აღარ მიმიწევს, მირჩევნია, შვილებთან ერთად ვიყო.
ახლა კარგად ვხვდები, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ სხეულსა და ცხოვრების წესს — პირველ რიგში, შვილებისთვის. ბოლო ერთი წელია, სახლში ვვარჯიშობ და ჩემი შვილები რომ მიყურებენ, ყოველთვის იმეორებენ. ვხვდები, რომ შვილებისთვის მშობლების მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა, რომ ჯანსაღი და ნორმალური გარემო დაინახონ.