„მიუხედავად მძიმე და ავად გასახსენებელი ტკივილებისა, გულში იოტისოდენა შურისძიების განწყობა არ მაქვს“ - თათა ვარდანაშვილის წარსული და განვლილი გზა - Marao

„მიუხედავად მძიმე და ავად გასახსენებელი ტკივილებისა, გულში იოტისოდენა შურისძიების განწყობა არ მაქვს“ - თათა ვარდანაშვილის წარსული და განვლილი გზა

2026-10-30 14:59:43+04:00

თათა ვარდანაშვილის "უცნობი მხარე"

– ვინ არის თათა ვარდანაშვილი?

-  თათა ვარდანაშვილი თუ ანა მარია ხოდელი? სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე ხშირად მეკითხებიან ხოლმე. იდენტობის კუთხით არაფერი შეცვლილა. ჩათვალეთ, ეს ლიტერატურული ფსევდონიმია და, იმავდროულად, გამოწვევა საკუთარი თავის მიმართ ცხოვრების ახლიდან დასაწყებად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოვრების ახლიდან დაწყებას ვცდილობ, მაგრამ ამჯერად, 55 წლის ასაკში, არ არის პატარა ამბავი. 48 წლის ვიყავი, როდესაც სახელი და გვარი შევიცვალე და მასთან ერთად ვიზრდები. შედეგად დავუბრუნდი საწყის ეტაპს, საიდანაც დაიწყო ჩემი შემოქმედებითი კარიერა.

– დღევანდელი შინაგანი მდგომარეობა როგორია?

– ძალიან წააგავს ჩემს იმდროინდელ შინაგან მდგომარეობას, როდესაც ჩემი შვილი, დემეტრე, ახალი დაბადებული იყო, როგორი გამოწვევის წინაც ვიდექი ცხოვრებაში, დაახლოებით, 30 წლის წინ. მახარებს ერთი რამ: მიუხედავად მძიმე და ავად გასახსენებელი ტკივილებისა, რაც ცხოვრებაში გამოვიარე, გულში იოტისოდენა შურისძიების განწყობა არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ, არის ჩემს შემოქმედებით კარიერაში განვლილი გზა. ამ გზას თან ახლავს აღმავლობის, დაცემის, უნუგეშობისა და სულიერი შიმშილის პერიოდები. ყველა შემოქმედის ცხოვრებაში ასე ხდება.

  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის მშობლები: ვინ იყვნენ ლიკა ქავჟარაძის დედა და მამა

შემოქმედება არის საშუალება ადამიანის შინაგან სამყაროში არსებული ტკივილების ჩახშობისთვის. რასაც ენით ვერ გადმოსცემ, შემოქმედებაში ამუშავებ და ტკივილის სანაცვლოდ აღმოაცენებ მშვენიერებას. სიცოცხლე, რომელიც დედამიწაზე გარკვეული დროით მოგეცა, უკვალოდ არ უნდა გაქრეს. კვალი უნდა დატოვო, რომ თაობებს ახსოვდეს შენი გაკეთებული სიკეთე, რომელშიც დაღრეჯილობა არ უნდა იყოს. შესაბამისად, მე, როგორც პიროვნებამ, თუ ავირჩიე შემოქმედის გზა, უფლებაც არ მაქვს სხვაგვარად მოვიქცე და აუცილებლად უნდა მივემსგავსო შემოქმედების მთავარ და ერთადერთ წყაროს, რაც არის სიყვარული და აბსოლუტური სიკეთე.

tata

– როდის გიტირიათ ბედნიერებისა და ტკივილით გამოწვეული ცრემლებით, რაც განსაკუთრებულად გახსოვთ?

– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წამი დემეტრეს დაბადებას უკავშირდება. წინა პერიოდი ძალიან რთული იყო, ჩემი სიცოცხლე სასწორზე იდო. რომ გავაცნობიერე, ცოცხალი ვარ და ერთი კი არა, უკვე ორი ვიყავით, არა მხოლოდ ვიტირე ბედნიერებისგან, ეს იყო საოცარი მადლიერების გრძნობა ღმერთისადმი. ამ მადლიერებას მარტივად ვერ გამოხატავ. მდუღარე ცრემლი მომდიოდა თვალებიდან, მაგრამ გული სავსე მქონდა მანამდე უცხო მადლით, რისი მნიშვნელობაც მოგვიანებით გავაცნობიერე, მაშინ მე ამის ახსნა არ შემეძლო. ეს მდგომარეობა ბედნიერებაზე მეტია.

  • „ასაკმა მომცა შინაგანი თავისუფლება“ - ქართველი მოდელი, რომელმაც 57 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყო

ტკივილი სხვადასხვანაირი არსებობს: გარდაცვალებით, ადამიანის დაკარგვით თუ სხვა მიზეზით გამოწვეული, მაგრამ ყველაზე მდუღარე ცრემლებით ვიტირე მაშინ, როდესაც წარმოებიდან წამოვედი და ჩემს მანქანას ძაღლი გამოეკიდა. ძაღლი, რომელიც არც ჩემი იყო და არც ჩემი გაზრდილი. წარმოებიდან გამოსულმა ზურგს უკან მოვიტოვე 500 თანამშრომელი და რამდენიმე ასეული მოსწავლე, ერთადერთი არსება კი, რომელიც უკან გამომყვა, იყო ჩემი მძღოლის მიერ მოყვანილი, უპატრონოდ მიტოვებული ძაღლი, რომელსაც ვუვლიდი. ჩემს თავს ვკითხე, შემეძლო თუ არა მე მსგავსი ერთგულება.

წაიკითხეთ სრულად

tata