ზეინაბ დვალიშვილის "უცნობი მხარე"
– ვინ არის ზეინაბ დვალიშვილი?
- პროფესიით მსახიობი და ცხოვრებაშიც ცოტათი მსახიობი გახლავართ. ასევე, ვარ პედაგოგი – 30 წელი მივუძღვენი მომავალი თაობებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას და ეს საქმიანობა სულ ორი წლის წინ დავასრულე. ამასთანავე, მრავალწლიანი სტაჟის მქონე ბებია ვარ.
– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად?
– ახალგაზრდობას არასწორი ნაბიჯები ახასიათებს, რადგან ბევრ რამეს სათანადოდ ვერ ზომავ. შეცდომები მქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული: თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პედაგოგმა, ბაბულია ნიკოლაიშვილმა მითხრა, დაფიქრდი, ხომ არ დარჩებოდი მეტყველების კათედრაზეო. შეცდომა დავუშვი და მსახიობობა ვარჩიე, რის გამოც მოგვიანებით გული მწყდებოდა.

– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ.
– ასეთი ისტორია გადამხდა: ჩემს მეუღლესთან პირველი პაემანი ოპერასთან მქონდა და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ძალიან მოვინდომე. მაშინ ფეხსაცმელი ისე მარტივად არ იშოვებოდა და ცეკას ატელიეში ვაკერინებდით, სადაც უზარმაზარი რიგები იდგა. როგორღაც მოვახერხე და სანუკვარი ჩექმა შევიკერე. ჩავიცვი და ბედნიერი წავედი შალვასთან პაემანზე. მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი და ცალ ფეხზე ქუსლი მომტყდა. წარმოგიდგენიათ, როგორ დღეში ჩავვარდებოდი?! საშინელი შეგრძნება იყო, ადგილზე გავშეშდი და ფეხს ვეღარ ვადგამდი. იძულებულები გავხდით, ტაქსი გამოგვეძახებინა და სახლში წამოვსულიყავი. ასე ჩაიშალა ჩვენი პირველი პაემანი.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ 70 წლის ასაკამდე ვიმუშავე სკოლაში პედაგოგად და სახლში ერთი წუთითაც არ დავმჯდარვარ. მანამდე რვა წელი სოხუმის თეატრის სცენაზე ვიდექი. ჩემს ხელში ბევრმა თაობამ გაიარა, ბევრი კარგი სპექტაკლი გავაკეთე და პრემიებიც მივიღე. ჩემი მოსწავლეების პირველი თაობა უკვე დიდები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სახეების ცნობა უკვე მიჭირს, ისინი ყველგან მხვდებიან და ისეთ სითბოსა და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებას იჩენენ, რომ ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
რაც შეეხება მარცხს, მარცხიანი არასდროს ვყოფილვარ. მსახიობი ვიყავი – წარმატებული, პედაგოგი ვიყავი – წარმატებული, მაქვს შემდგარი ოჯახი, სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი. პირიქით, უფლის წყალობით, იღბლიანი ადამიანი ვარ.
წაიკითხეთ სრულად
