– თქვენი ოჯახი ათი წლის გახდა. საკმაოდ სოლიდური დროა. ბევრი ეტაპი გაიარეთ. რა შეიცვალა თქვენში, როგორც წყვილში და რა დარჩა უცვლელი?
– ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, ჩვენი გამოცდილება, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები. ურთიერთობის დასაწყისში საკმაოდ პატარები და სრულიად გამოუცდელები, ბავშვურები ვიყავით, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ერთად გავიზარდეთ. საინტერესო პროცესი გამოვიდა. ამან განაპირობა ის, რომ ერთმანეთს დავემსგავსეთ. ღირებულებები და ფასეულობებიც კიდევ უფრო ერთიანი გახდა, რაზეც დგას ჩვენი ურთიერთობა.
შეიცვალა ის, რომ უფრო ადამიანურები გავხდით, არა მხოლოდ ერთმანეთის, ყველას და ყველაფრის მიმართ უფრო მეტი მიმღებლობა გვაქვს, მეტად შეგვიძლია გაგება და დათმობა. ახლა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ძვირფასია. არ ვამბობ, რომ ათი წლის წინ არ იყო, მაგრამ ათი წლის ისტორიამ ყველაფერი კიდევ უფრო გააღრმავა და ისეთ ფაზაში გადაიყვანა, რომ განსაკუთრებით ძვირფასი გახდა.

– თუ გიგრძნია, რომ თქვენგან იდეალური წყვილის მოლოდინი აქვთ და რამდენად რთულია - თან გაუზიარო თქვენი ყოველდღიურობა, თან ზედმეტადაც არ შემოიჭრან თქვენს ცხოვრებაში?
– ჯანსაღად რომ შევხედოთ, „იდეალური წყვილი“ ძალიან პირობითი შეფასებაა. ვისთვის როგორია იდეალური წყვილი. ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები, ამის არც ამბიცია მაქვს და არც სურვილი. მე რომ ყველას მოსაწონი ვიყო, ჩემი ოჯახიც რომ ყველასთვის იდეალური იყოს, მაშინ მე ჩემს თავს აღარ უნდა ვეკუთვნოდე. თუ ყოველთვის ყველაფერს სხვებისთვის გავაკეთებ, გამოვა, რომ ჩემი პირადი სივრცე აღარ მექნება. ასე პირველ რიგში, ჩემს თავს დავკარგავ, რაც ჩემთვის წითელი დროშაა, საზღვარი, რომელსაც არასდროს გადავლახავ.
ჩვენ ვაზიარებთ ჩვენი პირადი ცხოვრებიდან დეტალებს, მაგრამ დაბალანსებულად. ჩვენი ცხოვრების 70 პროცენტს ჩვენთვის ვინახავთ. მნიშვნელოვან მომენტებს ვაჩვენებთ, მაგრამ არა ყველაფერს, ზუსტად იმიტომ, რომ პირადი სივრცე გვქონდეს და საკუთარი თავი არ დავკარგოთ.

– სამი რამ, რაც თქვენს ისტორიას ყველაზე კარგად დაახასიათებს...
– პირველი – უანგარო სიყვარული. ჩვენ ერთმანეთი ისეთ ასაკსა და მდგომარეობაში შეგვიყვარდა, რომ არანაირი ქვეტექსტები არ ყოფილა. ზრდასრულ ასაკში გეფიქრება, როგორია შენი პარტნიორი, რამდენად შეუძლია რეალიზებული იყოს და ასე შემდეგ, ბევრად უფრო პრაქტიკულად უყურებ მომავალს. ჩვენ ისეთ პერიოდში შეგვიყვარდა ერთმანეთი, როცა სკოლის მოსწავლეები ვიყავით, მერე სტუდენტები და ქუჩაში 20 ლარი რომ ვიპოვეთ, ამან გაგვაბედნიერა.
მეორე – ჩვენი შექმნილი ოჯახი ჩვენს შვილთან ერთად, რომელმაც ძალიან შეკრა ჩვენი ისტორია.
მესამე – მეგობრობა. ჩემი პარტნიორი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ასევე, ნამდვილად ვიცი, რომ მისი საუკეთესო მეგობარი მე ვარ. ძალიან მაგარია, როცა გვერდით საუკეთესო მეგობარი გყავს.