სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი, ნათია გვაზავას გადაცემას სტუმრობდა. ინტერვიუში მან ოჯახზე, ძმასთან - ილიკო სუხიშვილთან განსაკუთრებულ კავშირზე, მშობლების დანაკლისსა და ანსამბლის გაძღოლის საპასუხისმგებლო გზაზე ისაუბრა.

ნინო სუხიშვილის ინტერვიუ
- განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს მე და ილიკოს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველა და-ძმას უყვარს ერთმანეთი, მე და ილიკოს, იმის გარდა, რომ ვართ და-ძმანი, ვართ პარტნიორები საქმეში და კოლეგები. ფაქტობრივად, მის გარეშე ვერც წარმომიდგენია საერთოდ როგორ უნდა ვიყო; მასთან ერთად ბევრად უფრო მიადვილდება ყველაფერი, ის არის ჩემი სიცოცხლის ხალისი და აზრი.
ყველაზე რთული პერიოდი, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების დაკარგვა იყო - ჯერ მამა წავიდა, მერე დედა. ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ორივემ ვიგრძენით, რომ დავობლდით, ის ზურგი აღარ გვაქვს და ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა ყველაფრის მიმართ. მამა რომ წავიდა, ფაქტობრივად ჩვენ დარჩით, ოფიციალურად გავხდით ამხელა დასის ხელმძღვანელები. განსაკუთრებით რთული იყო იმ ძველ თაობასთან მუშაობა, რომლებთან ერთადაც გავიზარდეთ, მათ რიგებში ჩვეულებრივ მოცეკვავეებად ვიმუშავეთ და უცებ მათი ხელმძღვანელი გახდი. ეს ძალიან რთული გარდამავალი პერიოდი იყო ორივესთვის.
მე უხილავად ვგრძნობ მათ გვერდზე დგომას. ყველა გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ, ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, ისინი როგორ მოიქცეოდნენ - არა მარტო საქმეში, ცხოვრებაშიც. ზუსტად ვიცი, როგორ მოიქცეოდნენ და ამიტომ ვცდილობ, მეც ისე გავაკეთო, ისე მოვიქცე და ის გადაწყვეტილება მივიღო. ზუსტად ასე ფიქრობს ილიკოც.
როდესაც მე და ილიკომ ეს საქმე გადავიბარეთ, წინასწარ ამაზე არ გვიფიქრია, არც ჩვენს მშობლებს არ უფიქრიათ და არ გვამზადებდნენ ამისთვის. არასდროს ყოფილა, რომ აი, გინდა თუ არა, ეს საქმე უნდა გააგრძელოთო. ეს თავისით მოვიდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ამისთვის უნდა გადადო. ვერავის გავწირავ იმისთვის, რომ ყველაფერი გვერდზე გადადოს - ამას სხვა ხასიათი და შინაგანი სიძლიერე სჭირდება. პრინციპში, არც მიფიქრია გადაბარებაზე. ჯერჯერობით მე და ილიკო ფეხზე ვდგავართ, არც თუ ისე ბებრები ვართ, ამიტომ როგორც იქნება, ისე იქნება; ყველაფერი ღმერთის ნებაა.
დროში დაბრუნება რომ შეგძლებოდა, უფრო მეტ დროს გავატარებდი ბებიასთან და ბაბუასთან, უფრო მეტს ვისწავლიდი მათგან და მოვუსმენდი. ბევრ შეკითხვაზე ახლაც მჭირდება პასუხი. მაშინ მთლიანად ყველაფერი ანსამბლსა და სარეპეტიციო დარბაზში ტრიალებდა, დაღლილები მოდიოდნენ, ხშირად არ იყვნენ სახლში და ქვეყანაში, ამიტომ მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი ყოველთვის მქონდა, უფრო მეტი მინდოდა. ასეთი ცხოვრება ჰქონდათ მათ და ჩვენც იგივე ცხოვრება გვაქვს. ახლა ჩვენს შვილებსაც ესმით ეს ყველაფერი".