ნანა ჯანელიძე დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს თბილისში. მისი მამა კომუნისტური პარტიის მდივანი იყო, რომელმაც პოლიტიკა 1956 წლის მარტის ტრაგედიის შემდეგ დატოვა და აკადემიურ სფეროში განაგრძო მუშაობა. ნანამ 1984 წელს მონაწილეობა მიიღო თენგიზ აბულაძის ცნობილი ანტისაბჭოთა ფილმის, „მონანიების“, გადაღებებში, სადაც სცენარისტად მუშაობდა.
ნანა ჯანელიძემ კინოკარიერის გზა მშობლების თხოვნით აირჩია. იმ პერიოდში საქართველოში გაიხსნა კინოს ფაკულტეტი (ამ სპეციალობის შესწავლა მხოლოდ მოსკოვში იყო შესაძლებელი), სადაც სტუდენტებს ძველი თაობის ისეთი გამოჩენილი რეჟისორები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია და სხვები.

ნანა ჯანელიძის თქმით, სანამ „მონანიების“ სცენარზე მუშაობას დაიწყებდნენ, საქართველოში დისიდენტური ლიტერატურა არ არსებობდა. რეჟისორის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნადეჟდა მანდელშტამის ცხოვრების მოგონებებმა. ნადეჟდა მანდელშტამის მოგონებებში დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ განიცდიდნენ ხელოვნების მუშაკები დევნას საბჭოთა სივრცეში.
სწორედ „მონანიების” პერსონაჟებთან ავლებს ნანა ჯანელიძე პარალელებს დღევანდელ ცხოვრებასთან პოდკასტში „ეგ არაფერი“.
ნანა ჯანელიძის ინტერვიუ
„ყველა ოჯახში ცხოვრობს ვარლამი, ყველა ქართულ ოჯახში. იმიტომ, რომ ქართველ კაცს ახასიათებს დიქტატორული თვისებები, მაშინაც ახასიათებდათ. ეს საერთო თემაა, ადამიანებში ეს თვისებები სულ ცხოვრობდა და, ალბათ, ამას უნდა ვებრძოლოთ, არა?!
და დოქსოპოლუებიც სულ არიან. რასაკვირველია, დოქსოპოლუები, გამყიდველები, ჩამშვებები არიან ახლაც და მომავალშიც ალბათ ბევრი იქნებიან“.
„დოქსოპულო, შენ დედა გყავს?“ არის ცნობილი ფრაზა თენგიზ აბულაძის 1984 წლის საკულტო ქართული მხატვრული ფილმიდან „მონანიება“. ფილმში ეს სიტყვები წარმოითქმის ემოციურ და დრამატულ მომენტში, რომელიც მიმართულია უსულგულობის, უმართლობისა და ადამიანური თანაგრძნობის ნაკლებობის წინააღმდეგ.
ეს ფრაზა მოგვიანებით იქცა კულტურულ ციტატად და ხშირად გამოიყენება თანამედროვე ქართულ რეალობაში, საზოგადოებრივ პროტესტებსა თუ პოლემიკებში უსამართლობისა და უგულობის გასაკიცხად.
რაც შეეხება ვარლამ არავიძეს, ის არის ფილმის მთავარი ანტაგონისტი - დიქტატორი და ქალაქის მმართველი, რომლის პერსონაჟიც ტოტალიტარული რეჟიმის, ძალადობისა და დიქტატორული თვისებების ზოგად სიმბოლოს წარმოადგენს.
